საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაში, სახელწოდებით „მულტილატერალიზმი უსაფრთხოებისა და გეოსტრატეგიული საკითხების ჩათვლით“.
ამის გარდა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი კვლავ გრძელდება.
“ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნე ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატების და წლის ბოლოს ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ კონტექსტში. დეტალური ინფორმაცია მივაწოდე 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ. საქართველოს მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი კვლავ გრძელდება. საქართველო რეკომენდაციების შესრულების პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობდა ევროკავშირთან და ვენეციის კომისიასთან და კვლავაც აგრძელებს აღნიშნულ თანამშრომლობას. იმედი მაქვს, რომ საქართველოს პროგრესი და მისი ძალისხმევა 12 პრიორიტეტის განსახორციელებლად სამართლიანად იქნება აღიარებული. შესაბამისად, საქართველო წლის ბოლოს კომისიის მხრიდან სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია. ხაზგასმით აღვნიშნავ საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და ყოველთვის მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა პრემიერმა.
ალეკო გვეტაძე