რაჭაში, შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.
რაჭაში, შოვში მეწყრის განვითარების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა. მაშველებმა ოთხი ცხედარი დღეს აღმოაჩინეს. სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე უცნობია მოხდა თუ არა ნაპოვნი ცხედრების იდენტიფიცირება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ამბობს, რომ მეწყერმა ჭალაში არსებული კოტეჯები სრულად გაანადგურა. დღეს დილის 6 საათიდან ოპერაციაში ისევ ჩაერთო სასაზღვრო სამსახურის 2 ვერტმფრენი.
სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 140 ადამიანი. შსს-ს ცნობითვე, მეორე დღეა, უწყვეტი რეჟიმით გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც ჩართულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები და მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.