ISET-მა კვლევა ჩაატარა რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების რუსულ კომპანიებზე გასხვისებასთან დაკავშირებით. რამდენიმე ათეულგვერდიან დოკუმენტში ჩამოთვლილია სექტორები, კომპანიები, ობიექტები, რომლებსაც რუსული კომპანიები ფლობენ. ასევე ჩამოთვლილი და შეფასებულია შესაძლო რისკები და საფრთხეები და სახელმწიფოს მიმართ გაცემულია რეკომენდაციებიც.
კვლევაში სახელწოდებით „საქართველოში რუსული ბიზნეს მფლობელობის ფაქტორით გამოწვეული რისკების მართვა“ ასახულია მთავარი კრიტიკული მნიშვნელობის სექტორები, სადაც რუსული მფლობელობა განსაკუთრებით მაღალია. ეს სექტორებია: ენერგეტიკა, კომუნიკაციები, ნავთობი და ბუნებრივი აირი, მინერალური წყლები, საბანკო სექტორი, მშენებლობა, ტურიზმი და ტრანსპორტი.
კვლევის მიხედვით, რუსული გავლენა სექტორებისა და კომპანიების მიხედვით ასე გამოიყურება:
ელექტროენერგიის გამომუშავება, მიწოდება/გადაცემა და ვაჭრობა:
“ხრამჰესი 1 და 2”; “მტკვარი ჰესი”, “დარიალი ჰესი”, “სკურდიდი ჰესი”, “თელასი/ თელმიკო”, “საქრუსენერგო”, “ლუქს ენერჯი ტრეიდინგი”.
ნავთობი და ბუნებრივი აირი:
“ლუკოილი”, “პეტროკასი”
სამთო მოპოვება და მინერალური წყლები:
RMG, IDS BORJOMI, მინერალური წყალი “საირმე”, “გრუზვინპრომი”, “მიქსორი”, “კაპიტალ ჯგუფი”, “თბილცემენტ ჯგუფი”.
საბანკო სფერო, ტურიზმი, სამშენებლო და სატრანსპორტო სექტორები:
ახლო წარსულში “ვითიბი ბანკი”, რომლის პორტფელიც გასხვისდა.
კვლევის მიხედვით, კომუნიკაციების სექტორში გამოიკვეთა დეპუტატ ფრიდონ ინჯიას ბაზრის მიმართ არსებული ინტერესისა და „ვიონ საქართველოს“ ახლო წარსულში არსებული რუსული კავშირების გათვალისწინებით ზომიერი რუსული გავლენა.
რუსულ გავლენებს ასეთ სფეროებში ეკონომისტები მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევენ და სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებენ.
კვლევაში ფაქტობრივი დასაბუთებების გარდა საუბარია საფრთხეების ანალიზზეც.
შესაძლო საფრთხეებად კი მიჩნეულია პოლიტიკური ზეგავლენა, როდესაც რუსეთმა ნებისმიერი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ფლობა შესაძლოა პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოიყენოს საქართველოზე, წარმოშობს კორუფციულ რისკებს, ასევე ეკონომიკურ დამოკიდებულებას, მაგალითად, ფასებით მანიპულირების მხრივ. შეიცავს ჯაშუშობის, დივერსიული ქმედებების, სანქცირებისა და მათგან თავიდან არიდების რისკებს.
მთავარი რეკომენდაცია გაცემულია ხელისუფლების მიმართ, რომელსაც კვლევის ავტორები რუსული ინტერესის მაქსიმალურად გაფილტვრისა და ამ მხრივ ერთიანი სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებენ.
ალეკო გვეტაძე