უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში დიდი რაოდენობით თანამედროვე შეიარაღებისა და ტყვია წამლის მიწოდების დაპირება მიიღო.
მიუხედავად ამისა, უკრაინის პრეზიდენტს არ დაუმალავს უკმაყოფილება მისი სახელმწიფოს ნატოში გაწევრების თარიღის ბუნდოვანებასთან დაკავშირებით.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტთა აზრით, ვილნიუსის სამიტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ალიანსის ერთიანობის კიდევ ერთი დასტურია, მაგრამ უდიდესი დამსახურება ამ თვალსაზრისით არა დასავლელ პოლიტიკოსებს, არამედ ვლადიმერ პუტინს აქვს.
„მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა ალიანსის ერთიანობის შენარჩუნების თვალსაზრისით წარმატებას მიაღწია. მიუხედავად ამისა, გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი აზრით ნატო გამოცოცხლებულია სწორედ ვლადიმერ პუტინის დამსახურებით, სწორედ მისი ქმედებების შედეგია ალიანსის წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება”, – მიიჩნევს აშშ – ის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი მაიკლ ალენი.
ვილნიუსში, ნატოს სამიტის მეორე და დასკვნით დღეს ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა გადაწყვეტილებით შეიქმნა ნატო – უკრაინის საბჭო, ამ საბჭოს მეშვეობით ალიანსის წევრ 31 სახელმწიფოსა და უკრაინას შეეძლებათ გაცილებით უფრო სწრაფად და ეფექტიანად თანამშრომლობა.
„უკრაინელები, რა თქმა უნდა, უკმაყოფილონი არიან რომ ნატოში გაწევრების მკაფიო გეგმა არ მიუღიათ. მე პირადად მიმაჩნია, რომ უკრაინელები გაწევრებას იმსახურებდნენ. ეს ალიანსის დიდი შეცდომაა. ამავე დროს არ შეიძლება, რომ უგულვებელყოთ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება და კიევისთვის გაცემული დაპირება დამატებით დახმარების შესახებ. ნატოს კომუნიკეც პირდაპირ თანხვედრაშია პრეზიდენტ ზელენსკის გაცხადებულ გეგმებთან, კომუნიკეში წერია, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა გადამწვეტი მნიშვნელობის მატარებელია”, – ამბობს „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი იან ბრჟეჟინსკი.
უკრაინის ნატოში გაწევრება ვილნიუსის სამიტზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი გახლდათ, ნათელია რომ დემოკრატიული დასავლეთი მზად არის, უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიოს, რათა უკრაინამ გააკეთოს ის, რისთვისაც ნატო არსებობს, შეაკავოს რუსეთი.
„საჯაროდ აცხადებენ, რომ უკრაინა რუსეთთან ომშია ჩაბმული. თუ უკრაინა ნატოს წევრი გახდება, ეს ომი ნატოსა და რუსეთის კონფლიქტად გადაიქცევა. მე არ მჯერა ამ დებულების. მიმაჩნია, რომ უკრაინის ნატოში გაწევრების საკითხის უკეთ მომზადება შესაძლებელი იყო, გამოწვევაა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კრემლთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება და უკრაინის ნატოში გაწევრება მათთვის მოლაპარაკებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი იქნება”, – აღნიშნავს მაიკლ ალენი.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინა ნატოში გაწევრებისთვის მზად არ არის, უკრაინული დემოკრატია ჯერ კიდევ მყიფეა.