მთავარისაქართველოსაქართველოში ავტოიმპორტის ნორმები იცვლება - ინიციატივა და შეფასებები

საქართველოში ავტოიმპორტის ნორმები იცვლება – ინიციატივა და შეფასებები

მოძველებული და ხშირად ამორტიზებული ავტომობილები, ექსპერტული შეფასებებისგან დამოუკიდებლადაც ადვილად შესამჩნევია ქუჩებში.

2022 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია მილიონ 600 000 ავტომობილი. აქედან შედარებით გამართულია ტექინსპექტირებას გადის დაახლოეებით 800 000 ერთეული.

ბოლო ორი წლის განმავლობაში კანონდებლობაში არაერთი ცვლილება შევიდა, რითაც გამკაცრდა ძველი ავტომობილების ექსპლოატაციის წესები და ჯარიმები.

სულ ბოლოს კი საქართველოს მთავრობის ახალი გადაწყვეტილება, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გვამცნო.

საქართველოში 2024 წლის პირველი იანვრიდან  2013 წლამდე გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აიკრძალება. იგივე აკრძალვა სავარაუდოდ 2025 წლის იანვრიდან შეეხება ავტობუსებსა და სატვირთო ავტომობილებსაც. უკვე არსებულ ავტოპარკზე ეს აკრძალვა არ გავრცელდება.

„ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტი შემოვიღოთ. ეს პრაქტიკაში ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. ჩვენი სურვილი და გადაწყვეტილება ასეთია, რომ რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის უკვე შევიდეს ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო ავტობუსების და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის პირველი იანვრიდან, ამაზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ, არსებობს გარკვეული მოსაზრებები და ამის თაობაზე გვინდოდა, რომ უფრო მეტი გონივრული ვადა მიგვეცა. 6 წელია საწვავზე მაქსიმალურად დიდ კონტროლს ვაწარმოებთ, ხარისხი მოწმდება, სისტემატურად. გეტყვით, რომ ჩვენ სხვა კომპლექსური ღონისძიებები დავგეგმეთ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს გაუმართავი ავტომობილები რიგ შემთხვევაში ბიზნესად არის გადაქცეული. ე. წ. კატალიზატორების საკითხი და პრობლემა. ჩვენ ამის თაობაზე საკითხი შევისწავლეთ და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ, ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება. სამწუხარო რეალობაა და პრაქტიკაში ჩვენ ვიცით, რომ ავტომობილებს აცლიან ამ დეტალს, კატალიზატორს და ყიდიან უცხოეთში. ეს არის მთავარი პრობლემის გამომწვევი. ამიტომ, ვფიქრობთ, ძალიან მალე შედეგი გვექნება. ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც ამ სტანდარტს შემოვიღებთ.

პარალელურად გარემოს ეროვნული სააგენტო დაიწყებს ხარისხის სისტემატურ შემოწმებას, ასევე ავტომობილების და ჩვენ დავიწყებთ, უკვე მიმდინარე წლიდან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლს. სპეციალური აპარატურის საშუალებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გარემოს დამცველები სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით მიიჩნევენ, რომ სამშენებლო მტვერთან ერთად, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი ავტომობილების გამონაბოლქვია. დედაქალაქის მასშტაბით ჰაერში არაერთი მავნე ნაწილაკი შეინიშნება, ხშირად დასაშვებზე გაცილებით მაღალი შემცველობით. გამკაცრებული რეგულაციების მთავარ მოტივს მათი თქმით, უფრო სუფთა ჰაერი და მოქალაქეების უსაფრთხოება წარმოადგენს. რეგულაციებს ეთანხმება სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტიც.

„მომავალი წლიდან ევრო 5-ის სტანდარტი დაინერგება, რაც გარემოს დამცველების მხრიდან ძალიან მისასალმებელია, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, რომ ევრო 5-ის სტანდარტზე უარესი ავტომობილი საქართველოს ავტოპარკს ვეღარ შეემატება. მოგეხსენებათ, დღეს მოქმედებს ევრო 6-ის სტანდარტი. ეს არის მხოლოდ ერთი საფეხურის ქვემოთ. ეს აუცილებლად გააუმჯობესებს ავტო პარკის, ჩვენს ტექნიკურ მდგომარეობას, ეტაპობრივად გაახალგაზრდავებს მას, რაც, რა თქმა უნდა, შეამცირებს მავნე ნივთიერების გამონაბოლქვს. ავტომობილების უმეტესობა საქართველოში იმ ქვეყნებიდან შემოდის, სადაც ევრო 5-ის  სტანდარტი უკვე მოქმედებს 2013 წლიდან . მაგალითან აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში, თურქეთში, იაპონიაში, კანადაში – ეს ქვეყენები სულ მცირე 2013 წლიდან აკმაყოფილებენ ევრო 5-ის სტანდარტს. ავტომობილების 98% შემოდის იმ ქვეყნებიდან, სადაც ეს სტანდარტი მოქმედებს და შესაბამისად წლით შეზღუდვად აბსულუტურად ლოგიკურია,”- განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა ‘‘მედიაცენტრ მთავარში” საუბრისას.

„ჰაერის დაბინძურების გარდა, ხარვეზიანი ავტომობილებით გადაადგილება სახიფათოა ზოგადი უსაფრთხოებისთვისაც“ – ამბობს „ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის” თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილი. ის დაგვიანებულად მიიჩნევს მთავრობის ამ გადაწყვეტილებებს, თუმცა  ქვეყნისთვის სასარგებლო ინიციატივად აფასებს.

„კატალიზატორი ძალიან ბევრ ავტომობილს არ აქვს, მეტიც ახლადშემოსულებიდან იღებენ და ყიდიან. სწორედ ეს იწვევს ჰაერის დაბინძურებასაც. ეს ძალინ საჭირო აქსესუარია, ის დამატებით წვავს მავნე ნივთიერებებს. რადგან ეკოლოგიური მდგომარეობა ამ მხრივ ძალიან მძმეა, განსაკუთრებით კი დედაქალაქში, ვფიქრობ რეგულაციები გამკაცრება ერთ-ერთი გზაა ამის შესაჩერებლად. იმის მოტივაციაც აღარ იქნება, რომ კატალიზატორი ექსპორტზე გავიდეს. მთვარობის ეს ნაბიჯი დროულიცაა და შეიძლება ითქვას დაგვიანებულიც“, – აცხადებს ვაჟა იორდანიშვილი.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, კანონთა ახალ პაკეტზე მუშაობს და პერიოდულად ახალი რეგულაციები შედის ძალაში. მაგალითად,  2023 წლის ივნისიდან, 30-დან 10-დღემდე შემცირდა დახარვეზებული ავტომობილების შეკეთების ვადა. გაიზარდა ჯარიმები და სხვა კანონისმიერი პასუხისმგებლობა. მთავრობა და პარლამენტი ახალ მკაცრ რეგულაციებს კიდევ აანონსებს.

ალეკო გვეტაძე

 

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend