9 წლის მარიამი მშობლებმა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვახტანგ ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში 4 წლის წინ შეიყვანეს.
„მე ჭადრაკზე შესვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი ძმა თამაშობდა და მომწონდა. ერთხელ გავყევი მას ჭადრაკზე და მერე მამამ მეც შემიყვანა“, – ამბობს მარიამი.
მარიამმა უკვე რამდენჯერმე გაიმარჯვა. ის 8 წლამდე გოგონათა შორის სწრაფ ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონია. მარიამი წარმატებულია საერთაშორისო ტურნირებზეც.
„მე ვიყავი რუმინეთში, ევროპის ჩემპიონატზე და გავედი მესამე ადგილზე. ალბანეთში კი პირველ ადგილზე გავედი ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე“, – ამბობს მარიამი.
მარიამის მსგავსად, არაფორმალური განათლების მისაღებად ეროვნულ სასახლეში დადის 10 წლის სოფია პაპიაშვილიც. ის მშობლებმა ხატვაზე შეიყვანეს.
„აქ თითქმის ერთი წელია დავდივარ. აქ შემოვედი ისე, რომ მხოლოდ ერთი ნახატი მქონდა. დედაჩემმა რომ შეამჩნია, კარგად ვხატავდი, აქ შემომიყვანა“, – ამბობს სოფია.
გაკვეთილების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, სოფიას ეროვნულ სასახლეში სიარული დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
„აქ რომ დავდივარ, ხანდახან ვხატავ, უფრო თექისა და ნაჭრებისგან მიყვარს თოჯინების გაკეთება. თექის თოჯინას გასაკეთებლად მჭირდება ღრუბელი და ნემსი. ჯერ თექას ვაქვავებ და მერე ერთმანეთს ვაწებებ“, – ამბობს სოფია.
ეროვნული სასახლის მიზანი მრავალფეროვანი გაკვეთილებით ბავშვებისთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნაა. ამ მიზანს ემსახურება მსახიობ რუსუდან ბოლქვაძის საბავშვო თეატრიც.
რუსუდან ბოლქვაძე ამბობს, რომ გაკვეთილები მოსწავლეებს ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება, რომლებიც მომავალში მოსწავლეებს ნებისმიერ დარგში გამოადგებათ.
რუსუდან ბოლქვაძე ბავშვებს ავარჯიშებს საჯარო გამოსვლაში, ყურადღების გამახვილებაში, წარმოსახვის დახვეწასა და სწორ მეტყველებაში, ასწავლის გუნდურ მუშაობას.
საბავშვო თეატრის მიზანია, ეროვნული სასახლის სხვადასხვა მიმართულების მოსწავლეები საერთო პროექტში ჩართოს.
„სასახლეში ბევრი სხვადასხვა მიმართულების ჯგუფია და ბავშვები სხვადასხვა მხრივ იღებენ აქ ცოდნას. აი, ამ ჯგუფების გაერთიანება შეიძლება. რადგან თეატრში ამის რესურსი არსებობს. მე ასეთი იდეა მაქვს: მინდა, რომ დავდგათ სპექტაკლი, რომელშიც არა მხოლოდ ჩემი თეატრის მიმართულების ბავშვები იქნებიან ჩართული, როგორც მსახიობები, არამედ ყველა მიმართულებისა და სხვადასხვა შესაძლებლობის ბავშვი რაღაცას გააკეთებს ამ სპექტაკლისთვის“, – ამბობს მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე.
არაფორმალური განათლება ისაა, როდესაც მას ბავშვი ფორმალური ანუ სასკოლო განათლების მიღმა იღებს. განათლების სპეციალისტის, რევაზ აფხაზავას თქმით, ასეთი სახის განათლება ბავშვის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„არაფორმალური განათლება გვაძლევს საშუალებას, რომ მოსწავლის ინტერესებისა და მათი არჩევანის მიხედვით ვიხელმძღვანელოთ, იქნება ეს საკლუბო, საწრეო, შიდა სასკოლო თუ სპორტული მიმართულება. ეს არის განათლების უმნიშვნელოვანესი და განუყოფელი ნაწილი, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც სასკოლო განათლების ხარისხი ძალიან დაბალია. არაფორმალური განათლება მიიჩნევა მის შესავსებად. ეს მოსწავლეებისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია. ამისთვის აუცილებელია, რომ მხარდამჭერი ღონისძიებები არსებობდეს, რომ ის ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი“, – ამბობს რევაზ აფხაზავა.
რევაზ აფხაზავას აზრით, საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი არაფორმალური განათლების მიღება. ბევრს შესაბამისი თანხა არ აქვს, რეგიონებში კი არაფორმალური განათლების ნაკლებობაა.
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიზანი კი რაც შეიძლება მეტი ბავშვისთვის მრავალი საინტერესო მიმართულების შეთავაზებაა, რათა მათ ადრეულ ასაკშივე შეძლონ თავიანთი თავის სხვადასხვა გზით გამოცდა და ცოდნის გაღრმავება.
თორნიკე კოპლატაძე