მთავარიგადაცემებიპრიზმაასეთ შეხვედრებს მოაქვს იმედი...

ასეთ შეხვედრებს მოაქვს იმედი…

ქართული საქმის წარმატება ამერიკაში

ამბავი მაიამიში დაიწყო… ამერიკის შეერთებულ შტატებში, ულამაზეს ფლორიდის შტატში.

ამერიკაში, ქართული დელეგაციის პირველი შეხვედრები, სწორედ მაიამიში შედგა. იქ, სადაც ამ შეხვედრებთან ერთად, კიდევ ერთი, სრულიად გამორჩეული მოვლენა იგეგმებოდა. მაგრამ ამაზე ქვემოთ…

ვიზიტი ფლორიდაში დაიწყო, და შემდეგ ნიუ-იორკში გაგრძელდა… კიდევ უფრო მეტი სიურპრიზითა და საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ამბებით.

საქმე ის არის, რომ მაიამი წელს, უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესს მასპინძლობდა. ამ ფორუმში, მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყანა და წარმატებული კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ საქართველოს დელეგაციის წევრებიც – მთავრობისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები.

კონგრესის გახსნის დღე განსაკუთრებით შთამეჭდავი იყო. დარბაზში შეიკრიბნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული წარმატებული ბიზნესმენები და გადაწყვეტილებების მიმღები პირები. სტუმრებს მიმართეს ქალაქ მაიამის მერმა დენ გელბერმა, ფლორიდის შტატის 43-ე გუბერნატორმა ჯებ ბუშმა და სხვებმა… და რა თქმა უნდა,  FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტმა სიუზან გრინფილდმა.

მაგრამ საქართველოსთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის იყო, რომ FIABCI-ის წლევანდელ საერთაშორისო ღონისძიებაზე ბათუმის საფეხბურთო სტადიონი, საჯარო ინფრასტრუქტურის ჯილდოზე გახლდათ წარდგენილი.

სწორედ ამიტომ, და არამხოლოდ, აშშ-ში აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და მაღალი დონის შეხვედრებს მართავდა.

ფლორიდის შტატის სენატორთან, ანა მარია როდრიგესთან საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე იყო საუბარი.

„ამ შეხვედრით ჩვენი ურთიერთობები განვამტკიცეთ… ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ მომავალს, მეტ დასავლურ ინვესტიციას თქვენს ქვეყანაში” – განაცხადა ანა მარია როდრიგესმა შეხვედრის შემდეგ.

ფლორიდაში, მართლაც უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ესაუბრა – მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ვიცე-პრეზიდენტს ელის ანკონას;  შეხვდა მაიამის პორტის დირექტორს ჰაიდი ვებს და ავიაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მაიამის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორ რალფ ქუტიეს.

ყველა შეხვედრა პერსპეტიული იყო და მომავალ თანამშრომლობაზე გათვლილი.

ამ მხრივ, გამორჩეული იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და მაიამი დეიდი ქაუნთის მერის დანიელა ლევინ კავას შეხვედა. ამ  შეხვედრაზე აჭარისა და მაიამი დეიდის დამეგობრების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და კონკრეტულ პროექტებზეც ილაპარაკეს. ეს პროექტები ტურიზმსა და  სხვა მრავალ სფეროს უკავშირდებოდა. და ასევე – მაიამი ბიჩის მერთან დენ გელბერთან შეხვედრა, სადაც შემხვედრი წინადადებებიც იყო წამოწეული. შეხვედრები საკმაოდ ბევრი იყო, ოფიციალური დღის განრიგი კი მეტად დატვირთული.

“ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გავმართეთ არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო შეხვედრები როგორც მაიამის მერთან, დეითქაუნთის ხელმძღვანელ პირებთან. ძალიან მიშვნელოვანია რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და მაიამის რეგიონი დაიწყებენ თანამშრომლობას – კიდევ უფრო მეტად ძლიერი გახდება ჩვენ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობები. ძალიან მნიშვნელივანი იყო შეხვედრები როგორც ბიზნესის ასევე ეკონომიკის სხვადასხვა ინდუსტრიების წარმომადგენლებთან”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

