საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CBS-ს მისცა ინტერვიუ და განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრებაზე უარი რუსეთისთვის დიდი გამარჯვება იქნება… მისი თქმით, პუტინმა საქართველოში „ჩუმი შემოჭრა“ დაიწყო, რათა რუსული გავლენები გააფართოოს და ძალიან გამაღიზიანებელია, როცა შენს ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს და რომელსაც სჯერა, რომ საკუთარ სახლში არიან.
„რუსები საქართველოში ისე იქცევიან, რომ თავს სახლში გრძნობენ და ამისი სჯერათ კიდეც. ამიტომ უნდა შენარჩუნდეს ზღვარი, რადგან მომავალში არ იყოს ისეთი ინციდენტები, რომლებიც რუსეთს საშუალებას მისცემს, გამოიყენოს საყვარელი დოქტრინა რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის შესახებ. კითხვაზე, რატომ არ ამბობს საქართველო უარს რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოშვებაზე, სალომე ზურაბიშვილი განაცხადა, რომ ეს კითხვა ხელისუფლებას მიემართება და მას არ აქვს აღმასრულებელი ძალა, მისივე თქმით, “სამწუხაროდ.”
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე უპასუხა CBS-ის კითხვას, არის თუ არა დაინტერესებული საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირში გაწევრებით. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს ის კითხვაა, რომელსაც მთელი მოსახლეობა სვამს, მართლა სურს პრემიერ-მინისტრს ევროკავშირში გაწევრება თუ ეს მხოლოდ სიტყვებია.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე ისაუბრა და განაცხადა: „უკვე 5 წელია პრეზიდენტი ვარ და ამ დროის განმავლობაში მე ვერ შევძელი საპრეზიდენტო დონის შეხვედრები, იქნებოდა ეს აშშ-ის პრეზიდენტთან თუ ვიცეპრეზიდენტთან… სატელეფონო საუბარიც კი. მესმის, რომ არსებობს უფრო მწვავე გამოწვევები, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეტი საჯარო აღიარებაა საჭირო. აღიარება იმისა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ვიცი, რომ ეს ის რიტორიკაა, რომელსაც აშშ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან იყენებს, თუმცა ამის გამეორება უმაღლეს დონეზე საქართველოს მოსახლეობისათვის ძალიან მრავლისმეტყველი და მნიშვნელოვანი იქნება”.