მთავარიევროპაუკრაინარუსული ომი უკრაინაში - კონტრიერიში გრძელდება

რუსული ომი უკრაინაში – კონტრიერიში გრძელდება

უკრაინაში გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტის ხაზზე არაერთი მძიმე შეტაკება დაფიქსირდა. დაიბომბა უკრაინის მშვიდობიანი დასახლებები და უკრაინელი სამხედროების პოზიციები. რუსულ სარაკეტო იერიშებს უკრაინის ქალაქ კრივიი რიჰქში მსხვერპლიც მოყვა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსული ისკანდერის ტიპის რაკეტების აფეთქების შედეგად, 70-მდე ადამიანი დაიჭრა. არიან დაღუპულები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც. „ეს არის ტერორიზმი, მსოფლიოში სხვა სახელს ამ ქმედებას ვერავინ დაარქმევს“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და უკრაინული არმიისთვის დამატებითი შეიარაღების გადაცემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ვოლოდიმირ ზელენსკი:

„ჩვენი სამხედროების მიერ მოწოდებული წინასწარი მონაცემებით, ეს ორი რაკეტა კრივიი რიჰის მიმართულებით დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან გამოისროლეს. ქალაქ დჟანკოის რაიონიდან. ეს ისევ და ისევ იმას ამტკიცებს, რომ ჩვენი ქალაქების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უკრაინელების ნორმალური ცხოვრებისთვის, ჩვენი შვილებისთვის საჭიროა, რომ ჩვენს სამხედროებს საკმარისი შორსმსროლელი იარაღი ჰქონდეთ, რათა მტერს ზიანი მივაყენოთ. რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიო სანქციების ზეწოლა კი უნდა გაიზარდოს. მნიშვნელოვნად უნდა გამკაცრდეს სანქციები ტერორზე. რაკეტების წარმოებისთვის საჭირო კრიტიკული კომპონენტების რუსეთში მიწოდების არხები მნიშვნელოვნად უნდა შეზღუდოს. უნდა გადამწყვეტად ვუპასუხოთ – მივაწოდოთ უკრაინას საჭირო თანამედროვე იარაღი, შორი დისტანციის რაკეტები, რათა მოვიშოროთ ეს ტერორისტული საფრთხე, რომელსაც რუსეთი ქმნის ჩვენი ხალხის, ჩვენი შვილების წინააღმდეგ“.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით გასული დღის განმავლობაში მტერმა 9 სარაკეტო, 57 საავიაციო და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 61 იერიში მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე.
კიევიდან ჩრდილოეთ მიმართულებაზე, ჩერნიგოვის ოლქში რუსულ დივერსიულმა ჯგუფმა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთაც სცადა, თუმცა როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალები იუწყება – დივერსანტები მოგერიებულია. ამავდროულად გრძელდება კონტრშეტევითი ოპერაციები:

ოლეკსანდრ შტუპუნი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი: „რუსი ოკუპანტები კვლავ ბოროტად იყენებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მაგალითად, ლუგანსკის ოლქის ნიჟნი ნაგოლჩიკში მაღაროელთა დისპანსერის შენობაში მტერმა 100-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე განალაგა, ხოლო ლუგანსკის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, სასწავლო დაწესებულების შენობებში 100-ზე მეტი დამპყრობელი განთავსდა. თავდაცვის ძალების ავიაციამ მოწინააღმდეგის პოზიციებზე 7 იერიში მიიტანა, ასევე დავაზიანეთ 3 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი. ჩვენმა საზენიტო სარაკეტო კომპლექსებმა გასულ დღეს დამატებით კიდევ 5 საზენიტო სარაკეტო სისტემა გაუნადგურეს რუსებს. განადგურდა მძიმე, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა ტოს 1, ხუთი საარტილერიო საშუალება, რადიო ელექტრონული ბრძოლის ორი სისტემა და პირადი შემადგენლობის თავშეყრის 5 რაიონი“.

კონტრშეტევის ძირითადი მიმართულებები უცვლელია. უკრაინელი სამხედროები რუსულ საოკუპაციო ძალებს მელიტოპოლი-ბერდიანსკის, ბახმუტისა და დონეცკის მიმართულებით უტევენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend