ისრაელსა და “ჰამასს” შორის დაპირისპირება მწვავდება. უკვე 12 დღეა, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებსა და “ჰამასს” შორის კონფლიქტს ორივე მხრიდან დიდი სამოქალაქო მსხვერპლი ჰყავს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ორივე მხარეს 5 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული, ისრაელის 250-მდე მოქალაქე კი “ჰამასის” ტყვეობაშია. ისრაელსა და “ჰამასს” შორის დაპირისპირებას საერთაშორისო მასშტაბითაც მოჰყვა პოლარიზაცია, დემოკრატიული დასავლეთი მხარს ისრაელს უჭერს, რუსეთის ფედერაცია კი ირიბად პალესტინის ინტერესებს იცავს და მათ შორის გაეროში პროპალესტინური რეზოლუციის მიღების მცდელობის გზით, გლობალური სამხრეთი კი ჯერჯერობით ნეიტრალურ პოზიციას იკავებს. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ღაზის სექტორში საავადმყოფოსთან აფეთქებასაც, რომელსაც სულ მცირე 500 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
![](https://euronewsgeorgia.com/wp-content/uploads/2023/10/gaza-1.jpg)
ღაზის სექტორში მდებარე ალ-აჰლის საავადმყოფოს აფეთქების შედეგად 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ამ მოვლენას გამოხმაურება გლობალური მასშტაბით მოჰყვა.
ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი: “ღაზის სექტორში მომხდარმა ყველა შეგვძრა. საავადმყოფო, სადაც ასობით დაშავებული აფარებდა თავს, ჯოჯოხეთად იქცა. საავადმყოფოზე იერიშს არავითარი გამართლება არ აქვს, დასადგენია ყველა დეტალი და პასუხისმგებელი პირები აუცილებლად უნდა დაისაჯონ. ჩვენი ვალია, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა ომის ქარცეცხლისგან დავიცვათ”.
ენტონი ალბანიზი, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი: “”ჰამასის” მიერ მიტანილი იერიშის შედეგად ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ღაზის სექტორში მომხდარიც საშინელებაა, უდანაშაულო ადამიანები არ უნდა იღუპებოდნენ, იქნებიან ისინი ისრაელელები თუ პალესტინელები. ჩვენ ვლოცულობთ დაჭრილებისა და დაღუპულებისათვის. სამოქალაქო პირების დაცვა აუცილებელია და საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო აქტიური როლი უნდა შეასრულოს”.
განცხადება გააკეთა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმაც.
I am horrified by the killing of hundreds of Palestinian civilians in a strike on a hospital in Gaza today, which I strongly condemn. My heart is with the families of the victims. Hospitals and medical personnel are protected under international humanitarian law.
— António Guterres (@antonioguterres) October 17, 2023
ანტონიო გუტერეში, გაეროს გენერალური მდივანი: “მე ყველა მხარეს ჰუმანიტარული დახმარების გაწევისკენ მოვუწოდებ, სამხედრო მოქმედებები დაუყონებლივ უნდა შეწყდეს, ამ ადამიანების ტანჯვა უნდა შევუმსუბუქოთ, რეგიონის სტაბილურობა საფრთხის წინაშეა, იმედი მაქვს, რომ მშვიდობის დამყარების სურვილი გაიმარჯვებს”.
ღაზის სექტორში ალ-აჰლის საავადმყოფოსთან მომხდარ აფეთქებას ისრაელი და “ჰამასი” ერთმანეთს აბრალებენ. ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, საავადმყოფოს “ჰამასის” მიერ გასროლილი რაკეტა დაეცა.
Islamic Jihad struck a Hospital in Gaza—the IDF did not.
Listen to the terrorists as they realize this themselves: pic.twitter.com/u7WyU8Rxwz
— Israel Defense Forces (@IDF) October 18, 2023
დანიელ ჰაგარი, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივანი: “ჰამასმა ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაისროლა, დაახლოებით 10 რაკეტა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ერთერთი სასაფლაოდან გაისროლეს და ზუსტად ამ რაკეტებიდან ერთერთი დაეცა ალ აჰლის საავადმყოფოს. აფეთქების შედეგად ნგრევა ისლამური ჯიჰადის არსენალში არსებული რაკეტების შესაბამისია, მათ მიერ გასროლილი ერთერთი რაკეტა გაუმართავი იყო და სწორედ ეს რაკეტა დაეცა საავამდყოფოს”.
რიან მანსური, გაეროში პალესტინის მუდმივი წარმომადგენელი: “ჩვენ როგორც არაბული სახელმწიფოების წარმომადგენლები განრისხებულნი ვართ ისრაელის სამხედრო შენაერთების მიერ ჩადენილ ამ საზარელი დანაშაულით. 500-მდე ადამიანია დაღუპული ამ თავდასხმის შედეგად და მომხდარი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ესხმის თავს ისრაელის არმია მშვიდობიან მოსახლეობას ღაზის სექტორში. დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ”.
ღაზის სექტორში მდებარე საავამდყოფოს აფეთქება გააპროტესტს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში პალესტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, ქვეყნის პრეზიდენტმა ისრაელი ნაცისტურ გერმანიას შეადარა.
აქცია გაიმართა ბეირუთის ქუჩებშიც. ადგილობრივები პალესტინისა და “ჰეზბოლას” დროშებით ხელში ისრაელს აკრიტიკებდნენ.
ლას-ვეგასში ადგილობრივების ნაწილმა ისრაელის მხარდამჭერი აქცია გამართა, ნაწილი კი პალესტინას თანაუგრძნობს.
დიდი საპროტესტო გამოსვლა გაიმართა იორდანიის დედაქალაქშიც, მოქალაქეებმა ისრაელის საელჩოში შეჭრა სცადეს, სამართალდამცველებმა აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს.
საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოებს კვერცხები დაუშინეს თეირანში, ადგილობრივებმა დაწვეს ისრაელის დროშებიც.
ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომს ამ ეტაპზე 3 ათასამდე პალესტინელის სიცოცხლე შეეწირა, 10 ათასამდე ადამიანი დაჭრილია, 1200-მდე ადამიანი კი ნანგრევებს ქვეშ არის მოყოლილი. დაღუპულია ისრაელის 1400-მდე მოქალაქე, 250-მდე ადამიანი კი “ჰამასის” ტყვეობაშია.