ჯილდოები, ფილმები და მსოფლიო კინოვარსკვლავების მიერ ჩატარებული მასტერკლასები – ასეთი იყო ტაშკენტის რიგით მეთხუთმეტე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელსაც წელს ფესტივალს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული კინომოყვარული და კინოს დიდოსტატი დაესწრო.
შუა აზიის კინო იყო ტაშკენტის რიგით მეთხუთმეტე საერთაშორისო კინოფესტივალის ყურადღების ცენტრში. უზბეკეთის დედაქალაქს მსოფლიოს გამოჩენილი კინორეჟისორები და მსახიობები ეწვივნენ, რათა დაეჯილდოებინათ ფილმები და წარედგინათ მსოფლიოს კინოსამყარო ახალი თაობის კინორეჟისორებისათვის. ამ ფესტივალს აბრეშუმის გზის მარგალიტს უწოდებენ.
“ეს ფესტივალი მსოფლიოს 52 ქვეყნიდან ჩამოსულ კინორეჟისორს აერთიანებს მშვიდობის, პროგრესისა და განათლების დევიზის ქვეშ,“ – განმარტავს ფირდავს აბდუხალიკოვი, ტაშკენტის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი. „ეს ჩვენი პრეზიდენტის ინიციატივაა. უზბეკეთი ყოველთვის იყო აბრეშუმუს გზის გული. ის გახლდათ ერთგვარი მექა, სადაც იყო შემოქმედებითი წვა და ერთმანეთს იდეებს უზიარებდნენ. ეს ფესტივალი სწორედ ამ ტრადიციების გაგრძელებაა.“
ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის კინოსკოლების სტუდენტებმა. მონაწილე გუნდებს 5 დღე ჰქონდათ, რათა მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაეღოთ უზბეკეთში. კონკურსის „კინო 5 დღეში“ გამარჯვებული აზერბაიჯანული ფილმი „100 ნაბიჯი“ გახდა.
იუსიფ გასიმლი, ფოტოდირექტორი:
“ჩვენ არ ვიცნობდით ქალაქს, არ ვიცოდით აქაური ენა, ამიტომ ძალიან რთული იყო მუშაობა. ყველა ერთ გუნდად გავერთიანდით, რათა გადაგველახა დაბრკოლებები და ჯილდო მოგვეპოვებინა“.
ფესტივალის ფარგლებში მსოფლიოს დონის ვარსკვლავებმა მრავალი მასტერკლასი ჩაატარეს. ჰასან ნაზერმა, რომლის ფილმი „გამარჯვებულებიც“ ოსკარზე წარადგინეს, განმარტა, თუ როგორ ათამაშო ფილმში არაპროფესიონალები.
ჰასან ნაზერი, კონორეჟისორი:
“ეს ძალიან დიდი რისკია, მაგრამ მათ შეუძლიათ ფილმს სერიოზული შემოქმედებითი და თვითმყოფადი ხასიათი შესძინონ, რადგან ისინი კი არ თამაშობენ, არამედ ბუნებრივად იქცევიან.“
ფილმ „ტაქსის“ცნობილმა ტანდემმა, ფრედერიკ დიფენტალმა და სამი ნასერიმ, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ახალგაზრდა მსახიობებს.
“არავის არ უნდა უგდო ყური, არც მშობლებს და არც მეგობებს, საკუთარ ოცნებას ბოლომდე უნდა მიჰყვე,“ – ამბობს მასხიობი სამი ნასერი.
“ჩემს საქმეს გულით ვაკეთებ, ძალიან გამიმართლა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამსახურია და გადაღებაზე დღისითაც მივდივარ და ღამითაც, შემიძლია ვთქვა, რომ მე სათამაშოდ მივდივარ და არა სამუშაოდ,“ – განმარტავს მსახიობი ფრედერიკ დიფენტალი.
ფესტივალი სამარყანდში ახლად დაფუძნებულ ანტიკური სტილის „მარადიულ ქალაქში“ დაგვირგვინდა. ეჭვგარეშეა, რომ ამ ქალაქს ფილმების გადასაღებ მოედნად გამოიყენებენ.
ფესტივალის კონკურსების მთავარი თემა შუა აზიის კინო იყო.
“ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ფესტივალია, რადგან ის ისეთ ფილმებს პოულობს, რომლებსაც რთულად ნახავთ სადმე,“ – განმარტავს კინორეჟისორი კშიშტოფ ზანუსი. „შუააზიური ფილმები ევროპაში უბრალოდ არ არის ხელმისაწვდომი, ვერ ვნახულობთ ამ ფილმებს და აქ კი საშუალება გვაქვს, რომ შევხვდეთ ავტორებს და გავეცნოთ მათ ნამუშევარს.“
საერთაშორისო ჟიურიმ, რომელსაც კშიშტოფ ზანუსი ხელმძღვანელობდა, საუკეთესო ფილმის ჯილდო გადასცა ფილმ „კვირა დღეს.“ ეს არის უზბეკი რეჟისორის ფილმი, რომელიც მოგვითხრობს იმ ბავშვების ამბავს, რომლებსაც სურთ შეცვალონ საკუთარი სამყარო და მოხუცი მშობლები, რომლებიც კმაყოფილი არიან იმით, რაც აქვთ.
„შუა აზიაში ჯერ კიდევ ბევრია თემა, რომლებზეც არაფერი თქმულა და არსად გაშუქებულა. ეს კარგი შესაძლებლობაა ახალგაზრდობისთვის. უბრალოდ უნდა იმოქმედო. გადაიღო კინო, სანამ დროა. ჩვენ უნდა გადავიღოთ ფილმები,“ – ამბობს შოკირ ხოლიკოვი, ფილმის რეჟისორი.
ავტორი: გალინა პოლონსკაია