ღამის მატარებელი ოდესღაც ევროპაში ძალიან პრაქტიკულ გადაადგილების საშუალებად ითვლებოდა, მაგრამ თანდათანობით გაქრა, რადგან ის დაბალფასიანმა ფრენებმა და იაფიანმა მაგისტრალებმა ჩაანაცვლა.
თანდათანობით ღამის მატარებლები ბრუნდება, როგორც ძალიან პრაქტიკული და ტურიზმისთვის ასევე მნიშვნელოვანი ტრანსპორტი.
კრის ენგელსმანი არის კომპანია European Sleeper-ის, კოოპერატიული სტარტაპის თანადამფუძნებელი, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის ღამის მატარებლების აღორძინებას. ღამის მატარებელმა პირველად რამდენიმე კვირის წინ შეასრულა მარშრუტი ბერლინსა და ბრიუსელს შორის.
,,ძალიან გვიხარია, რომ ღამის მატარებლებზე ისევ ძალიან დიდი ინტერესია მგზავრებისგან. მათი მარშრუტები ყოველთვის ძალიან ლამაზი და სათავგადასავლოა, რადგან ღამით მოგზაურობას ყოველთვის ახლავს თავისი ხიბლი. გვინდა, რომ ეს მარშრუტი პრაღამდე გავაფართოვოთ. ვფიქრობთ, რომ ეს არის ქალაქების მთავარი კომბინაცია, რომელიც ამ წუთისთვის ყველაზე მნიშვნელოვან გზაზეა ევროპაში. სამომავლოდ ბევრად რთული გეგმა გვაქვს, გვინდა ამსტერდამიდან ბარსელონამდე ჩასვლა.’’-კრის ენგელსმანი, კომპანია European Sleeper-ის თანადამფუძნებელი.
ღამის მატარებლები უფრო იაფი და ეკოლოგიურად სუფთაა, ვიდრე ფრენები. მაგრამ გაჩნდა მოსაზრება, რომ ის მხოლოდ ახალგაზრდებისთვისაა და კომფორტული არ იქნება ოჯახებისთვის, ბავშვებისთვისა და მოხუცებისთვის. კრის ენგელსმანი კი ამ ყველაფერს არ ეთანხმება.
,,ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, იმის დამტკიცებას, რომ ყველა კატეგორიის მოგზაურისთვის კომფორტული და იდეალურია ღამის მატარებელი და უფრო საინტერესოა ვიდრე ფრენა. მე თვითონ მყავს 3 შვილი და ოჯახთან ერთად ევროპის ტერიტორიაზე მოგზაურობა ძალიან გასართობია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.’’-ამბობს კრის ენგელსმანი, კომპანია European Sleeper-ის თანადამფუძნებელი.
ევროპაში სულ უფრო მეტი მატარებლის კომპანია ამატებს ღამის მარშრუტებს. მატარებლებში ყველა სახეობის ნომრები და ადგილებია, ყველაზე იაფიანიდან და ხელმისაწვდომიდან დაწყებული, პრემიუმ კლასის ნომრებამდე დამთავრებული.