მთავარიამერიკააშშამოუცნობი მფრინავი ობიექტების თემაზე აშშ - ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენა გაიმართა

ამოუცნობი მფრინავი ობიექტების თემაზე აშშ – ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენა გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა. როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიის წევრები დაინტერესებულნი იყვნენ ამ საკითხის განხილვით, ვინაიდან ამოუცნობი მფრინავი ობიექტები ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენენ.

ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნების მტკიცებით ვაშინგტონი ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაციას უმალავს და ხელისუფლება ამ მფრინავი ობიექტების ასლების თავად შექმნას ცდილობს.

პენტაგონში ამ ინფორმაციას უარყოფენ.

ერთ-ერთმა სიტყვით გამომსვლელმა, აშშ – ის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მაიორმა დევიდ გრუშიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება მფრინავი ობიექტების შესახებ ინფორმაციას 1930 წლებიდან ფლობს.

„ჩემი საქმიანობის ფარგლებში, მივიღე ინფორმაცია, ათწლეულების განმავლობაში ჩამოვარდნილი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ნამსხვრევების აღმოჩენისა და მათი აღდგენის ბევრი მცდელობის შესახებ. მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით ჩემი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მეთაურობის მიერ და მე დამემუქრნენ, სწორედ ამ მიზეზით გადავწყვიტე, თქვენს წინაშე სიტყვით გამოსვლა. ჩემს წინააღმდეგ მუქარის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს და მე მეტ დეტალს ვერ გეტყვით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მოსახლეობისთვის სიმართლის თქმით დასრულდება”, – განაცხადა აშშ – ის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მაიორმა დევიდ გრუშიმ.

კიდევ ერთი სიტყვით გამომსვლელის, აშშ – ის შეიარაღებული ძალების ყოფილი ლეიტენანტის რაიან გრეივსის თქმით, როგორც სამხედრო, ასევე კომერციული პილოტები ხშირად ხედავენ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს.

„ამოუცნობი მფრინავი ობიექტები ყველგან არიან, უბრალოდ მათ შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სამხედრო და კომერციული პილოტები ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს სისტემატიურად ხედავენ, მათი და მგზავრების სიცოცხლე ხომ დიდწილად ცაში სხვა ობიექტების ამოცნობაზეა დამოკიდებული, უბრალოდ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებით საუბარი ერთგვარ სოციალურ სტიგმასთან არის დაკავშირებული და ბევრი პილოტი ერიდება ამ საკითხის განხილვას.  ეს ამავე დროს ეროვნულ უსაფრთხოებასთან არის კავშირში და ეს საკითხს კიდევ უფრო მეტად ართულებს”, – მიიჩნევს აშშ – ის შეიარაღებული ძალების ყოფილი ლეიტენანტი რაიან გრეივსი.

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში გამართულ სხდომას დაესწრნენ  მოქალაქეებიც.

„ვეჭვობ, რომ რაიმე ისეთი გავიგეთ, რაც აქამდე არ ვიცოდით უბრალოდ ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით ღიად მიმდინარეობს საუბარი და ეს გადამწყვეტია, რამდენიმე სერიოზული პიროვნება გამოვიდა სიტყვით და სიმართლის გავრცელების მიზნით საკუთარი რეპუტაცია რისკის ქვეშ დააყენა ეს დასაფასებელია. ჩვენ ახლა ვიცით, რომ ჩვენს ხელისუფლებას ამოუცნობი მფრინავი ობიექტები და უცხოპლანეტელთა სხეულები აქვს. ეს დიდი მოვლენაა”, –  თქვა აშშ-ის მოქალაქე პეტ დოლანმა.

ამერიკელი კანონმდებლების ნაწილი პენტაგონს ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ინფორმაციის შემცველი მასალის არასაკმარისი რაოდენობით გავრცელებაში სდებენ ბრალს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend