მთავარიგადაცემებიFocusგაფართოებული რეალობა, ხელოვნური ინტელექტი და რობოტები - ასეთია პოლონეთის „სილიკონის ტყე“

გაფართოებული რეალობა, ხელოვნური ინტელექტი და რობოტები – ასეთია პოლონეთის „სილიკონის ტყე“

პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით პოდლასკის ტყით დაფარულ რეგიონში ტექნოლოგიისა და ინოვაციის განვითარებისთვის შესაფერისი გარემო ჩამოყალიბდა. „ევრონიუსი“ ესაუბრა ამ ტექნოლოგიურ ჰაბში შექმნილ კომპანიებსა და იქ დასაქმებულ ახალგაზრდებს.

პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პოდლასკის  რეგიონი განთქმულია ულამაზესი ბუნებითა და ხშირი ტყეებით.  თუმცა ეს რეგიონი  ახლა სულ სხვა ტიპის ტყით აპირებს სახელის განთქმას.

პოდლასკიში სურთ, რომ შექმნან ერთგვარი „სილიკონის ტყე“, რომელშიც ტექნოლოგია გაიფურჩქნება და საინფორმაციო ტექნოლოგიის პეიზაჟები მოგხიბლავთ. ეს ეკოსისტემა უკვე ვითარდება და საინფორმაციო   ტექნოლოგიების სფეროში ასაქმებს 10 000-ზე მეტ ადამიანს, რომელთა შორისაც  4 000 პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტია.

ეს გაფართოებული რეალობის უმაღლესი ტექნოლოგია სამეცნიერო ლაბორატორიებს სწრაფ განვითარებაში უწყობს ხელს,  რადგან თავიდან აშორებს ხელით შესასრულებელ სამუშაოს, რომელზეც დიდი დრო იხარჯება.

“ახალი მედიკამენტების შექმნას 10-15 წელი სჭირდება. ეს აპარატი კი ამ დროს 1-იდან 3 წლამდე ამცირებს“, – ამბობს მაცეი ფალკოვსკი, Holo4Labs-ის პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი. „მე, როგორც მეცნიერს, შემიძლია მთლიანად სამუშაოზე გადავიტანო ყურადღება, რადგან ყველაფერს, რაც მჭირდება, ერთბაშად ვხედავ და ხმის ნავიგატორით ვასრულებინებ ბრძანებებს, ხელები კი ამ დროს თავისუფალი მაქვს და ვმუშაობ.”

ლაბორატორია Holo4Labs-ი საერთაშორისო კომპანია TenderHut Group-ის ნაწილია, რომელიც პოდლასკიშია დაფუძნებული.

“თუ მომავალზე ვსაუბრობთ და იმაზე,  კიდევ  რისი გაკეთება გვინდა აქ, გეტყვით,  რომ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს უნივერსიტეტებთან. ვცდილობთ, ახალი სპეციალისტები გამოვზარდოთ, რომ, რამდენადაც შეგვიძლია, საუკეთესო თანამშრომლები გვყავდეს, აქ განვითარების დიდ პოტენციალს ვხედავ,“ – განმარტავს რობერტ სტშელეცკი, კომპანია  TenderHut Group S.A.-ის ხელმძღვანელი.

ბელოსტოკის სამედიცინო უნივერსიტეტში, რომელიც რეგიონის დედაქალაქად ითვლება, ტექნოლოგია კვლევის ხერხემალია. აქ აქცენტს ხელოვნურ ინტელექტზე აკეთებენ, იმაზე, თუ როგორ დაეხმარება ეს ტექნოლოგია პერსონალური მკურნალობის მეთოდებს.

“უნივერსიტეტებს შორის, ასევე აკადემიურ და ბიზნესს სექტორებს შორის თანამშრომლობისთვის საუკეთესო გარემოა, რაც გვეხმარება, შევქმნათ ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც უშუალოდ პაციენტს გამოადგება,“ – ამბობს დოქტორი ლუკაშ შჩერბინსკიბელოსტოკის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური კვლევითი ცენტრის ასოცირებული პროფესორი. „კიდევ ერთი რამ, რაშიც ძალიან გაგვიმართლა, არის ის, რომ გვყავს ძალიან დიდი გამოცდილების მქონე პარტნიორები, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან და გერმანიიდან.“

ახალგაზრდა ტალანტების აღზრდა და შენარჩუნება

ფოტონი  ინტერაქტიური რობოტია, რომელიც ხედავს, ესმის და გრძნობს შეხებას. ეს პოდლასკის კურსდამთავრებულების შემოქმედებაა, რომელიც ეხმარება  სკოლის მოსწავლეებს, ტექნოლოგიას ეზიარონ.

მიხალ გრჟეში, კომპანია  Photon Education-ის ხელმძღვანელი:

“რობოტები პედაგოგებს ეხმარებიან, სხვადასხვა ტიპის გაკვეთილი ჩაატარონ. ჩვენ მათ ვაძლევთ რობოტებს, მასალასა და აპლიკაციებს, ეს ყველაფერი ერთად კი ეხმარება მასწავლებლებს, ჩაატარონ გაკვეთილი სოციალიზაციის, ხელოვნური ინტელექტის, რობოტექნოლოგიის, კოდირების საკითხებში და ასე შემდეგ.  მაგალითად, იმუშაონ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან.“

პოდლასკიში დაფუძნებულ კომპანია Photon-ში ამბობენ, რომ მისი 60 ათასი რობოტი  მუშაობს უკვე ევროპისა და ამერიკის სკოლებში. ეს დამწყები ბიზნესი, მართალია, იზრდება, მაგრამ საკუთარ ფესვებზე უარის თქმას არ აპირებს.

„მე ვფიქრობ, რომ ეს რეგიონი ძალიან ვითარდება, რადგან ახალი კომპანიები და ტექნოლოგიები შემოდიან აქ და, ჩემი აზრით, ძალიან ხელსაყრელია, რომ ერთად შეგვიძლია განვითარება.  სამომავლოდ, რა თქმა უნდა, უფრო გავფართოვდებით გლობალურ და საერთაშორისო დონეზე, მაგრამ კომპანიის ძირითადი ნაწილი მაინც აქ დარჩება,“ – განმარტავს  კომპანია  Photon Education-ის ხელმძღვანელი.

Photon-ში  დასაქმებული ტექნიკური და შემოქმედებითი პერსონალი ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ამ უნივერსიტეტში ქმნიან პირობებს, რომ ახალგაზრდებმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყონ და რეგიონი არ მიატოვონ.

“ჩვენ  მეწარმეებს ვზრდით,“ – ამბობს  პროფ. მარტა კოსიორკაზბერუკიბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორი. „ჯერ კიდევ სტუდენტების შერჩევის პროცესში მომავალ კანდიდატებს ვაჩვენებთ, თუ რა შესაძლებლობებია საინჟინრო კარიერის განვითარების კუთხით ჩვენს რეგიონში. სწავლის პერიოდში ვთანამშრომლობთ საწარმოებთან, ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ვაწყობთ სტაჟირებებს, ლექციებს, სასწავლო ვიზიტებსა და პრაქტიკულ კურსებს.“

პოდლასკიში ყოველ წელს უნივერსიტეტს დაახლოებით 9 000 სტუდენტი ამთავრებს. ახალგაზრდა, გაწაფული მუშახელი ამ რეგიონში ცდილობს ინოვაციისა და ინვესტიციის გზით იაროს.

მარიუშ დომბროვსკიპოდლასკის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი:

“ჩვენ უამრავი სასწავლო ვიზიტი გვქონდა უცხოეთში. ვიყავით სილიკონ ველიში, ისრაელსა და მრავალ ევროპულ ქვეყანაში. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვამზადოთ, მაგრამ მაინც მგონია, რომ მეტია საჭირო. აი, ეს არის მთავარი გამოწვევა, ჩემი აზრით, და არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ მთელ ევროკავშირში.“

პროდიუსერი: დამონ ემბლინგი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend