უკვე მეორე სასწავლო წელი დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მეორე სასწავლო წელია უკრაინელი ბავშვების ნაწილი სწავლას სამშობლოდან შორს აგრძელებს. მაგალითად, პოლონეთში 170 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვია, ისინი წელს უკვე ნაცნობ საკლასო ოთახებში, კარგად ნაცნობ კლასელებთან ერთად განაგრძობენ სწავლას, თუმცა, სამშობლოდან შორს. პოლონეთში სულ 85 ათასი კლასია და სტატისტიკის თანახმად გამოდის, რომ თითოეულ კლასში სულ მცირე ერთი უკრაინელი მოსწავლე მაინც არის.
„ჩვენ აქ ვსწავლობთ თუმცა, არდადეგების დროს უკრაინაში ვიყავი. მე და ჩემი კლასელები ვცდილობთ ურთიერთობა შევინარჩუნოთ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენგანი სხვადასხვა ქვეყანაში ვაგრძელებთ სწავლასა და ცხოვრებას“, – ამბობს ვიქტორია.
ვარშავაში უკრაინული სკოლებიც გაიხსნა. ამ სკოლებში უკრაინელებს მშობლიურ ენაზე ასწავლიან და ცდილობენ მოსწავლეებმა თავი ისე იგრძნონ, როგორც სახლში.
„ეს არის ჩვენი მისია. ვიმუშავოთ უკრაინელ ბავშვებთან, ახალგაზრდებთან, მათთან, ვინც გაიზრდება და სამშობლოში ქვეყნის ასაყვავებლად დაბრუნდება“, – ამბობს მარინა იუსინი.
პოლონეთში მყოფი უკრაინელი ბავშვების დაახლოებით ნახევარი პოლონურ სკოლებში სწავლობს. როგორც აღმოჩნდა ამ სკოლებში განათლების მიღება უკრაინელი ბავშვებისთვის უფრო რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა მათგანმა იპოვა გზა და დაძლია სირთულეები, მაინც რჩებიან ბავშვები, რომლებიც უკვე მეორე წელია დახმარებას, მხარდაჭერასა და ყურადღებას საჭიროებენ.
„გაქცევის, გარემოს შეცვლისა და გაურკვევლობის ტრავმა გავლენას ახდენს როგორც ზრდასრულებზე, ასევე ბავშვებზე, განსაკუთრებით ბავშვებზე. ვიკვლევდით უკრაინელი ლტოლვილების მდგომარეობას და უკრაინელმა ბავშვებმა გვითხრეს, რომ „მათ დაკარგეს მთელი სამყარო”. აი, ასეთი ფრაზა გაჩნდა ჩვენს კვლევაში და ამ შეგრძნებამ მათთვის გაართულა ყველაფერი. ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევა და ბარიერები, რომლებსაც უკრაინელი ბავშვები აწყდებიან“, – ამბობს ალან მოსელეი, საერთაშორისო სამაშველო კომიტეტის წარმომადგენელი.
პოლონეთში მცხოვრები უკრაინელი ბავშვების ნახევარი კვლავ უკრაინაში არსებულ სკოლებში, ონლაინ გაკვეთილებს ესწრება. გაერომ მათ მშობლებს მოუწოდა, რომ ჩარიცხონ შვილები ოფლაინ განათლების სისტემაში და ატარონ სკოლებში, რადგან სკოლა არამხოლოდ სწავლისთვის, არამედ სოციალიზაციისთვისაც აუცილებელია.