მთავარიევროპაუკრაინათავისუფლება ტარას შევჩენკოს ღირებულებებით

თავისუფლება ტარას შევჩენკოს ღირებულებებით

დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის აღდგენიდან 32 წლის შემდეგ რუსეთი ამ ქვეყანაში  ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს და მილიონობით უკრაინელს სამშობლოდან შორს უწევს ცხოვრება.  საქართველოში  უკვე მეორე წელია ათასობით უკრაინელი ცხოვრობს.  ისინი სახლში ვერ ბრუნდებიან, რადგან მათი დიდი ნაწილი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდანაა.  უკრაინელები ამბობენ, რომ მათი სულისკვეთება და სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ დიდწილად დამყარებულია იმ ღირებულებებზე, რომლებიც შესახებაც უკრაინელი პოეტი ტარას შევჩენკო ჯერ კიდევ 19-ე საუკუნეში წერდა.  სიმბოლურად დღეს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს,  “ევრონიუს ჯორჯიამ” საქართველოში დროებით მცხოვრები უკრაინელები სწორედ ტარას შევჩენკოს მონუმენტთან ჩაწერა.

„ტარას შევჩენკოს ცხოვრება ძალიან დიდ კვეთაშია დღევანდელ სიტუაციასთან,  რადგან თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი მან გაატარა არა უკრაინაში, არამედ უცხო მიწაზე. თუმცა, არ დაუკარგავს თავისი ფესვები. ჩვენც, თუ არ  დავიკარგებით და ერთმანეთს გავუფრთხილდებით, ბოლოს ერთად დავბრუნდებით ჩვენს თავისუფალ ქვეყანაში და გავიმეორებთ შევჩენკოს ფენომენს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უკრაინამ მიიღო კანონი დეკომუნიზაციის შესახებ. დასახლებული პუნქტებიდან აიღეს   ლენინის, სტალინის ძეგლები, კომუნისტური სიმბოლიკა… და ასეთ ადგილებში უმეტესად სწორედ ტარას შევჩენკოს ძეგლები დაიდგა, რადგან ჩვენთვის მთავარი ცნებებია დამოუკიდებლობა, შეუპოვრობა, გამარჯვების სურვილი – ეს არის შევჩენკო და ეს არის უკრაინა- ეს ორი ერთი და იგივეა…“ – ამბობს კატერინა, ლტოლვილი ზაპორიჟიედან, რომელიც უკვე მეორე წელია საქართველოში ცხოვრობს.

მარია ხარკივიდან არის. ისიც საქართველოში გამოექცა რუსეთის მიერ წამოწყებულ სასტიკ ომს. ხარკივი ოკუპირებული არ არის, თუმცა მას რუსული ავიაცია ინტენსიურად ბომბავს. მარია ამბობს: „ტარას შევჩენკო ჩვენი ქვეყნის ყველაზე გამორჩეული მწერალია, მეხუთე კლასიდან ყველა ბავშვი სწავლობს სკოლაში მის შემოქმედებას, ყველაზე მნიშვნელოვან კობზარს, რომელიც ნათარგმნია 145 ენაზე…   ჩვენთვის ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,  პატივსაცემი, სამაგალითო… ახლა,  როცა ჩვენს ქვეყანაში ასეთი ფართომასშტაბიანი ომია, ყველას გვახსოვს, როგორ იბრძოდა თავად ტარას შევჩენკო თავისუფლებისთვის. ის ყოველდღე იბრძოდა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის, სხვა ქვეყანაში გადასახლებულმა ბევრი რამ გადაიტანა, ამიტომ ახლა ჩვენთვის სწორედ ტარას შევჩენკოა შესანიშნავი მაგალითი იმისა,  თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ  დამოუკიდებლობისთვის“.

„ევრონიუს ჯორჯია“ უკრაინელ ლტოლვილ იურისაც ესაუბრა. ის ოკუპირებული ყირიმიდან არის და 2014 წლის შემდეგ სახლში ვერ ბრუნდება. იური ამბობს, რომ ტარას შევჩენკოს ღირებულებები უფრო მეტად აქტუალური გახდა უკრაინელებისთვის მას შემდეგ, რაც 1991 წელს ამ ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა.

„უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ის არის გამოჩენილი უკრაინელი აქტივისტი, რომელმაც, სხვა საკითხებთან ერთად, საფუძველი დაუდო სახელმწიფოს განვითარებას…  მთელი მისი შემოქმედება გაჟღენთილია თავისუფლების იდეით. მისი ხედვები  პრაქტიკაში ხორციელდება მას შემდეგ, რაც უკრაინამ მოიპოვა დამოუკიდებლობა… ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ჩვენს პოლიტიკაზე… ჩვენ ახალგაზრდა დემოკრატია გვაქვს, სამოქალაქო საზოგადოება და ჰორიზონტალური მმართველობა იმ გაგებით, რომ ხალხს თავად შეგვიძლია ორგანიზება… ეს ამ ომმაც აჩვენა.  ყველა ის ღირებულება, რაც მის შემოქმედებაში იყო, დღეს პრაქტიკაში რეალიზდება. სახელმწიფოს შექმნაში  და ომში გამარჯვებაში…  რუსული პროპაგანდა ამბობს, რომ  უკრაინა არ არის დამოუკიდებელი, რადგან მას ყველა ფულს აძლევს სესხად, რაც თაობებმა უნდა იხადონ, მაგრამ მთავარი აქ ის არ არის, ვინ და რა თანხას აძლევს უკრაინას, რადგან დამოუკიდებლობა სწორედ ის არის, როცა შეგიძლია პასუხისმგებლობების აღება და თავად განსაზღვრა იმისა, თუ რა გინდა.    ერთი ციტატა ძალიან კარგად ასახავს ჩვენს თანამედროვეობას. ეს ტარას შევჩენკოს არ დაუწერია და სამწუხაროდ რუსულად არის, მაგრამ ვიტყვი: ვერავინ დაგვიშლის თავისუფლებით ტკბობას, სანამ ყოველ ჩვენგანში  უკრაინული სულია“ – ამბობს იორი, ლტოლვილი ყირიმის ნახევარკუნძულიდან, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერ არის ანექსირებული.

2021 წლის თებერვლის შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა საქართველოში თავშესაფარი ათასობით უკრაინელმა იპოვა.  გაეროს 2023 წლის მაისის მონაცემით, საქართველოში 24 180 უკრაინელი იმყოფებოდა.

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend