გერმანელი კინორეჟისორი ვიმ ვენდერსი ძმები ლუმიერების რიგით მეთხუთმეტე კინოფესტივალის მთავარი პრიზით დაჯილდოვდა საფრანგეთის ქალაქ ლიონში. ამ უნიკალურ პრიზს კინემატოგრაფის კორიფეებს ანიჭებენ.
კლინტ ისტვუდის, კენ ლოუჩის, კვენტინ ტარანტინოს, მარტინ სკორსეზეს, ჯეინ ფონდას, ტიმ ბარტონისა და სხვათა მსგავსად, ეს საპატიო ჯილდო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის წელს გადაეცა რეჟისორს, რომელსაც ეკუთვნის ფილმები: „ცა ბერლინის თავზე“, „პარიზი, ტეხასი“ და „ბუენა ვისტას კლუბი.“
ვიმ ვენდერსის შემოქმედება მოიცავს როგორც მხატვრულ, ისე დოკუმენტურ ფილმებს. ეს კინორეჟისორი, რომელიც ფოტოგრაფიც არის, ყოველთვის ფიქრობდა გამოსახულების მნიშვნელობაზე. მისთვის ლუმიერების პრიზი ყველაზე მაღალი ჯილდოა.
“თვით სიტყვა ლუმიერია სიმბოლო. მან დაუდო კინოს დასაბამი“, – უთხრა ვიმ ვენდერსმა „ევრონიუსს.“ „ლუმიერი განასახიერებს იმ ცხოვრების არსს, რომლის სიმბოლოც არის ეს პრიზი და იგი ყველაზე მეტად მახარებს, ვიდრე რომელიმე სხვა ჯილდო, რაც კი ოდესმე მიმიღია.“
დოკუმენტური ფილმის „პინას“ გადაღების შემდეგ, რომელიც გამოჩენილ გერმანელ მოცეკვავეს პინა ბაუშს მიუძღვნა, ვენდერსმა ახლა ანსელმ კიფერს, ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ თანამედროვე გერმანელ ხელოვანს მიაგო პატივი დოკუმენტური ფილმით „ანსელმი“. ეს ფილმი ეკრანებზე შემოდგომაზე გამოვა. ვენდერსი ის რეჟისორია, რომლის ხელოვნებაც საზღვრებს არ ცნობს.
“მე არასოდეს მიმაჩნდა კინო ეროვნულ საკითხად. ამას პარიზში მივხვდი, მსურდა მხატვარი გამოვსულიყავი და უეცრად აღმოვაჩინე კინო, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა,“ – ამბობს ვიმ ვენდერსი. „მე ღრმად მწამს ევროპელობის. ცხოვრებაში ყველაზე მეტად სწორედ იმ ევროპის იდეამ მომხიბლა, რომელშიც ყოველთვის იქნება მშვიდობა და ომი აღარ განმეორდება, რომელშიც ნაციონალიზმი უკან დარჩა… ჩვენ ვნახეთ, სადამდე მიგვიყვანა მან, ამიტომ ძალიან დიდი უბედურებაა ამის დავიწყება.“
კლასიკური საკულტო ფილმების განახლება
ვიმ ვენდერსი ტერიტორიულ საზღვრებსაც არ ცნობს. მან ახლახან იაპონიაში გადაიღო ფილმი „მშვენიერი დღეები“, რომელმაც კანის ფესტივალის ეკუმენური ჟიურის პრიზი მიიღო. ფილმი ევროპის კინოეკრანებზე წლის ბოლომდე გამოვა.
ლუმიერების კინოფესტივალზე არც რესტროსპექტივას ივიწყებენ. წელს ფესტივალს უამრავი საპატიო სტუმარი დაესწრო, მათ შორის უეს ანდერსონი , მარისა პარედესი და ტერი გილიამი – რომელიც „მონტი პაითონის“ კომედიური დასის ყოფილი წევრი და ფილმების – „ბრაზილიისა“ და „12 მაიმუნის“ – რეჟისორია. ეს უკანასკნელი 4K რეზოლუციის ფორმატში განაახლეს და ლუმიერების კინოფესტივალზე წარადგინეს.
“აქ კინოს სათავეებთან ვდგავარ, აი, ეს იწვევს ჩემს აღტაცებას,“ – უთხრა ტერი გილიამმა „ევრონიუსს“. „ ჩვენ არ წავსულვართ ბევრად წინ, ვიდრე ძმები ლუმიერები. ისინი თავიდანვე ბრწყინვალედ იღებდნენ. მინდა, ჩემი ყველა ფილმი განვაახლო და, გარკვეულწილად, ეს უკვე გააკეთეს. „12 მაიმუნის“ ეს ახალი ვერსია საფრანგეთში გამოვა. ამიტომ ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, მასზე ყურადღება გამემახვილებინა, რადგან ეს ის ფილმია, რომელიც ძალიან მეამაყება.“
„12 მაიმუნის“ ეკრანული ვერსია ლუმიერების ფესტივალზე შექმნეს – რითაც საშუალება მისცეს საზოგადოებას, რომ საკულტო ფილმებს დიდ ეკრანზე უყურონ და არა სმარტფონებსა და პლანშეტებში.
ლიონის „ლუმიერების კინოფესტივალმა“ უკვე დაიმკვიდრა ევროპის აუცილებლად სანახავი ფესტივალის სახელი. ეს გამორჩეული და პოპულარული ფესტივალი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს კინოს ისტორიას თავისი დიდებული კლასიკით და ფილმების ბაზარს, რესტავრაციის კორიფეებსა და ისტორიულ მემკვიდრეობას – არ ივიწყებს არც თანამედროვე დიდებულ ფილმებს. აქ პრესტიჟული კანისა და ვენეციის კინოფესტივალებზე წარდგენილი ფილმების წინასწარი ჩვენებაც იმართება. და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ლიონის კინოდარბაზებში გადის, სადაც ხშირად საპატიო სტუმრებიც მოდიან.
ავტორი: ფრედერიკ პონსარდი