საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობამ უკვე შეიმუშავა დეოლიგარქიზაციის გეგმა და “ქართული ოცნების” გუნდი მას მალე წარუდგენს საზოგადოებას. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და თუ ამჯერადაც არ მიენიჭება საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება უდიდესი უსამართლობა.
„გუშინ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დავამტკიცეთ. ასევე, პარლამენტთან ერთად შევთანხმდით, რომ ყველა იმ პუნქტზე, რაზეც ბატონ ბორელთან და მის გუნდთან გვქონდა საუბარი, მმართველ პარტიას რეაგირება ექნება. მაქსიმუმს გავაკეთებთ და იმ კვირაში, მაქსიმუმ თვის ბოლომდე ეს პროცესი ჩაიხურება. ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული. მიზეზი არ არის და აღარ იარსებებს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს ქვეყანამ სტატუსი. ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა და უსამართლობა, რასაც არ შევეგუებით. საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს! მითუმეტეს, იმ ქვეყნებთან მიმართებით – უკრაინა მოლდოვასთან შედარებით. ყველამ ვიცით, რა ხდება ამ ქვეყნებში. არავის ვედრებით, მაგრამ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, მითუმეტეს იმ გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რაც რეგიონშია და იმ შედეგების, მიღწევების გათვალისწინებით, რასაც ჩვენმა გუნდმა მივაღწიეთ”,- განაცხადა პრემიერმა.
ალეკო გვეტაძე