ქართველმა მუსლიმებმა ბათუმის, თბილისისა და საქართველოში მოქმედ სხვა მეჩეთებში მზის ამოსვლისას ყურბან-ბაირამის, იგივე მსხვერპლშეწირვის სადღესასწაულო ლოცვა აღავლინეს. ტრადიციის თანახმად ლოცვის შემდეგ იწყება მსხვერპლშეწირვის რიტუალი. შეწირული პირუტყვის ხორცს კი სამად ყოფენ. ნაწილი ოჯახში რჩება, ნაწილს ნათესავებსა და მეზობლებს ურიგებენ, ნაწილს კი უპოვრებზე გასცემენ.
“ყურბანბაირამი ემსახურება ღმერთთან სიახლოვეს, ადამიანებს შორის მეგობრობას, სიყვარულის განმტკიცებას, მშვიდობას, ერთმანეთის თანადგომას. დილით ადრე საქართველოში მოქმედ ყველა მეჩეთში ,ყველა კუთხეში, სადაც მუსლიმები ცხოვრობენ , შესრულდა ყურბან ბაირამის ლოცვები საზეიმო ვითარებაში, ლოცვების შემდგომ მორწმუნეებმა დაიწყეს მსხვერპლის შეწირვა და ისინი უფრო დაუახლოვდნენ ღმერთს. პირველ რიგში საქართველოს მუსლიმებს და ასევე მსოფლიო მუსლიმებს მივულოცავ ძვირფას ყურბან ბაირამის დღესასწაულს”, – განაცხადა ეთიბარ ემინოვმა, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა.
მსხვერპლშეწირვის აღნიშვნის ტრადიცია წინასწარმეტყველად წოდებულ იბრაჰიმს უკავშირდება. მუსლიმთა წმინდა წიგნის, ყურანის მიხედვით ალაჰის სურვილი იყო, რომ იბრაჰიმს მისთვის საკუთარი შვილი შეეწირა. როცა ალაჰი დარწმუნდა, რომ წინასწარმეტყველი მზად იყო მისთვის შვილი შეეწირა, კრავი მოავლინა და შვილის ნაცვლად სწორედ მისი შეწირვა მოსთხოვა – ნიშნად იმისა, რომ იბრაჰიმმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა.
ყურბან–ბაირამი მარხვის თვის, ანუ რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და სამი დღის განმავლობაში გრძელდება.