ადამიანი შესაძლოა, დამოკიდებული გახდეს ჰაკერობის შედეგად მიღებულ ადრენალინზე. თუმცა, ბევრს სჯერა, რომ „შავქუდიან“ იმავე კანონდამრღვევ ჰაკერებს შესაძლოა, გაუჩნდეთ ზნეობრივი კომპასი და თავისი ოსტატობა სასიკეთოდ მიმართონ – განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მაშინ ჩაერევა საქმეში, სანამ დამნაშავე ახალგაზრდაა.
დღეს, როდესაც ტექნოლოგიებმა ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწია, კიბერდანაშაულის საფრთხე კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. ჰაკერები მუდმივად არღვევენ საზღვრებს როგორც ინტერნეტში, ისე ინტერნეტის მიღმა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი მოტივაციისა და ეთიკის გარკვევა.
ბევრს სჯერა, რომ „შავქუდიან“ იმავე კანონდამრღვევ ჰაკერებს შესაძლოა, გაუჩნდეთ ზნეობრივი კომპასი და თავისი ოსტატობა სასიკეთოდ მიმართონ – განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მაშინ ჩაერევა საქმეში, სანამ დამნაშავე ახალგაზრდაა.
„კიბერდანაშაულმა ასაკი არ იცის და, სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ბავშვები გულუბრყვილო და დაუცველი არიან, კიბერდამნაშავეთა ჯგუფებში უმეტესად სწორედ ისინი ხვდებიან,“ – ამბობს მაიკ ჯონსი, კიბერუსაფრთხოების მკვლევარი.
ნიდერლანდების ეროვნული პოლიცია კიბერდანაშაულის პრევენციაზე აკეთებს აქცენტს. მათი უნიკალური პროგრამები, როგორებიცაა ე.წ. გარდაქმნის ბანაკი Rebootcamp და HackRight, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ჰაკერების გზაზე დაყენებას.
„Rebootcamp ერთდღიანი სემინარია. ამ სემინარზე იწვევენ ტექნოლოგიებში კარგად გარკვეულ ბავშვებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში სწავლობენ ყველაფერს ჰაკერობასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გამოიყენონ საკუთარი ნიჭი კარგი მიმართულებით და კანონი არ დაარღვიონ,“ – ამბობს ფლორ იანსენი, ნიდერლანდების პოლიციის კიბერდანაშაულის პრევენციის რაზმის ხელმძღვანელი.
ჰაკერობა და აზარტი
ჰაკერობა და აზარტი ერთმანეთისგან განუყოფელია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ყველა, ვისაც აზარტული ბუნება აქვს, ადვილად ებმება მოზღვავებული ადრენალინის ბადეში. ჰაკერობა კი სწორედ ამას იძლევა, ამ ბიოლოგიური ნივთიერების სიჭარბეს,“ – განმარტავს ჯონსი.
GhostExodus-ის სახელით ცნობილი ჰაკერი 11 წელი იყო დაპატიმრებული ახალგაზრდობაში ჩადენილი დანაშაულის გამო. იგი ნანობს და თავის ამბავს იხსენებს:
„მე ხელიდან წასული ბავშვი ვიყავი, დედაჩემიც ასეთი იყო. ამიტომ ჰაკერობა ჩემთვის იყო საშუალება, რომ ჩემი გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალი მეპოვა. საერთოდ არ ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში ფეხი უნდა შემედგა, როგორც შიდა სისტემურ საფრთხეს”.
გზა „შავქუდიანობიდან“ „თეთრქუდიანობამდე“
ერიკ ვან უსბრი, თეთრი ჰაკერი და ინტერნეტში შეღწევადობის შემფასებელი განმარტავს სხვაობას ჰაკერებს შორის:
„სულ არის ცდუნება და ბრძოლა, რომ ეს არ გააკეთო და სწორი გზიდან არ გადაუხვიო. მე მთელი დღე იმას ვაფასებ, თუ რამდენად ადვილად შეღწევადია ინტერნეტი, ჩემი ფუნქცია ძირითადად, ტექნიკური შეღწევადობის გათვლაა დიდი ორგანიზაციებისა და სამთავრობო ვებგვერდების აპლიკაციებსა თუ შიდა ქსელებში. მაქვს საშუალება, რომ თითქმის ყოველ კვირას სხვადასხვა კომპანიაზე გავიდე და სხვადასხვა სისტემა გამოვცადო და სწორედ ამით ვიღებ ადრენალინის დოზას, მე ამას კანონიერი გზით ვაკეთებ. მგონია, რომ ძალიან სწორად ავირჩიე კარიერა. მოდი, ავხსნათ, რას ნიშნავს ე.წ. შავი, ნაცრისფერი და თეთრი ქუდის მქონე ჰაკერი. თეთრქუდიანი ჰაკერი არის ის, ვინც ამას კანონიერი გზით აკეთებს, აქვს შესაბამისი ლეგალური კონტრაქტი და მისი დამკვეთი კომპანია თანახმაა, რომ მის სისტემაში იჰაკეროს. შავქუდიანი ჰაკერი ამის სრული ანტიპოდია. ის მხოლოდ საკუთარი თავისთვის ჰაკერობს და არ დაეძებს ლეგალურ შედეგებს. ამას ძირითადად, ფულისთვის აკეთებენ, თუმცა, შესაძლოა ზოგს სახელის განთქმაც სურს. რაც შეეხება ნაცრისფერ ქუდს, ეს ნიშნავს, რომ კარგის გაკეთების მიზნით ჰაკერობ, მაგრამ უნებართვოდ. კი ბატონო, კარგს აკეთებ, მაგრამ, ამავდროულად, ვიღაცის სისტემას ტეხ.“
„მე ვიცი რამდენიმე ადამიანი, რომლებიც შეიცვალნენ. ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის მოტივაციაზე. ადამიანი იმის მიხედვით იცვლება, თუ რა ანიჭებს საკმარის სტიმულს, ტკივილს ან მოტივაციას,“ – განმარტავს მაიკ ჯონსი.
ჰაკერების სამყარო მრავალწახნაგოვანია, აქ ერთმანეთზეა გადახლართული კიბერდანაშაული და ეთიკური ჰაკერობა. ამიტომ როდესაც საქმე კიბერდანაშაულის რისკს ეხება, აუცილებელია მისი მოტივაციისა და ეთიკის გაგება. განათლების, დროული ჩარევისა და მხარდაჭერის წყალობით, საზოგადოებას შეუძლია ნიჭიერი ახალგაზრდები ეთიკური ჰაკერობის გზაზე დააყენოს და ამით უსაფრთხო ციფრული ლანდშაფტის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.