მას შემდეგ, რაც გუშინ ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი აღდგენილად გამოაცხადა, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობისა და აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დაიგეგმა. მხარეებს შორის შუამავალი რუსული მხარეა. მხარეები ერთმანეთს დღეს შეხვდნენ და თითქმის სამსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ კონკრეტული შედეგის შესახებ არ გამოუცხადებიათ. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ადმინისტრაციამ გაავრცელა მოგვიანებით განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ შეხვედრაზე მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებს მოსახლეობის რეინტეგრაციის გეგმა გადასცა.
ახლა მთავარი კითხვაა, რა ელის მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას და იქნება თუ არა უზრუნველყოფილი მათი უსაფრთხოება. მოსახლეობა დაბნეულია, ბევრი მათგანი აეროპორტს მიაწყდა, ნაწილი კი როგორც რუსული მხარე აცხადებს, თავს მათ მიერ კონტროლირებად შენობებს აფარებს.
გუშინდელ სატელევიზიო მიმართვაში ილჰამ ალიევმა პირობა დადო, რომ ადგილობრივების უფლებებს უზრუნველყოფენ. სომხეთში აცხადებენ, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს. „თუ შეუძლებელი გახდება სომეხთა ცხოვრება ყარაბაღში, მივიღებთ აუცილებელ ზომებს“, – აღნიშნულია ნიკოლ ფაშინიანის აპარატის განცხადებაში.
“თუ რუსი სამშვიდობოების ჩართულობით მიღებული სამშვიდობო გეგმა ნიშნავს იმას, რომ ისინი სრულად და ყოველგვარი დათქმის გარეშე იღებენ პასუხისმგებლობას, უზრუნველყონ მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების უსაფრთხოება და უზრუნველყონ მათთვის შესაბამისი პირობების შექმნა, მათ უნდა დაიცვან მათი უფლებები, რომ იცხოვრონ უსაფრთხოდ თავიანთ მიწაზე”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
„მათი ყველა უფლებას დავიცავთ, უზრუნველვყოფთ ადგილობრივი მაცხოვრებლების განათლების, რელიგიური და მუნიციპალური არჩევნების უფლებებს. რეგიონში განხორციელდება სხვადასხვა სოციალური პროგრამა. გუშინ და დღეს მომხდარი მოვლენები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესებზე დადებით გავლენას მოახდენს“, – მიმართა მოსახლეობას ილჰამ ალიევმა.
ვიდრე მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდებოდნენ, ცნობილი გახდა, რომ 20 სექტემბერს, მთიან ყარაბაღში ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელშიც რუსი სამხედროები იყვნენ. დაღუპულთა ზუსტი ოდენობა უცნობია. როგორც რუსული გამოცემები წერენ, მომხდარის გამო სატელეფონო საუბრისას ილჰამ ალიევმა ბოდიში მოუხადა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და პირობა დადო, რომ მომხდარს გამოიძიებენ. მოგვიანებით კი სააგენტოებმა TASS-მა და RIA Novosti- მ, რუსეთის ძალოვანი უწყების წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მთიან ყარაბაღში სამშვიდობოების დაღუპვის საქმეზე პირველი ეჭვმიტანილები დააკავეს.
ეს მოვლენები ემთხვევა სომხეთის დამოუკიდებლობის დღეს. ქვეყანაში საპროტესტო ტალღაა. ერევნის ქუჩებში ხალხი ხელისუფლების გადადგომას ითხოვს.