უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბელგიაში, ბრიუსელში ჩავიდა ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის მიზნით. ეს ბელგიაში უკრაინის პრეზიდენტის მეორე ვიზიტია მის სახელმწიფოში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ. ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რამშტაინის ე.წ. ფორმატში, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები იკრიბებიან კიევისთვის გასაწევი სამხედრო დახმარების უკეთ კოორდინაციის მიზნით.
ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მისი სახელმწიფოს პოლიტიკური და რაც მთავარია, სამხედრო თვალსაზრისით მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.
ვოლოდიმირ ზელენსკისა და პარტნიორებს შორის შეხვედრა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შედგა. უკრაინის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს რამშტაინის ფორმატში შეხვედრაშიც.
უკრაინისა და ნატოს თანამშრომლობის მომავალი დეტალების შესახებ ისაუბრა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებმაც.
პალ იონსონი, შვედეთის თავდაცვის მინისტრი: “რამდენიმე კრიზისთან გამკლავება ერთდროულად გვიწევს. მიმაჩნია, რომ უკრაინის მხარდაჭერა უწინდელივით უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. ვიცი, რომ დანარჩენი სახელმწიფოების წარმომადგენლები გააკეთებენ განცხადებებს უკრაინისათვის დამატებითი სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ”.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მდივან ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინისათვის სამხედრო დახმარების მიწოდების თვალსაზრისით ძირითადი ყურადღება ანტისაჰაერო შეიარაღებასა და ტყვია-წამალს ექცევა.
ლოიდ ოსტინი, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მდივანი: “ჩვენი ერთიანობა ისტორიულია. არავინ იფიქროს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას მიატოვებს. უკრაინას მხარს დავუჭერთ მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. მე მზად ვარ, რომ თქვენთან ერთად დღეს მივიღოთ ბევრი გადაწყვეტილება, რომლებიც უკრაინის მამაც ჯარისკაცებს კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს იმ შეიარაღებით, რომელიც რუსულ აგრესიას შეაჩერებს. ჩვენ უკრაინას კიდევ 200 მილიონი ამერიკული დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარებას გავუწევთ, ეს ძირითადად ანტისაჰაერო შეიარაღებასა და ტყვია-წამლის მომარაგებას მოხმარდება. ჩვენ უკვე 43 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტის მოცულობის დახმარება მივაწოდეთ ისრაელს”.
კონგრესში არსებული პოლიტიკური ქაოსისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე ბევრი ანალიტიკოსი შიშობს, რომ ვაშინგტონს უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მოცულობის შემცირება მოუწევს.