ესპანეთის ესპანეთის ქალაქ ელჩეში ველოსიპედის მოძრაობის ზოლების მოხსნის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
პროტესტის ნიშნად ვალენსიის ავტონომიური რეგიონის მესამე ყველაზე ხალხმრავალ ქალაქში ასობით მოქალაქემ ქალაქის ქუჩები ველოსიპედით მოიარა. თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ელჩეში ველისიპედის ერთკილომეტრიანი ბილიკი ქალაქის ახალმა საკრებულომ გააუქმა.
„ველოსიპედით მგზავრობისას რამდენჯერმე შემემთხვა ავარია. როცა ველობილიკებს საბოლოოდ გააუქმებენ, ველოსიპედით ვეღარ გავალ, რადგან მეშინია,“ – ამბობს ადგილობრივი მანუელა კამპელიო.
ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ისინი ველობილიკების წინააღმდეგი არ არიან. თუმცა, მათი განცხადებით, ზოგიერთი ბილიკი არასწორადაა დახაზული, ეს კი საგზაო მოძრაობის წესებს ეწინააღმდეგება და გადაადგილებისთვის სახიფათოა. ამ პოზიციას იზიარებს სავაჭრო ასოციაციაც.
„თუ ველობილიკები პარკირების ადგილას და სატრანსპორტო ზოლებშია, ეს პრობლემას ქმნის. ველობილიკი აუცილებელია, რადგან ქალაქი ამას მოითხოვს, მაგრამ ის კარგად უნდა იყოს მოწყობილი”, – ამბობს ცენტრალური ბაზრის სავაჭრო ასოციაციის პრეზიდენტი კარმენ ალარკონი.
ველობილიკების მოწყობა და უსაფრთხოება პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია. ელჩეში ველობილიკების მოწყობა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა, რომლის მიზანიც ქალაქში დაბალი ემისიის ზონების განვითარება იყო. მობილობის საკითხებში ყოფილი მრჩევლის ესთერ დიეზის თქმით, ქალაქს შესაძლოა ახლა ამ თანხის დაბრუნება მოუწიოს.
„უნდა გავითვალისწინოთ, რომ ელჩემ ევროპული ფონდიდან დაახლოებით 15 მილიონი ევრო მიიღო. თუ დაბალი ემისიების ზონა არ განვითარდა, მაშინ ეს თანხა საფრთხეში აღმოჩნდება, რადგან ეს 15 მილიონი ევრო ქალაქში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და მისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვისაა გამოყოფილი”, – ამბობს ესთერ დიეზი.
ახალი ადგილობრივი ხელისუფლება კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. თუმცა მათ უკვე განაცხადეს ახალი პროექტის შესახებ, რომელიც ქალაქის ცენტრში ახალი მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობას ითვალისწინებს.