მთავარიდღის ამბებიპრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლა და პოლიტიკური შეფასებები

პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლა და პოლიტიკური შეფასებები

ცამეტწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ძირითადად საქართველოს ევროინტეგრაციაზე ისაუბრა. მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აქცენტები საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე გააკეთა და ევროპარლამენტარებს ჩვენი ქვეყნის უფრო მეტად მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მკაფიოდ თქვა, რომ ქართველი ხალხი უკრაინის გვერდით დგას და რომ პრეზიდენტი ზელენსკის მეთაურობით უკრაინა ახლა მათ შორის საქართველოსთვისაც იბრძვის. სალომე ზურაბიშვილმა თავისი გამოსვლა ქართულ მედიასთან შეაჯამა და თქვა რომ მის ამ გამოსვლას მოჰყვა მიცემული პირობა, რომ მალე საქართველოში ევროკავშირის სტრუქტურების უმაღლესი პირები ჩამოვლენ.

„მე ყოველთვის ვარ ოპტიმისტი და საერთოდ, ოპტიმიზმი ამართლებს. მინდა ვთქვა, რომ ჩემი შეხვედრები გუშინ და დღეს მაძლევს იმის იმედს, რომ შეიძლება ვიყოთ ოპტიმისტი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი გამართულად გვაქვს და არაფერი არ გვაქვს გასაკეთებელი. ძალიან კარგად ვიცით, რა გვაქვს გასაკეთებელი. ყველას თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს ამ გზაზე და ყველამ თუ ყველაფერი გააკეთა, ძალიან დიდი შანსია, რომ ჩვენ გვცნონ და მოგვცენ ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის. პირობას ვერ დავარქმევ, მაგრამ შარლ მიშელმაც და ურსულა ფონ დერ ლაინმაც, ორივემ თქვეს, რომ აპირებენ ჩამოსვლას. ასევე [ევრო] პარლამენტის თავმჯდომარეც აპირებს ჩამოსვლას. ეს სამი ადამიანი თუ ჩამოდის ჩვენთან მომავალი თვეების მანძილზე, ამ ექვს თვეში, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოზე არ უთქვამთ უარი და ხედავენ რამდენად მნიშვნელოვანია. ეს არ უნდა გამოვიყენოთ და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ შეგვიძლია მოვიქცეთ ცუდად. ასევე, ვისაც ჰგონია, ან ეგონა, რომ ბრიუსელში ჩამოსვლისას შეიძლებოდა რამე მეთქვა ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, ე.ი. ჯერ არ მიცნობენ და ჯობია გამიცნონ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ამ ისტორიული მნიშვნელობის გამოსვლას, საქართველოში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებს უთხრა ის, რის მიტანასაც აქამდე ხელისუფლებაც ცდილობდა. მისივე თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციის ამ კონკრეტულ ეტაპზე უკვე ყველაფერი სათანადოდ გააკეთა და ახლა გადაწყვეტილება ევროკავშირის ხელშია.

„იქნება ეს ისტორიული თუ ზოგადად, უახლოესი წარსულიდან გამომდინარე, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირთან დაახლოების მხრივ წინსვლა ჰქონდეს, მიიღოს სტატუსი და არამხოლოდ, არამედ გაიხსნას მოლაპარაკება წევრობასთან დაკავშირებით. ასე, რომ ახლა ბურთი არის ევროკავშირის მოედანზე. ჩვენი მხრიდან ყველაფერი არის გაკეთებული. თუკი ავიღებთ და შევადარებთ ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას და ამ მხრივ შევხედავთ საკითხს, რა თქმა უნდა, საქართველო ჯერ არ არის იმ დონეზე მზად, რომ ევროკავშირის წევრი იყოს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ჯერჯერობით კანდიდატობაზე. თუ შევადარებთ სხვა კანდიდატ ქვეყნებს, საქართველო ყველანაირად იმსახურებს, რომ იყოს ევროკავშირთან დაახლოების იგივე ეტაპზე, სადაც კანდიდატი ქვეყნები არიან. ასე რომ, ახლა ბურთი არის ევროკავშირის მოედანზე და სინამდვილეში, დღეს ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორ ხედავს ის საკუთარ მომავალს ამ რეგიონში, როგორ ხედავს საკუთარ მომავალს საქართველოსთან მიმართებით“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით სწორი გზავნილები – ასე შეაფასა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა უმრავლესობამ, პრეზიდენტის განცხადებები. დეპუტატების ნაწილი კი ახლა პრეზიდენტისგან კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს მოელიან. მათ შორის „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალებას.

“იყო გარკვეული სწორი გზავნილები, თუმცა დიდი მოლოდინი არ მქონია. სიმართლე გითხრათ, სალომე ზურაბიშვილი მიეჩვია “ნახევარ სიმართლით” ლაპარაკს. ვიღაცებს ეს მოსწონთ და უკრავენ ტაშს, მე არ მომწონს, როცა პრეზიდენტი “ნახევარ სიმართლეს” საუბრობს. როცა ამბობს, რომ ევროპულ კურსს ხელისუფლება უქმნის საფრთხეს, ხელისუფლება არ არის ღარიბაშვილი და კობახიძე, ევროპელები არ ტყუვდებიან, ძალიან კარგად იციან, რომ არაფორმალური მმართველი არის ბიძინა ივანიშვილი. საუბრობდა ევროპულ დემოკრატიაზე, მაგრამ სიტყვის თავისუფლებაზეც დგას ევროპული დემოკრატია და გვარამია რომ ივანიშვილის პირადი ტყვეა? კობახიძემ გააფრთხილა წითელი ხაზი არ გადაკვეთოო, რაც მათთვის ივანიშვილია და არა საქართველოს ეროვნული ინტერესი და მე ვერ ვხედავ, რომ ივანიშვილს უპირისპირდება რაიმე ფორმით ზურაბიშვილი”,- განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.

თითქმის ორმოცწუთიან გამოსვლაში, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს და ქართველი ხალხის ურყევ ევროპულ არჩევანსა და ევროკავშირისგან მეტი მხარდაჭერის მიღების მოლოდინებზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის ევროსტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირებთან ოფიციალური შეხვედრები დასრულებულია.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend