მთავარიგადაცემებიClimate Nowროგორ უწყობს კლიმატის ცვლილება ხელს უცხო სახეობის ჭიანჭველების შემოსევას

როგორ უწყობს კლიმატის ცვლილება ხელს უცხო სახეობის ჭიანჭველების შემოსევას

„ევრონიუსის“ გადაცემაში „კლიმატი ახლა“, გამოიკვლიეს, თუ როგორ უწყობს ხელს უფრო თბილი ზამთარი და მზიანი გაზაფხული, დასავლეთ ევროპაში ფაუნის ეგზოტიკური სახეოების შეჭრას. ყოველთვიური გადაცემა „კლიმატი ახლა“  გაწვდით უახლეს ინფორმაციას, თუ რა ხდება პლანეტაზე. ივნისის გამოშვებაში  შემოგთავაზებთ, თუ როგორ ვრცელდებიან ჭიანჭველას ინვაზიური სახეობები სამხრეთ ევროპიდან ჩრდილოეთისკენ ნიდერლანდების ჩათვლით. თუმცა ჯერ გადავხედოთ მაისის თვის  კლიმატის მონაცემებს.

როგორ იცვლება კლიმატი?

კლიმატის  ცვლილების მონიტორინგის თანამგზავრული სისტემის „კოპერნიკუსის“ [Copernicus Climate Change Service] ბოლო მონაცემების მიხედვით, გლობალურ დონეზე 2023 წლის მაისი რიგით მეორე ყველაზე თბილი მაისი გამოდგა, რაც კი აღნუსხულა. ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელი 0.4 გრადუსი ცელსიუსით აღემატებოდა 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელს

მოდით, გადავხედოთ მაისის თვის ანომალიური ტემპერატურის რუკაზე მთავარ მაჩვენებლებს. ევროპაში ჰაერის ტემპერატურა მთელი თვის განმავლობაში საშუალო იყო. იტალიასა და ბალკანეთის ქვეყნებში შედარებით გრილოდა. ეს ქვყენები გასულ თვეში გამანადგურებელმა წყალდიდობამ დააზარალა.

ატლანტის ოკეანის გადაღმა კი კანადასა და ჩრდილოეთ ამერიკაში უფრო დათბა. დათბა წყნარი ოკეანისკენაც, სადაც ელ-ნინიოს მოვლენისთვის დამახასიათებელი  თბილი წყალი კვლავ ბრუნდება  ოკეანის ამ ნაწილში. აქვე ვიტყვი, რომ  ოკეანის ყინულის საფარისაგან თავისუფალ რეგიონებში 23 მაისს ზღვის ზედაპირის წყლის ტემპერატურა რეკორდულად მაღალ დონეზე იყო მას შემდეგ, რაც კლიმატის სატელიტური მონიტორინგი დაიწყო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენს ატმოსფეროში გლობალური დათბობის შედეგად გასული ჭარბი სითბოს 90 პროცენტს  ოკეანე შთანთქავს.

ჭიანჭველების შემოსევა

ხმელთაშუა ზღვის აუზისთვის დამახასიათებელი  ჭიანჭველების სახეობები  ჩრდილოეთისკენ ვრცელდებიან მას შემდეგ, რაც ევროპაში ზამთარი უფრო თბილი ხდება და ყინვები გაიშვიათდა.

დასავლეთ ევროპას ჭიანჭველების ახალი კოლონიები შეესია, მათ შორის საფრანგეთის ქალაქ ლიონსაც.

ხელოვნებისა და კულტურის ეს ცენტრი, რომელიც ყოფილ საწარმოს ტერიტორიაზე მდებარეობს, ჭიანჭველებისთვის წესით უვარგისი უნდა იყოს. და მაინც ისინი აქ ბუდობენ – ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორ მეცნიერს სთხოვა მათი აღმოჩენა.

ბერნარდ კაუფმანმა, ლიონის კლოდ ბერნარის ეკოლოგიის უნივერსიტეტის  ასოცირებული პროფესორმა და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტმა ნეო ბუანონმა ძალიან მალე იპოვეს ჭიანჭველას სახეობა – ტაპინომა მაგნუმი (Tapinoma Magnum) დაწესებულებასთან იმპორტირებული ხეების ირგვლივ. ნეო ბუანონი ამბობს,  რომ ეგზოტიკური მცენარეები არის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება, რომლის დახმარებითაც ჭიანჭველას ინვაზიური სახეობა ახალ ქალაქებში აღწევს:

„ჩვენ ვხედავთ, რომ ტაპინომა მაგნუმის სახეობის გავრცელების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ხეების ექსპორტია. ამ ხეზე მრავალი დედა ჭიანჭველაა, საკმარისად არიან. და როდესაც  სადმე  სხვაგან ჩადიან დედა ჭიანჭველები მშვენივრად გრძნობენ თავს, ისინი მკვიდრდებიან და თავის მუშა ჭიანჭველებს ყველგან გზავნიან.“

ჭიანჭველების ნადავლს შენობაშიც ეძებენ, სადაც ჩვენ შევხვდით მანგას მხატვარს ლუის დავი აიმარს, რომელსაც გასულ ზამთარში ჭიანჭველები შეესივნენ.

„ჭიანჭველები ჭურჭლის ნიჟარასთან გამოჩნდნენ და მერე სახელოსნოშიც შემოაღწიეს,“ – ამბობს ლუისი.

ჭიანჭველები, რომლებიც ლუისმა თავისი ტელეფონით გადაიღო, როგორც ჩანს, საკვებსა და სითბოს ეძებდნენ:

„აქ ათასობით ჭიანჭველა ირეოდა და ზოგჯერ მეც მაცოცდებოდნენ ტანზე, როდესაც მიწაზე ვმუშაობდი.“

ტაპინომა მაგნუმი ხმელთაშუა ზღვის აუზისთვის არის დამახასიათებელი, ახლა კი საფრანგეთის, ბელგიის, გერმანიისა და ნიდერლანდების ურბანულ ნაწილშიც გავრცელდა. ეს სახეობა მწარედ არ იკბინება, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობას თავს აბეზრებს და თანაც მომავალში ადგილობრივი ჭიანჭველას სახეობებს გაანადგურებს.

ეს ლიონის ერთ-ერთი პარკია, სადაც ტაპინომა მაგნუმი გავრცელდა.

მეცნიერი ბერნარდ კაუფმანი ამბობს, რომ პლანეტის დათბობის კვალდაკვალ ევროპა უფრო მეტი ინვაზიური სახეობისთვის უნდა მოემზადოს, როგორიცაა, მაგალითად, სამხრეთამერიკული ცეცხლოვანი ჭიანჭველა.

ბერნარდ კაუფმანი:

„ჭიანჭველას უკვე 100-იდან 200-ამდე სახეობას ვითვლით, რომლებიც გლობალიზაციის წყალობით მთელ მსოფლიოს მოედო. კლიმატის ცვლილება კი, რასაკვირველია, ამ პროცესს დააჩქარებს და ხელს შეუწყობს  სითბოს მოყვარული სახეობების გავრცელებას ჩვენს უფრო ზომიერი კლიმატის მქონე ქვეყნებშიც კი.“

ვიცი, რასაც ფიქრობთ – შეგვიძლია თუ არა ჭიანჭველების თავიდან მოცილება? ქიმიკატებით დამუშავება შესაძლოა ეფექტური იყოს მცირე მასშტაბის შემთხვევაში, მაგრამ საუკეთესო მიდგომა მაინც პრევენციაა, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ინვაზიური სახეობები არ არიან  იმპორტირებულ მცენარეებსა და ხეებზე.

ავტორი: ჯერემი ვილქსი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend