ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ დაძაბულობა ნელდება, თუმცა მასშტაბური კატასტროფის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. რუსეთი უარყოფს უკრაინის ბრალდებებს ატომური ელექტროსადგურის სახურავის დანაღმვასთან დაკავშირებით. ელექტროსადგურს არაერთი სატელიტი აკვირდება. მოსკოვში ასევე აცხადებენ, რომ მაქსიმალური სიმკაცრით უპასუხებენ უკრაინელთა თავდასხმას. ამ ურთიერთბრალდებებისა და დაძაბულობის ფონზე კი მიმდებარე ტერიტორიების მოსახლეობა კვლავ აგრძელებს ცხოვრებას.
ერთ-ერთი პოლიციელი ამბობს, რომ ეს სახუმარო თემა არ არის. ყველაფერია მოსალოდნელი იმ ადამიანებისგან, რომლებიც მათ მიწაზე შემოიჭრნენ.
ენერჰოდარის მცხოვრებს, ნატალია ფედოშს მიაჩნია, რომ ატომური ელექტროსადგურის აფეთქებით რუსეთიც დაზარალდება, ან ნახევარი რუსეთი და ნახევარი ევროპა მაინც. მისი თქმით, ჩერნობილი ამ ელექტროსადგურთან შედარებით არაფერია.
ზაპორიჟიის რეგიონის სამოქალაქო დაცვისა და სიცოცხლის უსაფრთხოების საგანმანათლებლო და მეთოდური ცენტრის ხელმძღვანელის ოლექსი არნაუტოვის თქმით, ასეთი საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ამოქმედდება რეაგირების შესაბამისი გეგმა, რომელიც უკვე მომზადებულია და შემოწმებული. სხვადასხვა სამსახურის დანაყოფები ჩაერთვებიან დაბინძურებული ტერიტორიიდან ადამიანების უსაფრთხო ადგილას გადაყვანასა და აღჭურვილობის გაუვნებელყოფაში.
უკრაინის დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის საფრთხე თანდათან მცირდება. დასავლური მედიის ცნობით კი, ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შორის შემდგარმა საუბარმა, სავარაუდოდ, ვითარების განმუხტვას შეუწყო ხელი.