მთავარიამბებიმშვიდობა მხოლოდ ფურცელზე - მთიანი ყარაბაღის ამბავი

მშვიდობა მხოლოდ ფურცელზე – მთიანი ყარაბაღის ამბავი

მთიან ყარაბაღში გადაადგილება მარტივი საქმე არ არის და ამის მიზეზი არ არის გეოგრაფია.   მიზეზი პოლიტიკაა… ათწლეულების განმავლობაში მოუშუშებელი კონფლიქტი და მუდმივი დაძაბულობა ბაქოსა და აზერბაიჯანს შორის. ამ რეგიონში რუსი სამხედროები არიან მას შემდეგ, რაც მოსკოვის შუამავლობით, 2020 წელს სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ამ შეთანხმებამ მაშინ ომი შეაჩერა, მაგრამ მშვიდობა მაინც ვერ მოიტანა…

„ევრონიუსის“ კორესპონდენტი, ანელიზ ბორჯესი ლაჩინის დერეფანში ჩავიდა. ეს ერთადერთი გზაა, რომელიც დღეს სომხეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს მთიან ყარაბაღთან აკავშირებს. იმ მიწებთან,  სადაც ეთნიკურად სომხები ცხოვრობენ. და აქ აზერბაიჯანელებმა ააგეს საგუშაგო, რადგან თვლიან, რომ მათი გადასაწყვეტია, თუ როგორ გააკონტროლებენ მიმოსვლას აზერბაიჯანის ტერიტორიებზე.  ერევანმა არაერთხელ დაადანაშაულა ბაქო დერეფნის ჩაკეტვაში,  ბარიერების ხელოვნურად შექმნაში და ფაქტობრივად ალყაში მოქცეულ ჩრდილოეთ ოლქში  მოსახლეობის გამომწყვდევაში… ასევე, სომხეთში ამბობენ, რომ ბაქო არ უშვებს რეგიონში საკვებსა და მედიკამენტებს. აზერბაიჯანმა ეს ყველაფერი არაერთხელ უარყო. „ევრონიუსის“ ჯგუფი ლაჩინის დერეფნის საგუშაგოსთან აზერბაიჯანულმა მხარემ მიიყვანა, რათა ეჩვენებინა, რომ  ლაჩინის დერეფანი რეალურად ღიაა და  გამშვები პუნქტიც მუშაობს.  თუმცა, ჟურნალისტებს ბევრი კითხვა გაუჩნდათ, რადგან ნახეს რომ უკვე  მთელი კვირაა ამ საგუშაგოსთან წითელი ჯვრის ავტომობილების კოლონაა გაჩერებული, რომელსაც სომხეთის ცნობით რეგიონში ჰუმანიტარული დახმარება უნდა შეეტანა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი განცხადებას აქვეყნებს, სადაც  აღნიშნულია, რომ ის ყველაფერი, რაც მთიან ყარაბაღში  ხდება, აბსოლუტურად არ არის ნორმა.

მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხები  ადასტურებენ, რომ მათ არ აქვთ წვდომა საკვებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე.  სტეფანაკერტელი ჟურნალისტი, მარუტ ვანიანი ამბობს, რომ  ბლოკადაში მოქცეულ ტერიტორიაზე დაახლოებით 5-6 დიდი სუპერმარკეტია და ყველა მათგანი სრულიად  ცარიელია.  მისივე თქმით, მაღაზიებში პურის შოვნაც კი დიდ სირთულეებს უკავშირდება.

„ყარაბაღელები გულისტკივილს გამოხატავენ და არ ესმით, თუ რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს ჰუმანიტარული კრიზისის ხელოვნურად შექმნა…. ჩვენ უნდა გვქონდეს თავისუფალი არჩევანი, რომ თავად გადავწყვიტოთ,  ვისგან შევიძენთ სურსათს… მოგვეცით საშუალება  ვაკეთოთ ეს ისე, როგორც ამას ბლოკადამდე ვაკეთებდით“ – ამბობს სტეფანაკერტელი ჟურნალისტი, მარუტ ვანიანი.

ბაქოში აცხადებენ, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა პროდუქტი უნდა შეიძინონ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლის შემადგენლობაშიც არიან –  ანუ აზერბაიჯანში.  ეს კი იმ ფონზე, როცა ევროკავშირის მაღალი რანგის დიპლომატებმა უკვე გააფრთხილეს ბაქო, რომ მოლაპარაკებების წარმატებით გასაგრძელებლად აუცილებელია, რომ ჰუმანიტარული საკითხები არ იყოს პოლიტიზებული.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend