მთავარიმსოფლიობირთვული იარაღის საფრთხე

ბირთვული იარაღის საფრთხე

მსოფლიო ახალ ბირთვულ ეპოქაში შედის. ექსპერტების შეფასებით, ბირთვული რიტორიკა ასე ხშირი კარიბის ზღვის კრიზისის შემდეგ არ ყოფილა. ამერიკის კონგრესში მოხსენება წაიკითხეს, ამერიკის შეერთებული შტატები ბირთვული იარაღის მოდერნიზაციას აუცილებლობად მიიჩნევს, რუსეთი კი გეგმავს, დატოვოს ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის ხელშეკრულება.

რა არის ბირთვული იარაღი. ესაა ფეთქებადი მოწყობილობა, რომელშიც ენერგიის წყარო ბირთვული რეაქციაა. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მძიმე ელემენტის ბირთვის გახლეჩის შედეგად წარმოიქმნება დიდი ენერგია, რომელსაც მასობრივი დაზიანების ეფექტი აქვს.

ბირთვული იარაღის დამაზიანებელი ფაქტორია ფიზიკური პროცესები, რომლებიც წარმოიქმნება ბირთვული აფეთქების დროს და განსაზღვრავს მის დამაზიანებელ მოქმედებას.

ბირთვული იარაღის ძირითად დამაზიანებელ ფაქტორებს განეკუთვნება:

დარტყმითი ტალღა
გარემოში გავრცელების მიხედვით, განასხვავებენ დამრტყმელ ტალღებს ჰაერში, წყალსა და გრუნტში.
ბირთვული აფეთქების დამრტყმელი ტალღის ძირითადი პარამეტრებია მაქსიმალური ჭარბი წნევა და მისი მოქმედების ხანგრძლივობა. დამრტყმელი ტალღა, რომელსაც ენერგიის დიდი მარაგი აქვს, აზიანებს ადამიანებს, ანგრევს ნაგებობებსა და აზიანებს სამხედრო ტექნიკას ეპიცენტრიდან დიდ მანძილზეც კი. დაცვის ძირითადი საშუალებაა სანგრები და თავშესაფრები.

სითბური გამოსხივება
ის წარმოადგენს გარემოს აირებისა და ორთქლის მაღალ ტემპერატურაზე გახურებულ, აგრეთვე ბირთვული მასალების ქიმიური რეაქციებისა და მათი აორთქლების შედეგად მიღებულ პლაზმურ წარმონაქმნს. ახასიათებს დიდი ნათება და მაღალი ტემპერატურა.
გამოსხივებას დამაზიანებელი გავლენა აქვს ცოცხალ ძალაზე (იგულისხმება კანის, მხედველობის ორგანოების დამწვრობა), წვავს სამხედრო ტექნიკას, შენობებს, მცენარეულ საფარს და სხვა.

გამჭოლი რადიაცია
ახასიათებს მყისიერი ეფექტი და გამოირჩევა დიდი დოზით დასხივებით. გამჭოლი რადიაციისგან დაცვის საშუალებებია: ფორტიფიკაციული ნაგებობები, ჯავშანტექნიკა და სხვა.

რადიოაქტიური დაბინძურება
როდესაც რადიაქტიური ნივთიერებები იფანტება გარემოში, მტვერი ვრცელდება ქარისა და ღრუბლების მოძრაობასთან ერთად. გამჭოლი რადიაციისგან განსხვავებით, მას აქვს გრძელვადიანი მოქმედების ეფექტი.

ელექტრომაგნიტური იმპულსი
ესაა ძლიერი ელექტრომაგნიტური ტალღების გატყორცნა, რომელსაც მწყობრიდან გამოჰყავს ელექტრომოწყობილობები.
ბირთვული იარაღის დამაზიანებელ ფაქტორებს შორის დიდი რაოდენობის ენერგიის განაწილება ძირითადად დამოკიდებულია ბირთვული აფეთქების სახეობაზე, სიმძლავრესა და ბირთვული მუხტის ტიპზე. დამაზიანებელი ფაქტორების ერთდროული მოქმედება იწვევს ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კომბინირებულ დაზიანებას.

ბირთვული აფეთქების სახეებია:

საჰაერო – ფეთქდება სიმაღლეზე, არა უმეტეს 10 კმ-ისა, როდესაც მანათობელი სფერო არ ეხება მიწის (წყლის) ზედაპირს.

მაღლივი – დედამიწის ტროპოსფეროს საზღვრის ზევით 10 კმ-ზე მეტ სიმაღლეზე;

სახმელეთო – დედამიწის ზედაპირზე, ან ისეთ სიმაღლეზე, როდესაც მანათობელი სფერო ეხება დედამიწის ზედაპირს;

მიწისქვეშა -დედამიწის სიღრმეში გრუნტის ამოხეთქვით ან მის გარეშე;

წყალქვეშა – წყლის დონეზე დაბლა.

ბირთვული აფეთქების სახეობის შესაბამისად იცვლება დამაზიანებელი ფაქტორების მოქმედება. მაგალითად, დამრტყმელი ტალღის ჭარბი წნევა სახმელეთო აფეთქების დროს უფრო მეტია, ხოლო მოქმედების რადიუსი ნაკლებია საჰაერო აფეთქებასთან შედარებით; მაღლივი აფეთქება ქმნის ძლიერ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას და ის დიდ მანძილზე ვრცელდება.

იარაღი, რომელიც აშშ-ში რობერტ ოპენჰაიმერის სახელს უკავშირდება, ცივი ომის პირმშოდ შეიძლება დასახელდეს. იარაღი ცივი ომის დროსვე გავრცელდა მსოფლიოში და დღეისთვის მსოფლიოში 9 სახელმწიფო ფლობს ამ იარაღს. განსხვავებულია ამ ქვეყნებში იარაღის ქობინთა რაოდენობაც.

მსოფლიოში ამ იარაღს ფლობენ აშშ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, ისრაელი, პაკისტანი, რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთი კორეა. ყველაზე დიდძალი ბირთვული არსენალი რუსეთს, აშშ-სა და ჩინეთს აქვთ.


ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ფედერაციის მონაცემებით, მსოფლიოში ბირთვული ქობინების რაოდენობამ პიკს 1986 წელს მიაღწია, რადგან 63 000-ზე მეტი ქობინი არსებობდა. ამჟამად ეს რაოდენობა 12 500-ამდეა შემცირებული. შეიარაღების კონტროლის ასოციაციის ბოლო მონაცემებით, რუსეთს სტრატეგიული დანიშნულების ქობინები განთავსებული აქვს 540 სხვადასხვა მატარებელზე, იგულისხმება ინტერკონტინენტური ბალისტიკური სარაკეტო საშუალებები, ატომური წყალქვეშა ხომალდები და მძიმე ბომბდამშენები. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი ბოლო პერიოდში აღარ თანამშრომლობს დასავლეთთან ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით. არ აწვდის დასავლეთს მონაცემებს და სულ რამდენიმე დღის წინ რუსეთის დუმამ ის შეთანხმებაც გააუქმა, რომლის მიხედვითაც, ბირთვული იარაღის გამოცდა იკრძალებოდა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, თუმცა ის სრულად ძალაში არასდროს შესულა. ახლა კი უკრაინაში ომის ფონზე არის საშიშროება, რომ რუსეთი დასავლეთის შანტაჟის მიზნით ბირთვული იარაღის გამოცდებს განაახლებს.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, 2023 წლის დეკლარაციის მიხედვით, ამერიკას 1419 ბირთვული ქობინი – კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები, წყალქვეშა ნავები და მძიმე ბომბდამშენები – განთავსებული აქვს 662 მატარებელზე. გარდა ამისა, დეკლარაციის მიხედვით, ამერიკას აქვს 100 ერთეული ბირთვულ-გრავიტაციული, იგივე წყალბადის ბომბი, რომელიც ნატოს ექვს ბაზაზეა გადანაწილებული ევროპის მასშტაბით. დამატებითი ინფორმაციისთვის მსგავსი თანამედროვე ბომბი მნიშვნელოვნად აღემატება სიძლიერით ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ატომურ ბომბს.

კონგრესში მოხსენების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უნდა მოემზადოს ჩინეთსა და რუსეთთან ბირთვული დაპირისპირებისთვის და რომ ბირთვული შეიარაღების მოდერნიზაცია აუცილებელია.

ექსპერტების შეფასებით, შეერთებული შტატების ამ ნაბიჯს საფუძვლად უდევს რუსეთის დესტრუქციული ქმედებები.

ჩინეთს ბირთვული შეიარაღების გადამტანი საშუალებების მცირე რაოდენობა აქვს – 218, თუმცა შეიარაღების კონტროლის ასოციაციის ინფორმაციით, 1990 წლიდან ჩინეთი ბირთვული იარაღის მოდერნიზებაზე აქტიურად მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ ისრაელი არასდროს არც უარყოფდა და არც ადასტურებდა, რომ აქვს ბირთვული შეიარაღება. მაგრამ როგორც შეიარაღების კონტროლის ასოციაცია იუწყება, ისრაელს 90 ბირთვული ქობინი აქვს.

ჩრდილოეთი კორეა მუდამ იმუქრება, რომ გამოიყენებს ბირთვულ შეიარაღებას. ამ ქვეყანას ბირთვული არსენალიც არაერთხელ შეუმოწმებია. როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ კორეას დაახლოებით 30 ბირთვული ქობინი აქვს. ფლობს ასევე ურანის გამდიდრების ტექნოლოგიას და ამ დანიშნულების სპეციალურ ობიექტს. „შეიარაღების კონტროლის ასოციაციის“ ანგარიშში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ჩრდილოეთ კორეას მსოფლიოსგან დაფარულად მეტი რესურსი და საშუალებაც შესაძლოა ჰქონდეს.

მნიშვნელოვანია ირანის მაგალითიც.
როგორც „შეიარაღების კონტროლის ასოციაციის“ ანგარიშიდან ვიგებთ, ირანს დაწყებული აქვს ბირთვული პროგრამა. თუმცა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო და სხვა ასოციაციები რადიაქტიური საშუალებებს მთელ მსოფლიოში აქტიურად აკონტროლებენ და, შესაბამისად, ირანს ჯერ არ აქვს შესაძლებლობა, რომ შექმნას ბირთვული შეიარაღება. მაგრამ როგორც ექსპერტები საუბრობენ, ირანს შეუძლია პოტენციურად ბინძური ბომბი შექმნას. ბინძური ბომბია თერმობირთვული რეაქციის გარეშე დამზადება ისეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის, რომლის მთავარი საფრთხე რადიაქტიური დაბინძურებაა.

ახლა, როდესაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიაა, ასევე საბრძოლო დაპირისპირებაა ახლო აღმოსავლეთში, ბირთვულ სახელმწიფოებს შორის პოტენციური დაპირისპირების რისკი მაღალია. რამდენად შენარჩუნდება ბირთვული იარაღი დიდი ომის პრევენციის საშუალებად, დრო გვიჩვენებს. ერთი რამ კი ცხადია – მსოფლიო ახალ ბირთვულ ეპოქაში შედის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend