კვირას ესპანეთში გაიმართა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელზეც ამომრჩეველთა რეკორდული რაოდენობა – 70 პროცენტი გამოცხადდა. ყველაზე მეტი ხმა – 33 პროცენტი კონსერვატიულმა „სახალხო პარტიამ“ მიიღო, თუმცა, ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა ვერ მოიპოვა. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის გადაყენებას ვერ შეძლებს.
„ჩვენი ვალდებულებაა, თავიდან ავიცილოთ გაურკვევლობა. დღეს ესპანელმა ხალხმა ნდობა გამოგვიცხადა. არჩევნების შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, ჩანს, რომ საზოგადოებამ თითოეულ საპარლამენტო პარტიას დიალოგისკენ მოგვიწოდა. მეც, როგორც იმ პარტიის წევრს, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მიმაჩნია, რომ დიალოგი აუცილებელია“, – განაცხადა „სახალხო პარტიის“ ლიდერმა, ალბერტო ნუნიეს ფეიხოომ.
პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის სოციალისტური პარტია 31.7 პროცენტით მეორე ადგილზე გავიდა. მიუხედავად ამისა, მმართველი პარტია არჩევნების შედეგებით კმაყოფილია. რადგან სხვა პარტიებთან ერთად ბლოკის ჩამოყალიბების შემთხვევაში ისინი ესპანეთის პარლამენტში უფრო მეტ ადგილს დაიკავებენ, ვიდრე „სახალხო პარტია“ და ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსი“. თუმცა, სავარაუდოდ, საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად მას 176 პარლამენტარის გაერთიანება გაუჭირდება. მესამე ადგილზე კი 15 პროცენტით ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსი“ გავიდა.
„მინდა ესპანელებს სამწუხარო ამბავი ვუთხრა. მიუხედავად იმისა, რომ პედრო სანჩესი არჩევნებში დამარცხდა, ის შეიძლება ხელისუფლებაში მაინც დარჩეს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ პედრო სანჩესი მთავრობაში კომუნისტების, სეპარატისტების, გადატრიალების ორგანიზატორებისა და ტერორისტების დახმარებით დარჩება. ახლა ამ დაჯგუფებებს გაცილებით მეტი ძალაუფლება აქვთ, მოუწყონ შანტაჟი საკანონმდებლო ორგანოს, ვიდრე ადრე ჰქონდათ”, – განაცხადა პარტია VOX-ის პარტიის ლიდერმა სანტიაგო აბასკალმა.
წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდი იმ რისკებზე საუბრობდა, რომლებიც ოპოზიციური პარტიების „სახალხო პარტიისა“ და „ვოქსის“ გაერთიანებას მოჰყვება. სოციალისტური პარტიის წევრების განცხადებით, მემარჯვენე პარტიის კოალიციაში შესვლა ანტიფემინისტური და ულტრანაციონალისტური პოლიტიკის გატარებას გულისხმობს.