თბილისში შეხვედრების სამდღიანი ციკლი გაიხსნა, რომლის მიზანიც ევროპულ ოჯახში ინტეგრირებისთვის დამსაქმებელთა ასოციაციის შესაძლებლობების ზრდაა. სამუშაო შეხვედრებს ესწრებიან დელეგატები 7 ქვეყნიდან: გერმანიიდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ყირგიზეთსა და ყაზახეთიდან. ისინი ევროკავშირთან დაახლოების საკითხებზე სამი დღის განმავლობაში იმსჯელებენ. პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
ევროკავშირთან დაახლოებული შრომის ბაზარი, პარტნიორობა დიალოგისა და რეფორმების პროცესში, ხელოვნური ინტელექტის გავლენა ეკონომიკაზე და კონტაქტების დამყარება ევროპის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური თუ სავაჭრო პოლიტიკის თანამშრომლობის ფორმირებაზე – ამ საკითხების განხილვას გეგმავენ სამდღიანი შეხვედრის ფარგლებში საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და კიდევ 7 ქვეყნის წარმომადგენლები.
დღეს შეხვედრაზე განაცხადეს, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პასუხის მოლოდინშია და ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. პროექტის ორგანიზატორების თქმით, ამ შეხვედრების მიზანი არსებული რეალობის გათვალისწინებით შესაძლებლობების ზრდაა იმისათვის, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს.
„ჩვენ ვართ გერმანიიდან, ასევე გვყავს მონაწილეები ევროკავშირის ისეთი ქვეყნებიდან, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში გაწევრიანდნენ და ისინი თავიანთ გამოცდილებაზე ისაუბრებენ. მოჰყვებიან იმ ნაბიჯების შესახებ, რომლის გადადგმაც ევროკავშირთან დასაახლოებლად მოუწიათ. როგორი იყო მათთვის ეს პროცესი და სამართლებრივი ცვლილებები, ამ გამოცდილების გაზიარება ძალიან საინტერესო იქნება იმ ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ახლა გადიან ამ გზას და ემზადებიან ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა სუზან ბახმა, BWMV-ის მმართველმა დირექტორმა.
„მე ბულგარეთიდან ვარ, ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ჩვენს კოლეგებს გავუზიაროთ გამოცდილება. მე მათ უნდა მოვუყვე, თუ რა ნაბიჯები გადავდგით და როგორ იყვნენ ამ პროცესში დამსაქმებლები ჩართული. ჩვენ პრაქტიკულ გამოცდილებას გავუზიარებთ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, რათა ისინი ევროპული მომავლისთვის კიდევ უფრო მზად იყვნენ“, – ამბობს მარია მინჩევა, ბულგარეთის დამსაქმებელთა ასოციაციების კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.
სამუშაო შეხვედრები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, შეხვედრების ბოლოს კი იგეგმება კონკრეტული იდეების განხილვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაგრძელდება ერთობლივი მუშაობა.