მას შემდეგ, რაც მაროკოელმა მცველმა ნუჰაილა ბენზინამ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ისლამური თავსაბურავით ითამაშა, კომპიუტერულ თამაშში „ფიფა 23“ მისი ფიგურის ჩაცმულობა განაახლეს და მას ჰიჯაბი გაუკეთეს,. მაინც რატომ იქცა ჰიჯაბი ფეხბურთში საკამათო თემად?
2023 წლის ფეხბურთის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოელ ფეხბურთელს ნუჰაილა ბენზინას ფეხბურთის ისტორიაში პირველად მსოფლიო თასის მატჩზე ისლამური თავსაბურავი ეკეთა. კომპიუტერული თამაშის FIFA -ს ბოლო, მეთექვსმეტე განახლებულ ვერსიაში, თამაშის ავტორმა კომპანია EA-მა ბენზინას ფიგურის ჩაცმულობა შეცვალა და თავზე ჰიჯაბი გაუკეთა.
FIFA 23 has added a player wearing a hijab for the first time in the series’ history, Morocco’s Nouhalia Benzina, after she made history in the FIFA Women's World Cup 2023. pic.twitter.com/GJ6xcxD6wu
— the female athlete project (@femathproject) August 10, 2023
FIFA-ს კომპიუტერული თამაშების სერიაში ქალთა საერთაშორისო გუნდები პირველად FIFA 16-ში გამოჩნდნენ, FIFA 23 კი პირველი თამაშია, რომელშიც ქალთა კლუბის გუნდებიც შევიდნენ.
“ჩვენი ხედვა მხოლოდ 150 მილიონ გულშემატკივართან კი არ არის დაკავშირებული, არამედ მილიარდთან,“ – განაცხადა კომპანია Electronic Arts-ის ვიცე-პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა პროდიუსერმა ჯონ შეფერდმა. „გვსურს ეს თამაში და ეს ბრენდი, ეს კლუბი, ეს ეკოსისტემა ყველასთვის მისაღები იყოს.“
კომპანია Electronic Arts-ის შემდეგი თამაშის სახელი იქნება არა FIFA, არამედ ახალი ბრენდული სახელი EA Sports FC 24, რომელიც FIFA-ს ლიცენზიას აიღებს. წლევანდელი თამაში EA Sports FC 24, როგორც ამბობენ, ქალებს Ultimate Team- ის სახელით ცნობილ თამაშშიც დაამკვიდრებს და მოთამაშეს საშუალებას მისცემს, რომ გუნდი დააკომპლექტოს როგორც მამაკაცებით, ისე ქალებით.
ჰიჯაბი ფეხბურთში კვლავ საკამათო საკითხია
რელიგიური მიზნით თავსაბურავის ტარება საფეხბურთო მატჩებზე მხოლოდ 2014 წელს დაიშვა, როდესაც FIFA-მ (ფეხბურთის მარეგულირებელმა ორგანიზაციამ და არა EA-ის სპორტულმა თამაშმა) ჰიჯაბთან დაკავშირებით თავისი თამაშის წესები განაახლა. მანამდე თავსაბურავის ტარება აკრძალული იყო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რადგან თვლიდნენ, რომ თავსაბურავს მოთამაშის ფიზიკური დაზიანება შეეძლო.
ბენზინა, რომელიც მაროკოს საფეხბურთო კლუბ ASFAR-სა და ასევე ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, სისტემატურად ატარებდა თავსაბურავს მიმდინარე ქალთა საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის დროს.
მიუხედავად იმისა, რომ თავსაბურავი 2014 წელს ოფიციალურად დაიშვა, 25 წლის მცველი გააკრიტიკეს შეჯიბრების დროს ჰიჯაბის ტარების გამო. ჟურნალისტმა ფილიპე გიბერმა მის ნაბიჯს „წარმოუდგენელად რეგრესული“ უწოდა, ხოლო ფრანგულმა სპორტულმა გამოცემა L’Equipe-მ განაცხადა, რომ „ფიფას პოზიცია არ ემთხვევა საფრანგეთისას.“
2023 წლის ივნისში საფრანგეთის სასამართლოს უმაღლესმა ორგანომ მხარი დაუჭირა ფეხბურთელი ქალებისთვის ჰიჯაბის აკრძალვას მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსებმა ეს საკითხი აიტაცეს და განაცხადეს, რომ სეკულარიზმი საფრთხის წინაშე იდგა.
“სპორტულ ფედერაციებს, რომელთა ამოცანაც არის, უზრუნველყონ საჯარო სამსახურის შეუფერხებლად მუშაობა, შეუძლიათ სპორტული შეჯიბრებებისა და ღონისძიებების დროს სპორტსმენებს ნეიტრალიტეტის დაცვა მოსთხოვონ, რათა არსებობდეს გარანტია, რომ მატჩები ჩატარდება უსაფრთხოდ, ყოველგვარი შეტაკებისა და დაპირისპირების გარეშე“, – წერია საკონსტიტუციო საბჭოს დადგენილებაში. ამ დადგენილების მიხედვით, საფრანგეთის საფეხბურთო ფედერაციის წესი, რომელიც კრძალავს თამაშის დროს ნებისმიერი ნიშნით თუ ჩაცმულობით პოლიტიკური, ფილოსოფიური, რელიგიური თუ რომელიმე კავშირის მრწამსის გამჟღავნებას, არის უპრიანი და შესატყვისი.
მუსლიმანმა ფეხბურთელმა ქალებმა, რომლებსაც „ჰიჯაბმიმდევრები“ უწოდეს, საფრანგეთის საფეხბურთო ფედერაციის განაწესის საწინააღმდეგო მოძრაობა დაიწყეს. განაჩენის გამოტანამდე მოსამართლეები გარკვეული პოლიტიკური წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ, რადგან ძირითადმა პარტიებმა ბოლო დროს აღზევებული უკიდურესი მემარჯვენეების გავლენის გაბათილება სცადეს.
ფრანგული სეკულარიზმის კონცეფცია საფრანგეთში მტკივნეულ საკითხად რჩება. მისი მომხრეები ამ კონცეფციას წარმოაჩენენ, როგორც სახელმწიფოს რელიგიური ნეიტრალიტეტის გარანტიას. მისი მოწინააღმდეგენი კი ამტკიცებენ, რომ ის ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების, განსაკუთრებით კი მუსლიმანების გაღიზიანებას იწვევს,
ჰიჯაბის აკრძალვა, რომელიც ჰიჯაბით თავდაბურულ ქალებს საფრანგეთში ნებისმიერ თამაშში ოფიციალურად მონაწილეობის უფლებას ართმევს, გააკრიტიკეს. მაროკო ქალთა მსოფლიო თასის საფეხბურთო ჩემპიონატს მას შემდეგ გამოეთიშა, როცა საფრანგეთთან ანგარიშით 4:0 დამარცხდა.
ავტორი: დავიდ მურიქანდი