რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის უახლოეს მოკავშირეს, ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდერ ლუკაშენკას, სანქტ-პეტერბურგში უმასპინძლა. ეს პირველი შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც ბელარუსის პრეზიდენტის შუამავლობით რუსეთში გასულ თვეს “ვაგნერის“ მიერ წამოწყებული ამბოხი დასრულდა.
მოსკოვმა ორი დღის წინ პოლონეთი გააფრთხილა, რომ ნებისმიერი აგრესია, რომელიც მისი მოკავშირის, ბელარუსის, წინააღმდეგ იქნება მიმართული, აღიქმება რუსეთზე თავდასხმად. ვლადიმერ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა ცდილობდა კონტრშეტევას, თუმცა უშედეგოდ. მისი თქმით, მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს.
ბელარუსის პრეზიდენტმა პუტინს განუცხადა, რომ ბელარუსში მყოფი „ვაგნერის“ მებრძოლები პოლონეთში გადასვლის ნებართვას ითხოვენ. როგორც თავად ამბობენ, მათ ვარშავაში ექსკურსიაზე წასვლა სურთ.
საზღვაო მუზეუმის მონახულების შემდეგ პრეზიდენტებმა სანთლები დაანთეს რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომელიც დაღუპული მეზღვაურების პატივსაცემად აიგო. ორი ლიდერი ეკლესიის გარეთ შეკრებილ ადგილობრივებსაც შეხვდა.