სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა მყიფეა, ორი სახელმწიფო დროგამოშვებით სისხლიან კონფლიქტში ერთვება და არავინ იცის, თუ როდის შეიძლება განახლდეს სრულმასშტაბიანი ომი ჩვენს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის.
მთიანი ყარაბაღის მეორე ომმა ჩვენს რეგიონში სეპარატიზმის უკუქცევის პრეცედენტი შექმნა.
სამხრეთ კავკასია პოტენციური კონფლიქტების მიზეზთა მრავალფეროვნებითა და სირთულით ბალკანეთს არ ჩამოუვარდება, სეპარატიზმი კი რეგიონში სტაბილურობისა და მდგრადი განვითარებისთვის მთავარ გამოწვევად რჩება.
საქართველოს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის ომმა სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური დინამიკის ცვლილებას მისცა ბიძგი, მოსკოვი და ერევანი მოკავშირე სახელმწიფოები მხოლოდ ფურცელზე არიან, სომხეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუარესება აშკარაა, მეორე მხრივ კი ანკარა და ბაქო ერთმანეთს უფრო უახლოვდებიან.
მოსკოვში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების მიუხედავად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დროგამოშვებით სამხედრო მოქმედებებია.
აზერბაიჯანული მხარის ცნობით, მათ სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი 2 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო ტექნიკა მოსპეს, სწორედ ამ ომით დაიმკვიდრა ადგილი სამხედრო დრონმა საბოლოოდ როგორც ნებისმიერი არმიის შეიარაღების აუცილებელმა ერთეულმა.
სომხური არმია კვლავ ინარჩუნებს მეტწილად საბჭოთა და რუსული ლიცენზიის მქონე სამხედრო შეიარაღების შესყიდვას, აზერბაიჯანული არმია კი ეყრდნობა სამამულო წარმოების ან თურქულ შეიარაღებას. გასათვალისწინებელია, რომ აზერბაიჯანს მეტი ფინანსური რესურსი და ჯარისკაცი ჰყავს, ვიდრე სომხეთს.
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე გეოპოლიტიკურ პაექრობაზე სასაუბროდ “ევრონიუს ჯორჯიამ” საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მკვლევარი, გიორგი კობერიძე მოიწვია.