“ჩვენ ვართ ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი საქართველოში და მათ შორის აჭარაში. ეს ურთიერთობები აჭარასა და მაიამის მთავრობებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია. წინა დღეებში იყო მაიმის პორტის ხელმძღვანელებთან შეხვედრა, მაიამის პორტი არის უდიდესი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე გვქონდა შეხვედრა მაიამის აეროპორტის ხელმძღვანელობასთან. რა თქმა უნდა მასშტაბები განსხვავებულია, მაგრამ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დაკავშირება რეგიონალურ დონეზე, ასეთი საერთაშორისო შეხვედრების გამართვა – ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა იმ ინვესტიციისთვის, რასაც ვახორციელებთ საქართველოში”, – ამბობს გიორგი რამიშვილი, Silk Road Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

შეხვედრები გრძელდებოდა, მაგრამ კონგრესის ყველა მონაწილე, დაჯილდოების ცერემონიალს ელოდებოდა… ქართველები, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად ღელავდნენ…

დაჯილდოების წინა საღამოს კი, მშვიდი განსჯისა და საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე საუბრის დრო დადგა… –  სიუზენ გრინფილდი, თავის მოსაზრებებს გიორგი რამიშვილს, Silk Road Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს უზიარებ.

სუზენ გრინფილდი ამბობს რომ მადლიერია, საქართველოს დელეგაცია რომ იხილა მაიამიში – ნამყოფი ვარ და ვიცი ამ არაჩვეულებრივი ქვეყნის ამბავიო.

„საქართველოში პირველად გასულ წლის ოქტომბერში ვიყავი და ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველმა ხალხმა და ზოგადად საქართველომ. ულამაზესი ქვეყანა, რომლის შესახებაც მე წარმოდგენა არ მქონდა. ის თითქოს კარგად შენახულ საიდუმლოს ჰგავს და ნეტავ მის შესახებ მანამდე მცოდნოდა. გული დამწყდა, რომ უფრო დიდი ხნით ვერ დავრჩი. თუმცა, საქართელოში დავბრუნდები და ვეწვევი ბათუმსა და აჭარას, რადგან ვიცი, რომ ეს ის ადგილებია, სადაც შემიძლია ბევრი ახალი შევიტყო და ინვესტიციაც კი ჩავდო. საქართველო უნიკალური ქვეყანაა, კულტურული და ელეგანტური ხალხით. ამან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.  და აქვე მინდა აღვნიშნო, რაოდენ მნიშვნელოვანი ხართ, თქვენ ჩვენთვის და რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკეთესი ურთიერთობა გვქონდეს საქართველოსთან. თქვენ ჩვენი სრული  მხარდაჭერა გაქვთ. როდესაც საქართველოში ჩავედი, მაშინვე დავინახე უძრავი ქონების განვითარების მაღალი დონე. დავინახე, თუ რამდენ ყურადღებას აქცევენ თითოეულ დეტალს, რაც ასე აქტუალურია დღევანდელ დღეს და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომავლისთვის. ამაში ძალიან დიდია ხალხის დამსახურება.  აი ეს არის რასაც საქართველოზე ვფიქრობ და კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ჩამობრძანებისა და ასეთი შესანიშნავი და მნიშვნელოვანი დელეგაციის ჩამოყვანისთვის“, – განაცხადა სიუზენ გრინფილდმა, უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო პრეზიდენტმა.

ახლა კონგრესის ყველა მონაწილე ქვეყანა გამარჯვებულის გამოვლენას ელოდება. და სიტყვას, თავისთავად მოაქვს აჭარა, ტურიზმი და ზღვისპირეთი. თუმცა, საქართველოს ზღვის გარდა, განსაკუთრებული მთაცა აქვს და ამ მხრივ, ასევე განსაკუთრებული შესაძლებლობები.

გიორგი რამიშვილი უძრავი ქონების ფედერაციის პრეზიდენტს – ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატზე უამბობს, რომელიც ამ ზამთარს ჩატარდა საქართველოში, და რომლის წარმდგენი კომპანია სილქნეტი იყო.

“როდესაც საქართველოში ვიყავი მიმდინარე და დასრულებული პროექტების პრეზენტაციები ვნახე, რამაც ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. იმედი მაქვს რომ, ხვალ საღამოს თქვენ კიდევ ერთ ჯილდოს მიიღებთ. თუმცა მანამდე თქვენ დამსახურებულად გაიმარჯვეთ და მოხვდით აქ, საერთაშორისო დაჯილდოებაზე. პირველ რიგში კონკურსები ადგილობრივად, ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლობებში იმართება. შემდეგ ყველა გამარჯვებული ხვდება აქ, საერთაშორისო კონკურსზე, სადაც ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი თავი საერთაშორისო ასპარეზზე წარადგინონ“, – ამბობს სიუზენ გრინფილდი, უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო პრეზიდენტი.

საუბარი კლასიკურ მუსიკას შეეხო და წინანდლის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელმა,  სიუზენ გრინფილდი წინანდლის ფესტივალზე მიიწვია:

„დიდი სიამოვნებით ჩამოვალ! ჩემი მეუღლე მუსიკის დიდი მოყვარულია.  ჩვენ ორივეს გვიყვარს მუსიკა,  ეს კი  შესანიშნავი შესაძლებლობა იქნებოდა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მიყვარს მთები, მე ნიუ-ინგლანდიდან ვარ და, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი თხილამურებითაც ვსრიალებდი, მაგრამ ახლა სნოუბორდერები მაშინებენ, რადგან მე სლალომით მიყვარს დაშვება, ისინი კი ძალიან დიდი სისწრაფით სრიალებენ”, – განაცხადა სიუზენ გრინფილდმა, უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო პრეზიდენტმა.

საუბარსა და ურთიერთობებში, ამერიკისა და საქართველოს თანამშრომლობის შესაძლებლობების მოსინჯვაში, საქმიან  და ძალიან მეგობრულ საუბრებში ის დღეც მიილია მაიამიში…

მეორე დღეს კი, გამარჯვებული უნდა გამოვლენილიყო…

და აი, დიდ და გემოვნებით მოწყობილ დარბაზში, FIABCI World Prix d’Excellence Awards 2023 დაჯილდოება გაიმართა. უძრავი ქონების ოსკარის მასშტაბურ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდა, და ქართველების დელეგაცია, მრავალი ქვეყნიდან ჩასულ სტუმრებთან ერთად.

და უძრავი ქონების მსოფლიო კონგრესის გადაწყვეტილებით, ჯილდო ბათუმის საფეხბურთო სტადიონმა მოიპოვა და საერთაშორისო აღიარება მიიღო. მართლაც საამაყოა, რომ გამარჯვებულთა სიაში კიდევ ორი ქართული კომპანია მოხვდა. მსოფლიო ვერცხლის გამარჯვებულებად ასევე დასახელდნენ ლისი დეველოპმენტის პროექტი “მწვანე ქალაქი ლისზე“ და კომპანია „მეამა“.

„ჩვენ უძრავი ქონების ოსკარი ვართ, ჩვენ ვაჯილდოებთ სხვადასხვა კატეგორიაში იმ ქვეყნებს, რომლებიც კონკურსში მონაწილეობას იღებენ. ძალიან ამაყი ვარ საქართველოთი, რომელიც დიდი დელეგაციითაა წარმოდგენილი იმისთვის, რომ მსოფლიოს აჩვენოს თუ როგორია საქართველოში მშენებლობა. ეს ბრწყინვალებაა ჩვენს ინდუსტრიაში“,- ამბობს სიუზენ გრინფილდი, უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო პრეზიდენტი.

“დღეს აქ ამ ჯილდოს მიღება ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი კომპანიისთვის კი ძალიან დიდი პატივია! დიდი მადლობა!”, – განაცხადა ზაზა გოგოტიშვილმა, სამშენებლო კომპანია „ანაგის“ დამფუძნებელმა.

ბათუმის სტადიონი მაიამიში გამართულ მსოფლიო კონგრესზე წარდგენილი იყო როგორც პირველი ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებული. საქართველოში უძრავი ქონების უმაღლესი ჯილდო ბათუმის სტადიონმა 2022 წლის ოქტომბერში მოიპოვა. „აჭარაბეთ არენა“ 2020 წელს გაიხსნა, არენა, რომლიც 20 000-ზე მეტ გულშემატკივარს იტევს.

ასეთი იყო უძრავი ქონების ოსკარის ამბავი და მაიამის შეხვედრები…

ქართული დელეგაციის შემდეგი გაჩერება კი ნიუ იორკი იყო.

და აქ, მანჰეტენზე, იქ სადაც მსოფლიოს უდიდესი პროექტები იბადება, საქართველოს დელეგაციას და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ნიუ იორკის მერი, ერიკ ადამსი შეხვდა.

დამსწრენი ამბობენ, რომ შეხვედრა თბილი და უშუალო იყო. საუბარი თანამშრომლობის პერსპექტივებსა და კონკრეტული პროექტების განხორციელებას შეეხო. შეხვედრაზე ერთობლივი ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ დასახეს გეგმები. და ასევე,  – „მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა“, – ვკითხულობთ აჭარის მთავრობის ოფიციალურ საიტზე.

“პატივი მქონდა შევხვედროდი ნიუ-იორკის მერს, ბატონ ერიკ ადამსს. ჩვენ განვიხილეთ ის დიდი მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც აკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს. ნიუ-იორკის მერი დაინტერესდა ჩვენი თანამემამულეების ცხოვრებით შეერთებულ შტატებში, რომლებიც ამაყად წარმოადგენენ ჩვენს სამშობლოს როგორც ნიუ-იორკში, ასევე სხვა ქალაქებში. ჩვენ რა თქმა უნდა განვიხილეთ პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, ასევე ერთობლივი პროექტები – როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აშშ-დან. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო რჩება სამაგალითო ქვეყნად როგორც სამშვიდობო პოლიტიკით, ასევე იმ ეკონომიკური პროგრესით და ზრდით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში აქვს ჩვენს ქვეყანას მისი მთავრობით და რა თქმა უნდა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. შესაბამისად ჩვენ მერთან ერთად დავგეგმეთ პროექტები, რომლებიც დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პარტნიორობას და კიდევ უფრო ხელს შეუწყობს პირდაპირ ინვესტიციებს ამერიკიდან”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ უცხოური მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში.

“ის ფაქტი, რომ ნიუ-იორკის მერი შეხვდა აჭარის რეგიონის ხელმძღვანელს, თორნიკე რიჟვაძეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის ზუსტად ის, რაც საქართველოს სჭირდება. ჩვენ ვართ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორები. ამ დღეებში ასევე შევხვდით მაიამის ორ მერს, მაიამის პორტისა თუ აეროპორტის წარმომადგენლებს. შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და ახლა ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს. როგორც ბატონმა ადამსმა აღნიშნა – ქართველებს პატივს სცემენ NY-ში. აქ ძალიან კარგი ე.წ. ქართული ქომუნითი არის, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი აქვთ ამ ქალაქში. რა შეიძლება ამაზე კარგი იყოს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქალაქის მერი მოვიდა, დაჯდა და ვისაუბრეთ. ვილაპარაკეთ ბიზნესზე, ისეთ რამეებზე, რაც შეიძლება, გაკეთდეს საქართველოში. ამერიკის შეერთებული შტატები, ნიუ-იორკი დაინტერესებულია ჩვენთან თანამშრომლობით – აი ეს არის მნიშვნელოვანი და მთავარი!

მე, როგორც ქართველ ბიზნესმენს, რომელსაც ინვესტიციები აქვს საქართველოში, მინდა,  რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები განმტკიცდეს. რაიმე პატარა წვლილი თუ მიგვიძღვის, ძალიან სასიხარულოა და კარგია. თანაც ასეთ დროს, როცა ამდენი ტურბულენციები ხდება მთელ მსოფლიოში. ჩვენი და ამერიკელების ერთად ყოფნა ეს არის კრიტიკული, ეს არის გადამწყვეტი და ეს კიდევ ერთხელ, ამ დონეზე, რეგიონულ დონეზე, სადაც ბატონო თორნიკე, ბატონი მერი, ასევე მაიამის მერი, აი, ეს ხალხი რომ ერთად ისხდნენ და ისაუბრეს, როგორ უნდა მოხდეს ჩვენი ურთიერთობებისა და საქართველოს განვითარება, ეს არის გადამწყვეტი”,- განაცხადა გიორგი რამიშვილმა, Silk Road Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

ნიუ-იორკის მერთან შეხვედრით დასრულდა, საქმიანი და ოფიციალური შეხვედრებით ჩასული ქართველების ვიზიტი ამერიკაში. ვიზიტი, რომელმაც მოიტანა ჯილდო და სიხარული, მოიტანა მეგობრობისა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები და უკეთესი მომავლის იმედი.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend