რამდენიმე დღის წინ პლატფორმა X-ის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ დეზინფორმაციასთან გამკლავება უჭირთ, რადგან პლატფორმაზე ყოველ წუთს ვრცელდება ყალბი ინფორმაცია ისრაელისა და “ჰამასის” ომთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ ევროკომისიამ X-ის მფლობელ ილონ მასკს 24 საათი მისცა იმისთვის, რომ ევროკავშირის ციფრული უსაფრთხოების აქტთან თანხვედრაში მოვიდეს.
არაერთი მონიტორინგის ჯგუფის განცხადებით, X-ზე გავრცელებული დეზინფორმაცია თავად ილონ მასკის წახალისებულია. დეზინფორმაცია, რომელიც ისრაელისა და “ჰამასის” ომთან დაკავშირებით ვრცელდება პლატფორმაზე, ზოგ შემთხვევაში მოიცავს ისეთ მასალას, რომელიც სინამდვილეში ვიდეოთამაშებიდან არის ამოღებული. ამაზე ისაუბრა ევროკომისარმა ციფრული უსაფრთხოების საკითხში ტიერი ბრეტონმა. მან პლატფორმა X-ზე ილონ მასკისთვის განკუთვნილი წერილი გამოაქვეყნა. წერილში ის აცხადებს, რომ ილონ მასკმა პოტენციურად უკანონო შინაარსის შემცველ პოსტებზე რეაგირება დროულად უნდა მოახდინოს. განცხადებაში საუბარია იმაზეც, რომ პლატფორმა უნდა იყოს გამჭვირვალე განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ომსა და ტერორიზმს შეეხება. წერილის ბოლოს კი საუბარია ფულად ჯარიმაზეც, რომელიც X-ს დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არ დაემორჩილება ევროკომისიის მოთხოვნებს.