შვედეთი ნატოს შეუერთდება. ნატოს ვილნიუსის სამიტის წინ დასრულდა რამდენიმეთვიანი მძიმე მოლაპარაკებები. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თანახმაა, რომ გვერდით გადადოს ვეტოს უფლება და მისცეს თურქეთის პარლამენტს რეკომენდაცია, რომ შვედეთის ნატოში გაწევრება დაამტკიცოს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ამ ნაბიჯის დადებით მხარეებზე ისაუბრა და აღნიშნა,რომ ეს ყველასათვის კარგია. როდესაც შვედეთი ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდება, ეს თურქეთსაც წაადგება, რადგან ის ნატოს წევრი ქვეყანაა და უფრო მეტ სარგებელს მიიღებს უკვე გაძლიერებული ნატოსგან. მისი აზრით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მთელი ალიანსისთვის.
გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ინტენსიური დიპლომატიური მოლაპარაკებები. შვედეთის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება ერთხმად უნდა იქნეს მიღებული. თურქეთი შვედეთს „ქურთების მუშათა პარტიის“ წევრების შეფარებაში ადანაშაულებდა, ამან კი ერდოღანს უფრო გაუმყარა პოზიციები. მას სურდა, რომ ევროკავშირის წევრობის საკითხიც ჩაერთო ამ მოლაპარაკებებში, რაზეც მაშინვე მიიღო უარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისგან. თუმცა ერდოღანთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ მან განაცხადა, რომ ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობები ახლა უფრო გამყარდა.
არსებობს ვარაუდი, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენთან გამართული მოლაპარაკების დროს ამერიკული წარმოების F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მოთხოვნასთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწია. შვედეთის გაწევრებას მიესალმებიან გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში. ახლა უნგრეთის ჯერია, ვარაუდობენ, რომ უნგრეთის მთავრობაც გაიზიარებს ალიანსის წევრების გადაწყვეტილებას.