მთავარისაქართველოევროკომისიის ანგარიშამდე ერთი კვირა რჩება‌

ევროკომისიის ანგარიშამდე ერთი კვირა რჩება‌

სანამ საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ევროპული ქვეყნების ლიდერები საბოლოოდ გადაწყვეტენ, მანამ ცნობილი გახდება ევროკომისიის შეფასება. ტექნიკურად სწორედ ამ შეფასებას დაეყრდნობიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი პირები გადაწყვეტილების მიღებისას. თუმცა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ფიქრობენ, რომ ახლა საქართველოს ევროპულ ბედს სხვა ფაქტორებიც განსაზღვრავს. მაგალითად, გეოპოლიტიკური ვითარება და ქართველი ხალხის ურყევი ნება, ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს.

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ 12 რეკომენდაციიდან ყველა მოთხოვნა ფაქტობრივად შესრულებულია. „ქართული ოცნების” წევრების თქმით, ამ გზაზე დამაბრკოლებელი შეიძლება ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებები და საქმიანობა გახდეს.

„წელიწადზე მეტია, ოპოზიციისა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიმართულ დაუღალავ ძალისხმევასა და კამპანიას ვხედავთ, მათ შორის ლობისტური საქმიანობით მიმხრობილი უცხოელი აქტორების მონაწილეობით. ეს ყველაფერი კულმინაციას უახლოვდება. ოპოზიციის მიერ დაგებულ მახეებში, როგორც მოსალოდნელი იყო, თავად ოპოზიცია გაიხლართა და ახლა ზოგიერთები ამაოდ ცდილობენ საზოგადოების თვალში სახის შენარჩუნებას, თუმცა არა შეცდომების აღიარებით, არამედ ერთმანეთის მიმართ ბრალდებების კორიანტელით. ბრალი საქართველოს წინაშე ყველას ერთიანად მიგიძღვით, ვინც კანდიდატის სტატუსი ბრძოლის იარაღად აქციეთ, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეთ და ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლურ კამპანიებში იღებთ მონაწილეობას. იქნებ მიხვდეთ, რომ ბრიუსელში და ვაშინგტონში შეიძლება კიდევ ვინმე შეიყვანოთ შეცდომაში, თქვენი დაქირავებული მხარდამჭერების მეშვეობით, მაგრამ ამ ყველაფრის შემყურე ქართველ ხალხს ვერ მოატყუებთ. მჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევა ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანს ჩვენს ქვეყანას, ქართველ ხალხსა და მის არჩეულ ხელისუფლებასაც. ხალხის სახელით მოვაჭრე ოპოზიციას კი, ისევ ქართველი ხალხი გაგცემთ საკადრის პასუხს ყველა იმ მავნებლობისთვის, რასაც ქვეყნის წინაშე სჩადიხართ”, – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.

გეოპოლიტიკის მოცემული ვითარებიდან გამომდინარე, პოზიტიური მოლოდინები აქვთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. თუმცა მმართველი პარტიის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ თუ ევროკავშირი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს რეკომენდაციების შესრულებასა და დამსახურებაზე დაფუძნებული არ იქნება. მათივე განცხადებით, ქვეყნის შიდა და საგარეო პროცესებზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და პროპაგანდის მიუხედავად ოპოზიციაზე ან სხვა აქტორებზე რაიმეს გადაბრალება მმართველ პარტიას არ გამოუვა.

„ვეთანხმები პრეზიდენტს, რომ ვინმეს თუ გაუხარდება, არ მივიღოთ სტატუსი, ეს იქნება რუსეთი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი „ქართული ოცნების” ძალიან მძიმე მოცემულობისა და არსებობის მიუხედავად, ეს ყველამ იცის, დამალული არ არის, ამაზე შეფასებები გაკეთებულია და კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში ჩვენ გვექნება ძალიან სწორხაზოვანი რეკომენდაციები, გამიჯვნა ხალხისა და ხელისუფლების”, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.

პროცესის კულმინაციური თარიღად 8 ნოემბერი დასახელდა, როდესაც ევროკომისია საქართველოსა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიმართ ამ ეტაპისთვის საბოლოო შეფასებას წარადგენს ანგარიშის სახით. სწორედ ამ შედეგებზე გათვლით უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერმა. მათ შორის საკითხზე – მიანიჭებენ თუ არა საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსს. ქვეყნის შეფასების დეტალების წარდგენამდე ერთი კვირა რჩება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend