ვილნიუსში, ნატოს სამიტის მეორე დღეს, ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა მეტ სამხედრო დახმარებას მიიღებს, რაც შეეხება ალიანსში გაწევრებას, ნატოს ქვეყანათა მეთაურების თქმით, კიევი ალიანსის წევრი გახდება მაშინ, როდესაც მოკავშირეების აზრით უკრაინა შესაბამის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო უკრაინას 3 ნაწილისგან შემდგარ ახალ შეთანხმებას სთავაზობს, რომელიც მოიცავს ნატოს მიერ უკრაინისთვის დამატებით სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას.
ნატო უკრაინის კომისიის ახალ ფორმატს და საბოლოო ჯამში უკრაინის ნატოში გაწევრებას სთავაზობს.
იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის ფედერაციის გადასაწყვეტი არ არის რომელი სახელმწიფო გახდება ნატოს წევრი.
„უკრაინას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს თუ უსაფრთხოების რა სახის გარანტიები და მოცემულობა ურჩევნია, ეს ფუნდამენტური მოცემულობაა როდესაც ნატოში უკრაინის გაწევრებასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, მოსკოვი ვერ გადაწყვეტს ვინ გახდეს ნატოს წევრი და ვინ არა, რუსეთი ნატოს გაფართოების ყველა ტალღის წინააღმდეგი იყო, მხოლოდ ნატოს წევრი სახელმწიფოების და უკრაინის გადასაწყვეტია თუ როდის გახდება კიევი ალიანსის წევრი, მოსკოვს ამ საკითხთან დაკავშირებით ვეტოს უფლება არ გააჩნია”, – განაცხადა ნატოს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ კრემლში ნატოს ერთიანობა და ძალა სათანადოდ ვერ შეაფასეს.
„დიდი პატივია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ჩვენს სამიტს ესწრება, როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა მან სათანადოდ ვერ შეაფასა უკრაინელი ერის სიმამაცე და უკრაინული არმიის თავდადება, მოსკოვში ჩათვალეს რომ ნატო ერთიანობას ვერ შეინარჩუნებდა, ნატო უკრაინას მხარს დაუჭერს, ვიდრე ეს საჭირო იქნება”, – მიიჩნევს იენს სტოლტენბერგი.
ვილნიუსის სამიტი შეაჯამა უკრაინის პრეზიდენტმაც.
„ამ სამიტის შედეგებზე საუბრისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება უკრაინის ნატოში ინტეგრაციის გზაზე გაწევრების სამოქმედო გეგმის ამოღების თაობაზე. მადლიერნი ვართ, ამ გადაწყვეტილებისთვის. ვიცი, რომ ბევრი შეთანხმება და საუბარი შედგა, დიდი გზა გავიარეთ, ჩვენს ჯარისკაცებს ნატოს წევრი სახელმწიფოების არმიებთან თანამშრომლობის საუკეთესო გამოცდილება დაუგროვდათ, გლობალური დემოკრატია გაძლიერდა, რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის მიუხედავად რეფორმების გატარებას ვაგრძელებთ. მსურს რომ ეს სამიტი უკრაინისთვის, ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მოქალაქეებისა და ოჯახებისთვის წარმატებას მოიტანს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ გავრცელებული ერთობლივ კომუნიკეში ვკითხულობთ, რომ უკრაინა ნატოს წევრი სახელმწიფო გახდება მაშინ ,როდესაც ალიანსის წევრი სახელმწიფოები ჩათვლიან, რომ კიევი შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.