პორტუგალიის ეროვნული საგანგებო და სამოქალაქო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, რეგიონ ოდემირაში, ათასამდე მეხანძრე ტყის ხანძარს ებრძვის. განადგურებულია 7000 ჰექტარი მიწის ფართობი. პრევენციის მიზნით მიმდებარე ტერიტორიებიდან გაიყვანეს 1400-ზე მეტი ადამიანი, რომელთა ნაწილი გუშინ უკვე დაბრუნდა სახლში. ტყის ხანძარი გასულ შაბათს გაჩნდა. პორტუგალიაში ბოლო დროს ძლიერი სიცხეებია.
ლისაბონიდან 80 კილომეტრში, სანტარენში კი, ქვეყანაში რეკორდული ტემპერატურა – 46 გრადუსი გამოვლინდა.
ესპანეთშიც მაღალი ტემპერატურაა, რომელიც ტყის ხანძრების გავრცელებას უწყობს ხელს. ტყის ხანძრების შედეგად დაზარალდა ესტრამადურის რეგიონი. ვალენსია-დე-ალკანტარაში კი, რომელიც პორტუგალიის საზღვართან მდებარეობს, 300 ჰექტარი მიწის ფართობი დაიწვა.
ესპანეთის მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ მაღალი ტემპერატურა მიმდინარე კვირაშიც შენარჩუნდება, გარკვეულ ადგილებში შესაძლოა 44 გრადუსსაც კი მიაღწიოს.