უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ ბახმუტთან ახლოს კიდევ ერთი სოფელი კლიშჩიივკა გაათავისუფლეს. აქ უკვე უკრაინული დროშაა აღმართული. ერთი დღით ადრე უკრაინული დროშა აფრიალდა კლიშჩიივკის სამხრეთით, ანდრიივკის თავზეც.
მოსკოვს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა დონეცკის სეპარატისტების ლიდერის დენის პუშილინის განცხადებით, ანდრიივკა ე.წ. ნაცრისფერ ზონაშია, რომელსაც ვერც ერთი მხარე ვერ აკონტროლებს. მისი თქმით, მოწინააღმდეგეს იქ არ აქვს დასაყრდენი, რადგან დასახლება, ფაქტობრივად, განადგურებულია. იგი დასძენს, რომ რუსულ ქვედანაყოფებსაც არ აქვთ საშუალება, იქ ფეხი მოიკიდონ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი თავის ჯარისკაცებს კიდევ ერთი გამარჯვება მიულოცა. ინფორმაცია სოფლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით დაადასტურა სახმელეთო ჯარების სარდალმა ოლექსანდრ სირსკიმაც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.