გუშინ ღამით თბილისში მოსულმა წვიმამ ბევრ ადგილას შექმნა პრობლემები. დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები. წაიქცა ხეები, დაზიანდა ელექტროსადენები. თბილისის ნაწილს გუშინ ღამით რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.
მოქალაქეები მთელი ღამის განმავლობაში სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ ვიდეოკადრებს, სადაც ჩანდა როგორ ჩადიოდა წყალი მათ კორპუსებში, ლიფტებსა თუ ბინებში. დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც კახა კალაძემ გუშინ უხვ ნალექთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
„ასეთი უხვი ნალექი თბილისს არ ახსოვს. ჩვენ სრულად მობილიზებული გვყავდა ჩვენი შესაბამისი სამსახურები იმიტომ, რომ როდესაც ამინდის ცვლილება ხდება, ყოველთვის გვაქვს მზადყოფნა გამგეობების, შესაბამისი სამსახურების მხრიდან. ამჯერადაც ჩვენი მხრიდან რეაგირება იყო დროული და სწრაფი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი 3 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ 2-ჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს, 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობას. როგორც იცით, წუხანდელმა ნალექმა თბილისის მთელი ტერიტორია მოიცვა და სხვადასხვა უბნებში გარკვეული პრობლემები შექმნა. მე გუშინ ვიმყოფებოდი ერთ კონკრეტულ ადგილზე, სადაც დატბორილი იყო მარჯვენა სანაპირო. უმძიმესი მდგომარეობა იყო. პრობლემები იყო გლდანის რაიონში, საბურთალოზე, სამგორის რაიონში, დიდუბის რაიონში. ბევრი კონკრეტული ქუჩა და რაიონი იყო, სადაც პრობლემები შეიქმნა. განცხადებები მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, თითქოს სანიაღვრე სისტემები დედაქალაქში არ მუშაობს. რა თქმა უნდა, მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა არის და ამას პირველი ჩვენ ვამბობთ. შემთხვევით არ არის ის, რომ სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაწარმოებთ, ყველგან ვცდილობთ, პირველი რაც გავაკეთოთ, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, საკანალიზაციო ქსელები, წყლის მილები, სანიაღვრე სისტემა, სადრენაჟე სისტემა და ა.შ“, – განაცხადა კახა კალაძემ, თბილისის მერმა.