მთავარისაქართველორას ავალდებულებს დამსაქმებელს ახალი კანონი დასაქმებულის მიერ ტვირთის ხელით აწევის თავიდან ასაცილებლად

რას ავალდებულებს დამსაქმებელს ახალი კანონი დასაქმებულის მიერ ტვირთის ხელით აწევის თავიდან ასაცილებლად

კლინიკური ონკოლოგიური ინსტიტუტი თბილისში ახალ ონკოლოგიურ ცენტრს ქმნის. ცენტრი საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების დაცვით შენდება. პირველი ივნისიდან კი საქართველოში ძალაში შევიდა შრომის უსაფრთხოების ახალი რეგლამენტი „ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“. ონკოლოგიური ინსტიტუტის გენერალური მენეჯერის ივანე ნემსაძის თქმით, შრომის უსაფრთხოების ახალი მოთხოვნის დაკმაყოფილებამ მშენებლობის ხარჯები გაზარდა.

„ეს არ არის ძალიან დიდი პროცენტი, მაგრამ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და არის გამართლებული ხარჯი. გრძელვადიანი პროგნოზით, საკმაოდ მაღალია იმის რისკი, თუ რა ზიანი შეიძლება შეეხოს კომპანიას უსაფრთხოების ზომების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში. ეს ყველაფერი შეიძლება საკმაოდ ძვირიც კი იყოს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანის სიცოცხლე, რომელიც შეუფასებელია და ამას ვერანაირი თანხა ვერ დაფარავს“, – ამბობს კლინიკური ონკოლოგიური ინსტიტუტის გენერალური მენეჯერი ივანე ნემსაძე.

ახალი რეგლამენტის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია, მიიღოს სათანადო ზომები ან გამოიყენოს მექანიკური მოწყობილობები, რომ თავიდან აიცილოს დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა მიერ ტვირთის ხელით აწევის აუცილებლობა.

იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის ხელით აწევის თავიდან აცილება შეუძლებელია, დამსაქმებელი ვალდებულია, სამუშაო სივრცე მოაწყოს ისე, რომ ტვირთის ხელით აწევა იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო; სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით წინასწარ შეაფასოს ტვირთის მახასიათებლები და მიიღოს შესაბამისი ზომები ჯანმრთელობის დაზიანების რისკის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად.

შრომის უსაფრთხოების ექსპერტი ალექსანდრე ვახტანგიშვილი ამბობს, რომ ტვირთის არასწორად აწევა ხშირ შემთხვევაში ზურგის დაზიანებას იწვევს. შესაბამისად, დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია, დასაქმებულებს შესაბამისი სწავლება ჩაუტარდეთ.

„რეგლამენტი საშუალებას გვაძლევს, რომ უსაფრთხოდ ვიმუშაოთ, მეტი ყურადღება მიექცეს დასაქმებულის სამუშაო პირობებს. ამისთვის ასევე საჭიროა ტრენინგების ჩატარება, დასაქმებულებისთვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება, ტვირთებთან თუ სამუშაო გარემოსთან დაკავშირებით. ამ რეგლამენტში არ არის გაწერილი, რა წონის ტვირთი არ უნდა ასწიონ, მაგრამ ჰიგიენის სახელმძღვანელო გვაძლევს ინფორმაციას, რომ ოპტიმალური წონა 25 კილოგრამია. თუმცა ამ რეგლამენტში ერთი კარგი ჩანაწერია, რომლის თანახმადაც, შესაძლებელია, კომპანიებში რეგლამენტზე უფრო მკაცრი და უფრო დახვეწილი პირობები ჩამოვაყალიბოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია, უკეთესი პირობები შევქმნათ, ვიდრე რეგლამენტი ითხოვს“, – ამბობს შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანიის „ეიჩესი ქონსალთინგის” დამფუძნებელი ალექსანდრე ვახტანგიშვილი.

დამსაქმებლების მიერ ტექნიკური რეგლამენტით გაწერილი მოთხოვნების შესრულება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა და მისი ზედამხედველობა შრომის ინსპექციას ევალება.

„შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელია შრომის ინსპექციის სამსახური. ამიტომ უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონით არის განსაზღვრული შესაბამისი სანქციები, როდესაც დამსაქმებელი ამას საჭიროებისამებრ არ საზღვრავს. ეს არის დამოკიდებული დარღვევის ხასიათზე. პირველ შემთხვევაში, თუ არ არსებობს კრიტიკული შეუსაბამობა, სამსახური იყენებს გაფრთხილებას. გაფრთხილებით კომპანიასა და დამსაქმებელს გონივრულ ვადას ვაძლევთ, რომ გამოასწორონ ეს დარღვევები, ხოლო თუ ვხედავთ, რომ გონივრული ვადის გასვლის შემდგომ დარღვევები ისევ გამოუსწორებელია, ამ შემთხვევაში ვიყენებთ სანქციას“, – განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის უფროსის მოადგილემ მაია მიქაიამ.

დამსაქმებლების ნაწილი სიმძიმის აწევასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტებს აქამდეც იცავდა და ახალი წესი მათ ყოველდღიურ საქმიანობას არ ცვლის. თუმცა მათთვის, ვისაც ეს პრაქტიკა აქამდე არ ჰქონია, სიმძიმის აწევის ახალი რეგლამენტი დამატებით რესურსს მოითხოვს. რაც შეეხება დასაქმებულებს, სწორად აღსრულების შემთხვევაში, რეგლამენტი მათ ჯანმრთელობას მეტად დაიცავს და დაზიანების რისკებს შეამცირებს.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend