უკრაინაში დრონებით ომი გრძელდება. ასევე დიდი ხანია, რაც რუსეთის ტერიტორიაზეც გახშირდა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში.
ერთ-ერთ საბრძოლო პოზიციაზე უკრაინელი სამხედროები რუსული ტექნიკის გასანადგურებლად სპორტულ დრონს ამზადებენ. ჯერ ჰაერში ადის სადაზვერვო დრონი, რომელიც რუსული ტექნიკის შესახებ მონაცემებს რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარე შტაბს აწვდის. შემდეგ ბრძოლაში ერთვება თვითმკვლელი დრონი და რუსულ ჯავშანტექნიკას ანადგურებს.
დრონის სიხშირეების გასათიშად მოწინააღმდეგე ელექტრულ გამოსხივებას იყენებს. ასეთ დროს სიხშირის შეცვლა აუცილებელია. რუსეთის შეჭრიდან 19 თვის შემდეგ უკრაინის ხელისუფლება მზადაა, დრონებით ბრძოლის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად ერთი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს. დრონს ფულისა და ჯარისკაცების სიცოცხლის დაზოგვა შეუძლია.
როგორც უკრაინელი სამხედროები აღნიშნავენ, დრონები ხშირ შემთხვევაში არტილერიაზე უფრო ზუსტია. უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილო ფედეროვი აცხადებს, რომ ქვეყანამ 10 000 ახალი სპეციალისტი მოამზადა და ხელისუფლებას მიზნად აქვს დრონების ახალი არმია შექმნას. „ჩვენ ვზრდით დრონების ადგილზე წარმოებას. ეს შესამჩნევი იქნება სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მალე ომის ახალი ეტაპი დაიწყება და არა მხოლოდ კომპანიები ან მოხალისეები, არამედ სახელმწიფოც შექმნის შესაბამის ინფრასტრუქტურას, რომ აწარმოოს დრონები და მოამარაგოს არმია“, – დასძენს უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილო ფედეროვი.
ფრონტის ხაზის აღმოსავლეთით მყოფ რუსებს მზის ამოსვლისას ხედვის თვალსაზრისით უპირატესობა აქვთ, თუმცა შუადღის შემდეგ ეს უპირატესობა იკარგება. უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ, რუსი ჯარისკაცების ჩრდილიც კი შეამჩნიონ. უკრაინელი სამხედროები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ დრონების ზუსტი იერიშის გამო რუსები იძულებულები ხდებიან, უკან დაიხიონ. უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ ტიპის შეიარაღებით მიღებული ზარალის გამო რუსებმა ფრონტის ხაზზე ხელით გადასატანი ჩამხშობი სისტემების რაოდენობაც გაზარდეს.