საქართველოს ისტორიაში პირველად, პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს უყარა კენჭი, თუმცა ეს იმპიჩმენტი ვერ შედგა. მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის დათანხმება ვერ შეძლო. ვიდრე ქართული ოცნება მის იმპიჩმენტს უყრიდა კენჭს, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატებს მიმართა.
პრეზიდენტმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ ბოლო დროს მათი პოლიტიკური გზავნილები სრულად ემთხვევა რუსეთის პოლიტიკურ გზავნილებს და რომ ამ ნაბიჯებს ქვეყანა არა ევროინტეგრაციისკენ, არამედ იზოლაციისკენ მიჰყავს. სალომე ზურაბიშვილმა დღეს ისიც თქვა, რომ ამ კენჭისყრის ბედი მხოლოდ იმაზე იქნებოდა დამოკიდებული, თუ ვის გადაბირებას შეძლებდა „ქართული ოცნება“ სხვადასხვა მეთოდით. პრეზიდენტმა ახსენა კომპრომატები, მოსყიდვა და ოჯახის წევრების დაწინაურება უმაღლეს თანამდებობებზე. პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ უთხრა, რომ იმპიჩმენტის საკითხის დასმით ისინი მხოლოდ აფერხებენ ევროინტეგრაციის პროცესს.
„მე ამ პროცესით ვერაფერს დამაკლებთ. დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება. თქვენ მე კი არ მიწყობთ იმპიჩმენტს, არამედ უწყობთ საკუთარ თავს, ქვეყანას, მის ევროპულ მომავალს და თქვენი ყოველი ხმა არის ხმა, ჩვენი მომავლის წინააღმდეგ. როგორ ჩახედავთ თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს თვალებში? როგორ აუხსნით, რომ თქვენს პირად კეთილდღეობაში გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი. ხომ ვერავის დაგვაჯერებთ, რომ აქ რამე პრინციპის ან იდეის გამო იბრძვით.
თურმე გეწყინათ, რომ გუშინ პატარა კაცებად მოგიხსენიეთ. დაელოდეთ და ნახავთ, რა ტერმინებით შეგამკობენ თქვენივე შვილები. მომავალი თაობა და თქვენივე ამომრჩევლები. რას აუხსნით თქვენს შვილებს? იმათ, ვინც ევროპასა და ამერიკაში მდიდარი მამების სახსრებითა თუ სახელმწიფო ბიუჯეტით სწავლობს და უკვე იქ არჩიეს ცხოვრების გაგრძელება. რას ეტყვით, რომ თქვენივე ხელით და სხვისი ნებით გადადგით ეს უმსგავსო ნაბიჯი, რომელიც ახალ ჯებირს აღგვიმართავს ჩვენ ევროპისკენ მიმავალ გზაზე“, – ასე მიმართა დღეს პრეზიდენტმა მმართველ პარტიას პარლამენტის ტრიბუნიდან.
სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ტაში და პარლამენტის თავმჯდომარის შენიშვნა მოჰყვა. შალა პაპუაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უთხრა, რომ ეს ჟესტი პარლამენტის რეგლამენტის უპატივცემულობაა.
„მე მივმართავ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომლებიც განთავსებულნი არიან ლოჟაში. თქვენ ხართ აქ დაკვირვებისა და არა მონაწილეობისთვის. მათ შორის, რაც შეეხება ტაშსა და სხვა გამოხატულებას, ძალიან გთხოვთ, პატივი სცეთ საქართველოს პარლამენტს. ვფიქრობ, რომ საკითხი, რომელსაც ჩვენ დღეს განვიხილავთ, სწორედ ამას ეხება. პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას, კონსტიტუციურ ორგანოებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ნამდვილად მოეთხოვებათ პარლამენტის პატივისცემა“, – უთხრა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილს სიტყვით გამოსვლის შემდეგ ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად ტაში დაუკრეს.
ვიდრე პარლამენტის ტრიბუნაზე პრეზიდენტი ავიდოდა, დეპუტატებს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიმართა. სწორედ ის არის იმპიჩმენტის წარდგინების ავტორი. „ქართული ოცნების“ ლიდერმა ვრცლად ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და სამართლებრივი არგუმენტაცია დაუწუნა იმ სამ მოსამართლეს, რომლებმაც პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად არ მიიჩნიეს.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დღეს პროკურატურაც ახსენა და თქვა, რომ თუკი პრეზიდენტი ევროპული ტურნესთვის საკუთარი სახსრების ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტს გამოიყენებდა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლებოდა. ირაკლი კობახიძემ დღეს დეპუტატებს უთხრა, რომ მთავრობა ვერ ენდობა პრეზიდენტს შესაბამისი ვიზიტებისას და რომ ის დაკავებული თანამდებობისთვის შეუფერებელია.
„ის პირდაპირ დაუპირისპირდა კონსტიტუციურ წესრიგს. უფრო მეტიც – მან სცადა ქვეყანაში დე-ფაქტო კონსტიტუციური წესრიგის შეცვლა. სცადა პირდაპირ, უხეშად შეჭრილიყო საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ კომპეტენციაში, განახორციელოს როგორც საშინაო ისე საგარეო პოლიტიკა. ეს, რა თქმა უნდა, არის კონსტიტუციურ წესრიგის ძალიან უხეში დარღვევა, რომელსაც აქვს სერიოზული სიმძიმე. ერთმნიშვნელოვნად, ეს არის თანამდებობიდან გადაყენების ღირსი დარღვევა.
როგორც ზოგადად საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე, ასევე ევროინტეგრაციაზეც, საქართველოში ექსკლუზიურად არის პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობა და სწორედ მისი პრეროგატივაა პრეზიდენტს მიანდოს, ან არ მიანდოს შესაბამისი ქმედებების განხორციელება. რა თქმა უნდა, ნდობის არარსებობის პირობებში, და ამის მიზეზი იცით რაც არის, მთავრობა ვერ ენდობოდა პრეზიდენტს შესაბამისი ვიზიტების განხორციელებისას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან.
სალომე ზურაბიშვილი კვლავ საქართველოს პრეზიდენტია. “ქართულ ოცნებაში” კი ამბობენ, რომ მომდევნო ერთი წელი ის ამ თანამდებობაზე მხოლოდ ფორმალურად იქნება. თუმცა თავად პრეზიდენტმა დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ მას მმართველი პარტიის მხრიდან პროკურატურასა და სისხლის სამართლის დანაშაულზე აქცენტის გაკეთების არ ეშინია და გააგრძელებს გზას, რომელიც აირჩია.
ნანუკა მეშველაშვილი