მთავარისაქართველოსამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში

სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში

საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის პარლამენტების თავმჯდომარეები. ისინი უკვე შეხვდნენ ქართველ კოლეგას, შალვა პაპუაშვილს, სადაც საქართველოს ევროინტეგრაციასა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე იყო საუბარი.

სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს სლავკომის საპარლამენტო ფორმატით ეწვია საქართველოს. დახურული ფორმატის შეხვედრის შემდეგ, გაკეთდა ერთობლივი განცხადებებიც.

„განსაკუთრებით ვაფასებთ ამ ვიზიტს და ინტენსიურ კომუნიკაციას, რომელიც ამჟამინდელი რთული გამოწვევებით სავსე გზაზე და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე, მნიშვნელოვან პერიოდში შედგა. ეს ვიზიტი საქართველოსადმი სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის დიდი მხარდაჭერის ნათელი გამოვლინებაა. საქართველოს სამივე სახელმწიფოსთან ხანგრძლივი, მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა აკავშირებს. სამივე ქვეყანა საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და საგარეო პრიორიტეტების განხორციელების მტკიცე მხარდამჭერია. მოწადინებული ვართ, გავაღრმაოთ დიალოგი ქვეყნებთან, რომლებიც ევროკავშირში ძლიერ ძალად ჩამოყალიბდნენ და წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის კარგ მაგალითს წარმოადგენენ. დეტალურად ვისაუბრეთ საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში წევრობის გზაზე. ასევე, კოლეგებს გავაცანი რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები. ძალიან ვაფასებთ საქართველოს ევროპული მომავლისათვის სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის მხარდაჭერას. ვიმედოვნებ, ევროკავშირის მიერ საქართველოს პროგრესი სათანადოდ იქნება დაფასებული და წლის ბოლოს საქართველოს დამსახურებულად მიენიჭება კანდიდატი ქვეყნის სტატუსი”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„გვინდა, ასევე მკვეთრი სიგნალი გავუგზავნოთ რუსეთს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არის მიუღებელი და ეს არის საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა.  რუსეთის გამოწვევებს ერთად უნდა დავუპირისპირდეთ, ჩვენი ქვეყნები ახლა კიდევ უფრო ერთიანია ამ მიდგომასთან მიმართებით და ვერასოდეს მოახერხებს პუტინი ჩვენს გათიშვას. მხოლოდ ასეთმა გაერთიანებულმა ქვეყნებმა შეიძლება, მოახდინონ მასთან დაპირისპირება. ერთ-ერთი მაგალითი არის მდგრადი განვითარება. ჩვენი ერთობლივი კონტაქტები – ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება და საქართველოზე, მის მოქალაქეებზე, ლიდერებზეა დამოკიდებული, განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი. ეს არ იქნება მარტივი. ჩვენ გავლილი გვაქვს ეს პროცესი და ეს გზა უნდა გაიაროთ ერთად, სამოქალაქო საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ძალებმა. საქართველომ უნდა შეასრულოს 12 პუნქტი, რომელიც მოგცათ ევროკომისიამ და ჩვენ ამაში დაგეხმარებით, თუმცა სამუშაო შესასრულებელია საქართველოს მხრიდან და უნდა იყოს ნაჩვენები მზაობა.  ასევე, სააკაშვილის დახმარება იქნება პოზიტიური სიგნალი და ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ ამ საკითხზე. პოზიტიურად ვართ განწყობილი თქვენ მიმართ და ამ სლავკოვის ფორმატით ყველაფერს გააკეთებენ თქვენს მხარდასაჭერად“, – განაცხადა ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მარკეტა პეკაროვაადამოვამ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend