გასულ კვირას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ერთპიროვნული ბრძანების საფუძველზე საქართველოში საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესი შეიცვალა. ამან კი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მღელვარება, ცენტრალური ბანკის მაღალი თანამდებობის პირების გადადგომა და ეროვნული ვალუტის კურსის რყევა გამოიწვია. მიმდინარე კვირაში კი, საქართველოს საბანკო სისტემის ირგვლივ განვითარებული პროცესების შეფასებამ პოლიტიკიდან ეკონომისტების წრეში გადაინაცვლა. მომხდარის შეფასებისას ქართველი ეკონომისტებისა და ფინანსისტების აზრი ორად გაიყო.
ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ რამდენიმე დღიანი მღელვარების შედეგად გაუფასურებული ლარის კურსი უკვე დასტაბილურების რეჟიმშია. პოზიტიური მოლოდინების შესახებ “კვირის” პრესკლუბში ისაუბრა ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ. მისი თქმით, ნათია თურნავას გადაწყვეტილება, მხოლოდ მოქალაქის დაცვას ემსახურება და მას ქართული საბანკო სისტემისა და ეკონომიკისთვის რაიმე საყურადღებო ზიანი არ გამოუწვევია.
“ვნახეთ, რომ გასულ კვირას ლარი რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. თუმცა მე ვიტყოდი, რომ მაინცდამაინც განსაკუთრებული საშიშროება ამ ფენომენში არაა იმდენად, რამდენადაც აბსოლუტურად ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი წესრიგში გვაქვს, როგორიცაა ინვესტიციები, საგარეო ვაჭრობა, ვხედავთ, რომ ინფლაციაც მთელი წლის განმავლობაში საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა შენარჩუნებული. ეს გვაძლევს იმის დასკვნის საფუძველს, რომ მომავალ პერიოდში ლარი აუცილებლად მყარად იქნება და წონასწორობის იმ ნიშნულს შეინარჩუნებს, რომელსაც ჩვენ პრაქტიკულად ერთი წლის განმავლობაში ვხედავთ.
რაც შეეხება ლარის გაუფასურების მიზეზს, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს განპირობებული იყო იმ პროცესებით, რომელიც ეროვნულ ბანკში იმ 1 დღეში განვითარდა, სისტემამ ერთგვარი შოკური მდგომარეობა განიცადა. თუმცა ამ თვალსაზრისით საგანგაშო არაფერია.
წარსული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ლარმა უფრო დიდი რყევებსაც გაუძლო. მაგალითად, დაახლოებით 15-16 წლის წინ ეროვნული ბანკი წელიწად-ნახევრის განმავლობაში საერთოდ პრეზიდენტის გარეშე იყო. ლარმა ამ პროცესს გაუძლო. მითუმეტეს, ვიცე-პრეზიდენტების ყოფნა- არყოფნა თავად სისტემასა და ვალუტას ვერ დააზიანებს”, – განაცხადა ანგურიძემ.
ეკონომისტების მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ქართული ეკონომიკა და საბანკო სისტემა ნათია თურნავას მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შესაძლო კრახსა და ჩამოშლას ისევ კომერციულმა ბანკებმა გადაარჩინეს.
ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ ახლა მთელი ქვეყანა გადაურჩა შესაძლო ფინანსურ დეფოლტს და ეროვნული ვალუტა და საბანკო მიმართულება სიმყარეს ინარჩუნებს. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში საჭირო ნაბიჯად მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა გააუქმოს.
„ეროვნულ ბანკი, რომელსაც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა ევალება, ლამის თავად გახდა ყველაფრის ამრევი, მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვა. ზუსტად იმ გადაწყვეტილებით, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ერთი ბრძანებით აღასრულა, ნამდვილად დიდი გაურკვევლობა გამოიწვია მოსახლეობაში, იურიდიულ პირებსა და საბანკო სექტორში. კომერციულ ბანკებს სხვა გზა არ ჰქონდათ. ისინი გონივრულად და პრაგმატულად მოიქცნენ, რომ არ დაემორჩილნენ ნათია თურნავას გადაწყვეტილებას და დარჩნენ საერთაშორისო სანქციების აღსრულების რეჟიმში. სხვანაირად თვითონაც დაზარალდებოდნენ. სწორედ მათი განცხადებების და ურყევი გადაწყვეტილების შემდეგ შედარებით დამშვიდდა ვითარება. შეიძლება ბევრად მძიმე რამ მომხდარიყო. ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ იმისთვის, რომ სრულად მოიხსნას ნეგატიური მოლოდინები და გაურკვევლობა, ნათია თურნავამ სასწრაფოდ უნდა გააუქმოს მის მიერვე მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილება“, – აცხადებს გიორგი კეპულაძე.
შეერთებული შტატების მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს გამოხმაურება საერთაშორისო ფინანსური სექტორიდანაც მოჰყვა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი შეშფოთებით სწავლობს მომხდარს და როგორც ამავე ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, შესაძლოა საქართველოსთან თანამშრომლობა გადაიხედოს.
ალეკო გვეტაძე