სოხუმის დაცემის დღიდან 30 წლის თავზე გმირთა მემორიალთან ასობით მოქალაქე აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მივიდა. მათ მემორიალი, სადაც გარდაცვლილი მებრძოლების სახელები ოქროს ასოებითაა ამოტვიფრული, გვირგვინებით შეამკეს. მემორიალთან ისინიც იყვნენ, ვინც დაპირისპირებისას ოჯახის წევრები დაკარგა. მანანა ბენიაშვილის შვილი 18 წლის მამუკა ომში დაიღუპა. დედა იხსენებს, რომ მისი შვილი 19 წლის გარდაცვალებიდან მეორე დღეს გახდა.
„აფხაზეთში ომი 14-ში დაიწყო. წაიყვანეს სამხედროებიც. პირველ სექტემბერს დავიღუპეთ. გასვენების მეორე დღეს 19 წლის გახდა. ღმერთს ვთხოვ, ყველას ვეხვეწები და ვევედრები, რომ არცერთი დედა არ მოესწროს ომს და ომში დაღუპულ შვილს“, – ამბობს მანანა.
ჯამში აფხაზეთის ომს 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბევრი მათგანის ცხედარი ვერ იპოვეს და მათ ოჯახებს საფლავებიც კი არ აქვთ. ისინი სახელმწიფოს მეტი თანადგომისკენ მოუწოდებენ.
„დამეღუპა დისშვილი, 29 წლის, დედის ერთა. ეს ერთი შვილი ჰყავდათ, რომლის ძვლებიც კი არ გვაქვს გადმოსვენებული. უსაფლაო ჯარისკაცი არის. მშობლები ღრმა მოხუცები არიან. მამა ძებნაში დაიღუპა“, – ამბობს იზოლდა კოპალიანი.
სოხუმის დაცემის დღე განსაკუთრებით მტკივნეულია დევნილებისთვის. ნუკრი ნოდია ერთ-ერთია იმ 300 ათასი ადამიანიდან, ვისაც სოხუმის დაცემიდან საკუთარი სახლის დატოვება და დევნილად საქართველოს სხვა ქალაქში გადმოსვლა მოუწია.
„ჩვენ დევნილებს, რა თქმა უნდა, გვინდა სახლში… 30 წლის თავზე. ამისთვის კი ჩვენ დევნილები არ გავჩერდებით. ამისთვის მეტი ქმედითი ნაბიჯებია საჭირო, საქართველოს ხელისუფლებისგან, რასაც სამწუხაროდ ვერ ხედავთ“, – ამბობს „მოძრაობა აფხაზეთისთვის“ წარმომადგენელი ნუკრი ნოდია.
გმირების გასახსენებლად მემორიალთან მივიდნენ დევნილების ასოციაციების „დევნილები დევნილებისთვის“ და „მოძრაობა აფხაზეთისთვის“ წარმომადგენლები. ისინი ამბობენ, რომ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად ყველაზე ტრაგიკული თარიღია.
„დღევანდელი დღე თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მძიმეა. ერთის მხრივ იმიტომ, რომ აფხაზეთში ძალიან ბევრი ქართველი პატრიოტი, გულიანი ახალგაზრდა დაიღუპა და დაიკარგა. დაიღვარა ძალიან ბევრი სისხლი. ამავდროულად, არსებობს მეორე ფაქტორიც. ჩვენ 30 წელია არ ვართ, ჩვენს მშობლიურ მხარეში, ჩვენს სახლში“, – ამბობს „მოძრაობა აფხაზეთისთვის“ წარმომადგენელი კობა ჭითანავა.
„დევნილები გრძნობენ იმას, რომ სახელმწიფოში ეს საკითხი პრაქტიკულად უპატრონოდაა მიშვებული. დევნილები არ გრძნობენ იმას, რომ ამ სახელმწიფოში არსებობს ამ პრობლემის გადასაწყვეტი კონკრეტული გეგმა, რომ საქართველომ დაიბრუნოს ტერიტორიები, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული“, – ამბობს „დევნილები დევნილებისთვის“ წარმომადგენელი ირაკლი ტორუა.
აფხაზეთის ომი, 1992 წლის 14 აგვისტოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც აფხაზეთში ადგილობრივმა სეპარატისტებმა ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, ხოლო საქართველოს სამხედრო ძალები რეგიონში შევიდნენ. ბრძოლები 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, საბოლოოდ კი 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.