ჩრდილოეთ კორეელი დიქტატორის მატარებელი რუსეთის ტერიტორიაზე მოსკოვის დროით დილის ხუთ საათზე გადავიდა. ფხენიანის ოფიციალური წყაროები ასე წერდნენ: „პატივცემული ამხანაგი პარტიის, მთავრობისა და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების თანხლებით გაემგზავრა და ის გულმხურვალედ გააცილეს მასებმა“. საერთაშორისო მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინი ხვალ, 13 სექტემბერს შეხვდება ვლადიმერ პუტინს, რომელიც ახლა ვლადივასტოკშია და „აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმს“ ესწრება. ამ ორი ლიდერის შეხვედრა წინა ჯერზეც ვლადივასტოკში იყო, 2019-ში… მას შემდეგ არც შეხვედრის ადგილი შეცვლილა და არც კიმ ჩენ ინის მატარებელი, მაგრამ სრულიად შეიცვალა საერთაშორისო პოლიტიკა და სალაპარაკო თემა.
შეხვედრის კომენტირებისგან ჯერ თავს იკავებს ამერიკის პრეზიდენტი, თუმცა გზავნილი ვაშინგტონიდან უკვე იყო. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საიდუმლო მოლაპარაკებების მიზანი მოსკოვისთვის შეიარაღების გადაცემაა, რომელსაც ის უკრაინასთან საომრად გამოიყენებს. ამერიკა მხარეებს კვლავ სანქციებით ემუქრება, ექსპერტები კი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი რუსეთის სასოწარკვეთის ნიშანია.
ტემპლის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი ჯეიმს დ.ჯ. ბრაუნი ამბობს: „ვფიქრობ, ეს ყველაფერი რუსეთის სასოწარკვეთაზე მიუთითებს. გასაოცარია, როგორ შეიცვალა ყველაფერი წინა ფორუმის შემდეგ. რამდენიმე წლის წინ, როცა ეს ფორუმი ტარდებოდა, მას ესწრებოდნენ იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერები, ასევე წარსულში ესწრებოდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრიც. წელს კი, ერთადერთი სახელმწიფოს ლიდერი, რომელიც ვლადივასტოკში ამ ფორუმს დაესწრება კიმ ჩენ ინია“.
და რას სთავაზობს იარაღის სანაცვლოდ კიმ ჩენ ინს მოსკოვი? – სამხრეთ კორეაში მიაჩნიათ, რომ საკვებს. როგორც ჩანს, დიქტატურა და საერთაშორისო იზოლაციაში ცხოვრება არც თუ მარტივი საქმეა და ფხენიანს მოქალაქეების გამოსაკვებად უწევს იარაღი სურსათში გაცვალოს. ასევე სეულის ცნობით, ფხენიანი ითხოვს ენერგორესურსებს და თანამედროვე იარაღის წარმოების ტექნოლოგიებს.
„იმის გათვალისწინებით, რომ კიმის თანმხლები სამხედრო პერსონალის დიდი რაოდენობაა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, გაიმართება თუ არა მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის იარაღის ვაჭრობისა და ტექნოლოგიების გადაცემის შესახებ”,- აცხადებს სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი ჯეონ ჰა-კიუ.
სამხრეთ კორეაში კიმ ჩენ ინის შეხვედრები სხვა ქვეყნის ლიდერებთან ტრადიციულად აშფოთებდათ. თუმცა წელს სეულის მსგავსად ეს სხვა ქვეყნებშიც ასეა. მაგალითად, ტოკიოში აცხადებენ, რომ ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან და ხაზს უსვამენ, რომ ჩრდილოეთ კორეასთან იარაღთან დაკავშირებული შეთანხმების დადება გაეროს კონვენციებთან შეუსაბამო ამბავია. სხვა სახელმწიფოებისგან განსხვავებით, პეკინში არ აქვთ პრობლემა, რომ მათმა მეზობლებმა თანამშრომლობის არეალი გააფართოონ.
21-ე საუკუნეში ქვეყნის ლიდერისთვის ცოტა უჩვეულო ამბავია ათობით საათის მატარებელში გატარება, მაგრამ ეს ხომ ტყვიაგაუმტარი მატარებელია, ფუფუნების საგნებით აღჭურვილი. ვუდრო ვილსონის მეცნიერთა საერთაშორისო ცენტრში დღეს გაიხსენეს, რომ ამ მატარებლით რუსეთში ჩასულ კიმ ჩენ ინის მამას, 2001 წელს ლობსტერები ავიარეისით დააწიეს, რათა ჩასვლისთანავე ევახშმა. ასე იქცევა ჩრდილოეთ კორეის ახლანდელი ლიდერიც. ამ მატარებლით მან წლების წინ პეკინში ჩასვლას 60 საათიც კი მოანდომა. სამაგიეროდ, კიმების ეტიკეტი დაიცვა ხალხის თვალში, რომელსაც თავად ოფიციალური ფხენიანი დღეს გავრცელებული ტექსტის მიხედვით „მასებს“ ეძახის.
სოფო მაქაცარია