ხერსონის რეგიონში კვლავ ებრძვიან გასულ კვირას კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის შედეგებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსი სამხედროები კვლავ ბომბავენ რეგიონს, მაშველები და მოხალისეები მაინც ცდილობენ იქ მყოფი ადამიანების გამოყვანას.
უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსების თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაშავდა სწორედ იმ დროს, როდესაც ევაკუირებული მოქალაქეები ნავებით გამოჰყავდათ.
თავის ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა რუსული მხარე კაშხლის აფეთქებასა და ევაკუაციის დროს რეგიონის დაბომბვაში დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, რუსეთის მთავრობამ მიატოვა მოსახლეობა დატბორილ დასახლებებსა და სოფლებში. უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, ცხოველებს უფრო აქვთ მორალური პრინციპები, ვიდრე რუსეთის მთავრობას.
რეგიონში ჯერ კიდევ ბევრი მოქალაქე რჩება. წყლის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა გარემო ძალიან დაბინძურებულია. ექსპერტების ვარაუდით, ინფექციები და დაავადებები სწრაფად გავრცელდება. ათიათასობით ადამიანი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.