მთავარისაქართველოსიმღერა გამვლელებისთვის

სიმღერა გამვლელებისთვის

თბილისის ქუჩებში ხშირად გვესმის სხვადასხვა ჟანრის მუსიკა, რომელსაც ქუჩის მუსიკოსები ასრულებენ. მუსიკოსი დავით ვაშაყმაძე ბრიტანული როკ-ჯგუფის ქუინის Don’t stop me now-ს მღერის. აკომპანემენტს კი მუსიკოსი რობერტ ლომია უწევს, რომელთან ერთადაც დაახლოებით 3 წელია, რაც ქუჩაში მღერის. ისინი ამბობენ, რომ ქუჩის მუსიკოსებისთვის ბევრი გამოწვევა არსებობს, მაგალითად, ბევრგან არ არის ელექტროენერგია, რომ ინსტრუმენტების მიერთება შეძლონ. ასევე მუსიკოსებისთვის არ არის გამოყოფილი კონკრეტული ადგილი და დრო ქალაქში, რის გამოც ხშირად კამათობენ.

„ასაკი ძალიან ბევრს ნიშნავს მუსიკაში, გვჭირდებოდა ძალიან ბევრი მუშაობა საკუთარ თავზე და განვითარება მუსიკალურად, რაღაც დროის შემდეგ დაახლოებით 2- 3 წლის შემდეგ თბილისში რომ ჩამოვედით, დღევანდელ დღეზე მაქვს საუბარი, რომ დავდექით, ხალხს ჩვენი პერფორმანსი ბევრად მოეწონა და გავარდა ყველგან ჩვენი ვიდეოები და გავრცელდა. ხალხს მოსწონს ქუჩის მუსიკა, რა თქმა უნდა, ქუჩიდან იწყება, ანუ ყველა უძლიერესმა მომღერალმა ქუჩიდან დაიწყო, თუმცა ხალხის კომენტარი, რომ მოვისმინეთ, ყველას ძალიან უნდა ჩვენი ხილვა დიდ სცენაზე“, – ამბობს მუსიკოსი დავით ვაშაყმაძე.

„კონსერვატორიაში ვსწავლობ ამ ეტაპზე და დაკავებული ვარ პროფესიული მუსიკით, მაგრამ ქუჩაში გამოსვლა ყოველთვის იყო, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ საერთოდ სხვანაირი სცენაა, სხვანაირი პუბლიკაა და მეხმარება, რომ აკადემიურ სივრცეში უფრო თავდაჯერებული ვიყო და უფრო მეტი სათქმელიც შევიდეს სცენაზე, იმ დროსაც, როდესაც კლასიკურ მუსიკას ვასრულებ. ადრე, როდესაც ქუჩაში გამოვდიოდით, ეს მაინც უფრო ჰგავდა ენთუზიაზმით გაკეთებულ რაღაცას, აი ცხოვრებაში, რომ მიაგნებ რაღაც ახალ ოთახს და ძალიან დიდი სიხარულით რომ შედიხარ იმიტომ, რომ იქ ძალიან ბევრი რამე დაგხვდება, ეგეთი იყო ქუჩაც, მე ვფიქრობ ყველა მუსიკოსისთვის ახლა ეს არის ჩვენთვის უბრალოდ ეტაპი ცხოვრებაში, რომელიც ძალიან გვჭირდება ახალი მუსიკოსების გასაცნობად, ვინც დაგვეხმარება, რა თქმა უნდა და შევქმნით ბენდს და დავიწყებთ ჩვენი საკუთარი მუსიკის კეთებას“, – გვიყვება მუსიკოსი რობერტ ლომია.

ილია ჭაბაშვილმა ქუჩაში დაკვრა 6 წლის წინ დაიწყო. ის ამბობს, რომ უნივერსიტეტში სხვადასხვა მიმართულებით სცადა სწავლა, თუმცა ბოლოს მუსიკაში იპოვა საკუთარი თავი. ილია ფიქრობს, რომ ქალაქში უნდა შეიქმნას ისეთი სივრცეები, სადაც იქნება პატარა სცენა ქუჩის მუსიკოსისთვის, ხოლო მსმენელისთვის შესაძლებლობა, რომ ჩამოჯდეს მცირე ხნით.

„დღეს ახალგაზრდობა იმასთან შედარებით გაიზარდა მაშინ, როცა ბავშვები იყვნენ, ის ადამიანები მიეჩვივნენ, რომ ჩვენ, ქუჩის მუსიკოსები რაღაც საქმეს ვაკეთებთ ამ ქალაქის ხასიათში ცვლილებისთვის. შესაბამისად, უკვე დამოკიდებულება შეიცვალა, როგორც მუსიკოსს ისე გიყურებენ და ბევრ ცნობილ ადამიანსაც ჩაუვლია, ჩემ თვალწინ გაჩერებულა და მოუსმენია და მადლობა გადაუხდია იმისთვის, რომ ვარ ქუჩის მუსიკოსი. გაცილებით ბევრი შემოთავაზება არის დღეს ქუჩის მუსიკოსისთვის, რომ დაუკრას ან იმღეროს რაღაც სივრცეში, დავუშვათ ეს იქნება კაფე, ბარი და ა.შ ვიდრე ადრე იყო, ადრე უფრო სხვანაირად უყურებდნენ, თითქოს დაყოფილი იყო იმ ადამიანების კატეგორია, რომლებიც ბარებში მღერიან და რომლებიც ქუჩაში მღერიან, დღეს თითქოს ეს საზღვრები წაშლილია და შესაძლებლობა გაქვს ადამიანს, რომ უფრო სხვადასხვა სივრცეს მოერგო“, – ამბობს ილია ჭაბაშვილი, მუსიკოსი.

ქუჩის მუსიკოსებისთვის ადგილების განაწილების პრობლემაზე საუბრობენ მარიამი და ალექსანდრეც. ისინი დუეტში ხალხისთვის ცნობილ ჰიტებს ასრულებენ და ამბობენ, რომ იქ სადაც ისინი მღერიან ხოლმე, სხვა მუსიკოსებიც უკრავენ, ამიტომ უწევთ, ერთმანეთს შეუთანხმონ დრო.

„ძალიან კარგი საალბომო სიმღერები ჩავწერეთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არ იყო დაინტერესება საავტორო მუსიკაში, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გარეთ გვემღერა, როგორც ქუჩის მუსიკოსებს და დაახლოებით 2 წელია, რაც გარეთ გამოვედით და სისტემატურად ყოველ საღამოს ვმღერით ქუჩაში, რა თქმა უნდა, ეს არ არის ადვილი, ეს არის ძალიან ძნელი. ბევრი სიმღერა დავამუშავეთ, ცნობილი ჰიტები, რაც ხალხს მოსწონს, რაც ხალხმა იცის“,- ამბობს, მარიამ სარიშვილი მუსიკოსი.

„ხალხს მუსიკა მოსწონს, ჩვენც მოგვწონს იმიტომ, რომ ფაქტობრივად არის ჩვენი შემოსავლის წყარო, გვიყვარს ეს საქმე ძალიან, მოვდივართ და ვუკრავთ ფაქტობრივად ყოველდღე. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან არის დაფასებული ქუჩის მუსიკა საქართველოში იმიტომ, რომ დღითიდღე იმატებს ქუჩის მუსიკა, ხალხი იძულებულია გამოვიდეს ქუჩაში და დაუკრას, რომ პატარა ელემენტარული შემოსავლის წყარო ჰქონდეს“, – ამბობს მუსიკოსი ალექსანდრე ტერ-დავითიანი.

ოთო კაკულია 9 წელია, რაც ქუჩებში უკრავს. იგი სხვა მუსიკოსების მსგავსად საუბრობს იმაზე, რომ შემსრულებლები ისეთ ადგილებს ეძებენ მუდამ, სადაც სტაბილური შემოსავალი ექნებათ. ის ამბობს, რომ შემსრულებლების რაოდენობა გაიზარდა, რის გამოც ხშირია კონკრეტული ადგილის დამკვიდრებისთვის დავა. ის მიიჩნევს, რომ მუსიკოსებისთვის გამოყოფილი უნდა იყოს კონკრეტული ადგილი და დრო შესრულებისთვის.

„თავიდან ჩავაბარე ფსიქოლოგიაზე და 3 წელი ვსწავლობდი. მაინც ავდექი და გადავწყვიტე ქუჩის მუსიკოსობა იმიტომ, რომ ჩემთვის არის მუსიკა, ხელოვნება და სიმღერა ყველაზე დიდი გამოწვევა ცხოვრებაში, რაც გულს მიჩქარებს და რაც შემიძლია ცხოვრების ბოლომდე დაუზარებლად ვაკეთო, 9 წლის წინ, როცა პირველად გამოვედი, არ უკრავდა ქუჩაში იმდენი ადამიანი, რამდენიც დღეს, მაშინ ცოტა უფრო ეუცხოებოდათ, უფრო მეტად მოსწონდათ და ახლა თითქოს ყოველდღიურობაში გადაიზარდა, თითქოს გაუფერულდა და ყოველდღიურ ცხოვრების რიტმად იქცა“, – გვიყვება ოთო კაკულია, მუსიკოსი.

და მაინც, რატომ უჩნდებათ ახალგაზრდებს სურვილი გამვლელებისთვის იმღერონ ან დაუკრან? ქუჩის მუსიკოსების თქმით, მათთვის ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ განვითარდნენ. ხალხმა მოისმინოს მათი შემოქმედება და იქნებ ერთ დღესაც, ამ პატარა სცენიდან, დიდ სცენაზე გადაინაცვლონ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend