ესპანეთმა მემარჯვენე კურსი აირჩია კვირას, 28 მაისს გამართულ მუნიციპალურ და რეგიონულ არჩევნებში. პოპულარულმა მემარჯვენე ცენტრისტულმა პარტიამ, რომელსაც ალბერტო ნუნიეს ფეიხოო უდგას სათავეში, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
„ხალხის პარტიამ“ ესპანეთის ათი ყველაზე დიდი ქალაქიდან შვიდში გაიმარჯვა. მათ მოიპოვეს ძალაუფლება მადრიდის როგორც მუნიციპალიტეტში, ისე მის რეგიონებში. მემარცხენეებს ვალენსიისა და სევილიის მუნიციპალიტეტებიც წაართვეს. არჩევნების შედეგი დიდი დარტყმაა მოქმედი პრემიერის პედრო სანჩესის პარტიისთვის და ნათლად გამოხატავს ხალხის უკმაყოფილებას მთავრობის მიმართ.
იმ დროს, როდესაც ცენტრისტული პარტია თითქმის მთლიანად გაქრა პოლიტიკური რუკიდან, ულტრამემარჯვენეებმა მოახერხეს და სამჯერ გაზარდეს მანდატების რაოდენობა.
კიდევ ერთი დამარცხებული ადა კოლაუ, რომელიც აქამდე ბარსელონის მერის თანამდებობას იკავებდა და რომელსაც მემარცხენე ძალები უჭერდნენ მხარს, სავარაუდოდ, მანდატს დაკარგავს. გაიმარჯვა დამოუკიდებელმა კოალიციამ „ერთად კატალონიისთვის“, რომელსაც ხავიერ ტრიასი უდგას სათავეში. თუმცა ალიანსის გამო, რომელიც შესაძლოა შეიქმნას, ჯერჯერობით უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს მუნიციპალიტეტს.